GameStop-მა კვარტალური ანგარიში ოთხშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, წარადგინა. გუშინ კი ვიდეო თამაშების გამყიდველი კომპანიის აქციების ფასი 10%-ზე მეტით გაიზარდა. მიმდინარე წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 5%-ით არის შემცირებული.
მესამე კვარტალში GameStop-ის შემოსავალი წლიდან წლამდე 9.1%-ით — $1.078 მილიარდამდე შემცირდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $1.18 მილიარდი). კორექტირებულმა EPS-მა (მოგება თითო აქციაზე) კი $0.0034 შეადგინა (პროგნოზი — -$0.08).
ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ მიღებული პრინციპების (GAAP) მიხედვით გამოთვლისას კომპანიამ თითო აქციაზე $0.01-ის ოდენობით ზარალ დააფიქსირა, მაგრამ ამ მაჩვენებელმა ანალიტიკოსების პროგნოზს $0.08-ით აჯობა.
GameStop-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ ევროპაში გაყიდვები 12.8%-ით გაიზარდა მიწოდების შეზღუდვების შემსუბუქების გამო. თუმცა ეს მაჩვენებელი ავსტრალიაში 16.8%-ით შემცირდა, აშშ-ში — 13.3%-ით, ხოლო კანადაში — 9.7%-ით.
GameStop-ის წარმომადგენლების თქმით, გაყიდვების მთლიანი ვარდნა ძირითადად გამოწვეულია წლიდან წლამდე ტექნიკისა და აქსესუარების კატეგორიაში 7.6%-იანი ($47.6 მილიონი) კლებით, საკოლექციო ნივთების სეგმენტში — 14.3%-იანი ($29.7 მილიონი) შემცირებით და ახალი პროგრამული უზრუნველყოფის გაყიდვებში 7.5%-იანი ($18 მილიონი) ვარდნით.
თუმცა GameStop-ის მენეჯმენტმა აღნიშნა, რომ კომპანიამ გაყიდვების, ზოგადი და ადმინისტრაციული ხარჯები 24%-ით — $296.5 მილიონამდე შეამცირა.
კომპანიის წარმომადგენლებმა ასევე განაცხადეს, რომ საბჭომ სამშაბათს დაამტკიცა ახალი საინვესტიციო პოლიტიკა, რომელიც GameStop-ს საშუალებას აძლევს, სხვა სახის ინვესტიციებთან ერთად, ფული დააბანდოს წილობრივ ფასიან ქაღალდებში. ეს ნაბიჯი GameStop-ის თავმჯდომარესა და აღმასრულებელ დირექტორს — რაიან კოენს ფირმის საინვესტიციო პორტფელის მართვის უფლებას აძლევს.
GameStop-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $16.40-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის მხოლოდ 1 ანალიტიკოსი აფასებს და იგი აქციებს გაყიდვის რეკომენდაციას ანიჭებს. მისი სამიზნე ფასი $6.00-ს შეადგენს, რაც GameStop-ის აქციების მიმდინარე ფასიდან დაახლოებით 63.3%-იან შემცირებას გულისხმობს.