ოთხშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, C3.ai-მ კვარტალური ანგარიში წარადგინა. გუშინ კი ხელოვნური ინტელექტის (AI) აპლიკაციის პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიის აქციების ფასი თითქმის 11%-ით შემცირდა. მიმდინარე წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 135%-ით არის გაუმჯობესებული.
ფისკალური 2024 წლის მეორე კვარტალში C3.ai-ის შემოსავალმა $73.2 მილიონი შეადგინა. მიუხედავად იმისა, რომ ეს მაჩვენებელი წლიდან წლამდე 17%-ით გაიზარდა, ის ჩამორჩებოდა უოლ სტრიტის ანალიტიკოსების საშუალო პროგნოზს — $74.3 მილიონს.
კორექტირებულმა წმინდა ზარალმა თითო აქციაზე $0.13-ს მიაღწია (პროგნოზი — -$0.18). შედარებისთვის, გასული წლის იმავე კვარტალში ამ მაჩვენებელმა -$0.11 შეადგინა.
ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ მიღებული პრინციპების (GAAP) მიხედვით გამოთვლილი ზარალი თითო აქციაზე კი $0.59 იყო, რამაც ანალიტიკოსების პროგნოზს $0.02-ით აჯობა.
განსაკუთრებით რა არ მოეწონათ ინვესტორებს C3.ai-ის კვარტალურ ანგარიშში?
შერეული კვარტალური შედეგები არც ისე კარგია, მაგრამ ეს ყოველთვის არ იწვევს აქციების ფასის ისე კლებას, როგორც ეს C3.ai-ის შემთხვევაში მოხდა. როგორც ჩანს, ინვესტორებს განსაკუთრებით არ მოეწონათ კომპანიის უახლოესი ფინანსური პერსპექტივა.
C3.ai-ის მენეჯმენტი მოელის, რომ ფისკალური 2024 წლის მესამე კვარტალში შემოსავალი $74-$78 მილიონს შეადგენს. ამ დიაპაზონის შუა წერტილი ($76 მილიონი) ანალიტიკოსების საშუალო პროგნოზს — $77.7 მილიონს ჩამოუვარდება. ხელოვნური ინტელექტის პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიაში ასევე მოელიან, რომ მთელი წლის შემოსავალი $295-$320 მილიონს მიაღწევს (შუა წერტილი — $307.5 მილიონი), უოლ სტრიტის პროგნოზი კი $307.9 მილიონია.
C3.ai-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $26.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 12 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $28.50-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $40.00-ს, ხოლო მინიმალური — $14.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი C3.ai-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 9.5%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 12 ანალიტიკოსიდან 3-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 6-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 3-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.