Take-Two Interactive Software-ის აქციების ფასი 2%-ით შემცირდა მას შემდეგ, რაც Bank of America-მ ბაზარზე გააჩინა ეჭვი ვიდეო თამაშის — “Grand Theft Auto VI”-ის (GTA 6) მოსალოდნელი გამოსვლის თარიღთან დაკავშირებით. მიმდინარე წლის განმავლობაში ვიდეო თამაშების ამერიკული კომპანიის აქციების ფასი დაახლოებით 50%-ით არის გაუმჯობესებული.
BofA-ს ანალიტიკოსებმა Take-Two Interactive-ის ყიდვის რეკომენდაცია გაყიდვის ნეიტრალური რეიტინგით შეცვალეს, რადგან, მათი აზრით, ცნობილი ვიდეო თამაშის ახალი ვერსია შეიძლება არ გამოვიდეს 2025 წლის მარტში, როგორც ამას ბევრი მოელოდა. ანალიტიკოსების — ომარ დესუკისა და არტურ ჩუს განმარტებით, GTA 6-ის 5 დეკემბერს გავრცელებულ თრეილერში ნათქვამი იყო, რომ თამაში 2025 წელს გამოვა.
BofA-ში კი ფიქრობენ, რომ ასეთი ზოგადი განცხადება ინტერპრეტაციისთვის სივრცეს ტოვებს. გარდა ამისა, Take-Two Interactive-ის შვილობილ Rockstar-ს არაერთხელ გადაუდია ვიდეო თამაშების გამოშვების თარიღი. ახლა ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ GTA 6 2025 წლის შემოდგომაზე გამოვა.
BofA-ს გუნდმა აღნიშნა, რომ Take-Two-ს ფისკალური 2025 წლის პროგნოზებში GTA 6-ის გამოშვებით გამოწვეული ეფექტიც არის გათვალისწინებული. ისინი ვარაუდობენ, რომ 2024 წლის აგვისტომდე ეს შეფასებები დაახლოებით 20%-ით შემცირდება.
ომარ დესუკიმ და არტურ ჩუმ ასევე თქვეს, რომ თრეილერზე და ადრე გავრცელებულ კადრებზე დაყრდნობით საკმარისი ინფორმაცია არ არსებობს GTA 6-ის ხარისხის შესახებ იმისთვის, რომ GTA Online-ს მრავალმილიარდიანი პერსპექტივა მიენიჭოს.
Take-Two Interactive-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $154.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 19 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $166.16-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $175.00-ს, ხოლო მინიმალური — $151.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Take-Two Interactive-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 8%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 19 ანალიტიკოსიდან 16-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 3-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.