მოლაპარაკების დაწყების მცდელობაზე უარის მიღების შემდეგ, Choice Hotels International Inc.-ის მენეჯმენტმა Wyndham Hotels & Resorts Inc.-ის „მტრული შთანთქმის“ სახით შეძენა გადაწყვიტა.
გუშინ Comfort Inn-ის, Radisson-ისა და სხვა სასტუმროების ოპერატორის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ თავიანთ შეთავაზებას უშუალოდ Wyndham-ის აქციონერებს გაუგზავნიან.
რას სთავაზობს Choice Wyndham-ის აქციონერებს
Choice Hotels-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ კომპანია Wyndham-ის ინვესტორებს სთავაზობს $49.50-ს ნაღდი ფულით და Choice-ის ჩვეულებრივი აქციების 0,324 წილს მათ მფლობელობაში არსებული Wyndham-ის თითოეული აქციის სანაცვლოდ. Choice Hotels-ის 16 ოქტომბრის (პირვანდელი შეთავაზების თარიღი) აქციების ფასზე დაყრდნობით მთლიანობაში გამოდის, რომ Choice Wyndham-ის თითო აქციისთვის დაახლოებით $90-ს იხდიდა, რაც Wyndham-ის აქციების იმდროინდელი ფასიდან — $69.10-დან 30%-იან პრემიას წარმოადგენდა.
გარდა ამისა, წინადადება მოიცავს შეთავაზების დავიანების მარეგულირებელ „საკომისიო გადასახადს“ — 45 ცენტს Wyndham-ის თითო აქციაზე თვეში, რაც მთლიანობაში თვიურად $38 მილიონს შეადგენს. ამის გათვალისწინებით, ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ საბოლოოდ გარიგების ღირებულება დაახლოებით $7.8 მილიარდს მიაღწევს.
ამასთან, Choice-ის მენეჯმენტმა გაამჟღავნა, რომ კომპანია ფლობს Wyndham-ის $1.5 მილიონ აქციას, რომლის საერთო ღირებულებაც დაახლოებით $110 მილიონს შეადგენს.
Choice Hotels-ის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ 14 ნოემბერს Wyndham-ს შესთავაზეს ზუსტად იგივე გარიგება და დამატებით ორი ადგილი კომბინირებული კომპანიის დირექტორთა საბჭოში. ერთი კვირის შემდეგ, Wyndham-ის საბჭომ ეს წინადადება უარყო და მას უკან გადადგმული ნაბიჯი უწოდა.
Choice Hotels-ის აღმასრულებელმა დირექტორმა — პატრიკ პესიუსმა განაცხადა, რომ მის გუნდს ერჩივნა, Wyndham-ის დირექტორთა საბჭოსთან შეთანხმებას მიეღწია, თუმცა ახლა მათ სხვა არჩევანი არ დარჩათ, გარდა იმისა, რომ უშუალოდ Wyndham-ის აქციონერებს მიმართონ.
დამტკიცების შემთხვევაში, გაერთიანებულ კომპანიას მთელი მსოფლიოს მასშტაბით 16,000-ზე მეტი საკუთრება ექნება. Choice Hotels-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ შეთავაზებას ვადა ეწურება 2024 წლის 8 მარტს.
ანალიტიკოსების შეფასებები
Choice-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $112.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 7 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $128.86-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $143.00-ს, ხოლო მინიმალური — $115.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Choice-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 15.5%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 7 ანალიტიკოსიდან 2-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 3-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 2-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Wyndham-ის აქციების ამჟამინდელი ფასი კი დაახლოებით $78.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 7 ანალიტიკოსი აფასებს და აქციებს ყველა მათგანი ყიდვის რეკომენდაციას ანიჭებს. საშუალო სამიზნე ფასი $87.71-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $94.00-ს, ხოლო მინიმალური — $83.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Wyndham-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 12%-იან ზრდას გულისხმობს.