გუშინ Alphabet-ის აქციების ფასი 5%-ზე მეტით გაიზარდა მას შემდეგ, რაც ბაზარი ტექნოლოგიური გიგანტის ხელოვნური ინტელექტის (AI) უახლესი და ყველაზე ეფექტიანი მოდელის — Gemini-ის გამოშვებას აღფრთოვანებით შეხვდა. შედარებისთვის, კომპანიის პირველი ჩეთბოტი — Bard, რომელიც თებერვალში გამოვიდა, ბაზარმა თავდაპირველად ცუდად მიიღო.
მიმდინარე წლის განმავლობაში Alphabet-ის აქციების ფასი დაახლოებით 54%-ით არის გაუმჯობესებული.
Alphabet AI სივრცეში პოზიციებს ამყარებს
ტექნოლოგიური კომპანიების აღმასრულებელი დირექტორების უმეტესობას სჯერა, რომ გენერაციული AI იქნება შემდეგი ტრანსფორმაციული ტექნოლოგია და „ნადავლს“ ინდუსტრიის გამარჯვებული (ან გამარჯვებულები) დაეპატრონება.
აქამდე OpenAI, თავის პარტნიორ Microsoft-თან ერთად, ამ მიმართულებით ლიდერად აღიქმებოდა, მაგრამ Alphabet-მა, Gemini-ის გამოშვებით, ამ რეალობის შესაცვლელად მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. Alphabet-ის წარმომადგენლების თქმით, Gemini Ultra ჯობნის GPT-4-ს რიგ დავალებებში, როგორებიც არის ზოგადი ცოდნა, მსჯელობა, მათემატიკა და კოდირება.
Alphabet-ში ასევე განაცხადეს, რომ Gemini არის პირველი მოდელი, რომელმაც აჯობა ადამიანურ ექსპერტებს Massive Multitask Language Understanding-ში (MMLU), რომელიც ხელოვნური ინტელექტის მოდელების შესაძლებლობების შესამოწმებლად პოპულარულ გზას წარმოადგენს. Gemini 1.0 ახლა სხვადასხვა პლატფორმაზე ეშვება. კომპანიაში მოელიან, რომ უახლოეს თვეებში ის ხელმისაწვდომი იქნება Alphabet-ის მეტ პროდუქტში, როგორიცაა Search და Chrome.
შეუძლია Gemini-ს „თამაშის წესების“ შეცვლა?
ამაზე საუბარი ნაადრევია. ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგია ჯერ კიდევ სწრაფად ვითარდება და, შესაძლოა, OpenAI-მ ან სხვა AI კომპანიამ მალე რაღაც უკეთესი გამოუშვას.
თუმცა Alphabet-ის აქციონერებისთვის აშკარად წამახალისებელია ის ფაქტი, რომ კომპანია AI რბოლაში უმოქმედოდ არ არის და, სავარაუდოდ, ის ერთ-ერთი ლიდერის პოზიციას შეინარჩუნებს. საინტერესოა, როგორ განვითარდება მოვლენები და მომავალში რა შესაძლებლობებს შემოგვთავაზებს Gemini.
Alphabet-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $137.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 31 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $153.41-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $180.00-ს, ხოლო მინიმალური — $129.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Alphabet-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 12%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 31 ანალიტიკოსიდან 25-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 6-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.