ხუთშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, RH-მა (ადრე ცნობილი, როგორც Restoration Hardware) მოსალოდნელზე სუსტი კვარტალური ანგარიში წარადგინა. პარასკევს კი სახლის ძვირადღირებული ავეჯის კომპანიის აქციების ფასი 14%-ით შემცირდა. მიმდინარე წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 4%-ით არის დაკლებული.
საბინაო ბაზარი გაყინულია
გასულ კვარტალში RH-ის შემოსავალი წლიდან წლამდე 14%-ით — $751 მილიონამდე შემცირდა და ეს მაჩვენებელი ჩამორჩა უოლ სტრიტის ანალიტიკოსების პროგნოზს — $756.73 მილიონს. თითო აქციაზე ზარალმა $0.42 შეადგინა, რაც ბევრად უარესი იყო, ვიდრე ანალიტიკოსების პროგნოზი — $0.95-ის ოდენობით EPS (მოგება თითო აქციაზე).
აქციონერებისადმი განკუთვნილ წერილში კომპანიის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ საპროცენტო განაკვეთების ზრდამ არსებული სახლის მესაკუთრეთა უმეტესობა უზრუნველყო საკმარისად დაბალი იპოთეკური განაკვეთებით იმისთვის, რომ მათ სხვაგან გადასვლა არ მოისურვონ.
მენეჯმენტის კომენტარში, რომელიც გაყიდვების ცუდ გარემოს აჯამებდა, ნათქვამია: „ჩვენ მოველით, რომ არსებული საბინაო ბაზარი გაყინული დარჩება მანამ, სანამ საპროცენტო განაკვეთები და/ან სახლის ფასები მნიშვნელოვნად დაეცემა“.
გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ RH თავისი პროდუქციის კატალოგის გამოშვებას პირველ კვარტლამდე გადადებს, ხოლო მარაგების დონის შესამცირებლად ფასდაკლებებსა და რეკლამირებას გამოიყენებს.
შეიძინეთ მაშინ, როდესაც სხვებს ეშინიათ
ანალიტიკოსთა ერთი ჯგუფის აზრით, ნეგატიური სიახლეები ხელსაყრელ შესაძლებლობას ქმნის. Wells Fargo-ს ანალიტიკოსი — ზაქარი ფადემი და მისი გუნდი მიიჩნევენ, რომ სანამ RH-ის ბიზნესი ჯერ კიდევ რთულ მდგომარეობაშია, შესაძლოა, კომპანიის აქციების ფასის ვარდნამ ინვესტირების შესანიშნავი შესაძლებლობა შექმნას.
Barron’s-ის ინფორმაციის თანახმად, ანალიტიკოსები თვლიან, რომ ფედერალური სარეზერვო ბანკის (Fed) წარმომადგენლების შემდეგი ნაბიჯი საპროცენტო განაკვეთების შემცირება იქნება და ამან შეიძლება RH-ის ბიზნესის მდგომარეობის შემობრუნება გამოიწვიოს.
თუმცა მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კონკრეტული აქციების შეძენის გადაწყვეტილება მხოლოდ სხვების, თუნდაც უოლ სტრიტის ანალიტიკოსების მოსაზრებაზე არ უნდა იყოს დაყრდნობილი და თითოეულმა ინვესტორმა, ინვესტირებამდე, საკუთარი კვლევა უნდა ჩაატაროს.
RH-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $242.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 12 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $296.50-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $341.00-ს, ხოლო მინიმალური — $260.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი RH-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 22.5%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 12 ანალიტიკოსიდან 4-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 8-მ — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.