ოქრო კაცობრიობის ისტორიის მანძილზე დიდი პოპულარობით გამოირჩეოდა. დღეს კი მას ინვესტორები ხშირად იყენებენ რთულ პერიოდებში თავის დასაზღვევად და საინვესტიციო პორტფელის დივერსიფიკაციისთვის. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში ამ ძვირფასი ლითონის ფასმა რეკორდულ მწვერვალს მიაღწია, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას გარკვეული ხერხით გავზომავთ.
მართალია, ორშაბათს უნცია ოქრომ ყველაზე მაღალ ღირებულებას — $2,100-ს მიაღწია მანამ, სანამ ის $2,030-მდე შემცირდებოდა. თუმცა თუ დოლარის ისტორიულ მსყიდველუნარიანობას გავითვალისწინებთ, ოქროს ფასმა ფაქტობრივად პიკს 1980 წელს მიაღწია, როდესაც ის $800-მდე გაიზარდა. ეს მაჩვენებელი დღევანდელ პირობებში $2,600-ს გაუტოლდებოდა.
ანალიტიკოსები ოქროს ფასის ზრდას მიაწერენ ინვესტორების მოსაზრებას, რომ უახლოეს თვეებში ფედერალური სარეზერვო ბანკი (Fed) შეამცირებს საორიენტაციო საპროცენტო განაკვეთებს, რადგან ის ანტიინფლაციურ კამპანიას შეწყვეტს.
საპროცენტო განაკვეთების შემცირებამ, შესაძლოა, დაღმავალი ზეწოლა იქონიოს მსოფლიოს სხვა ვალუტებთან შედარებით დოლარის ღირებულებაზე. ამ შესაძლებლობამ ოქრო ოდნავ უფრო ბრწყინვალე გახადა ინვესტორების თვალში, რადგან ის ზოგჯერ განიხილება ჰეჯირების კარგ საშუალებად მაშინ, როდესაც დოლარის ღირებულება ეცემა.
ოქროს ფასი მართლაც ზოგჯერ იზრდებოდა მაშინ, როდესაც ინვესტორებს ინფლაციით შექმნილი რეალობა აწუხებდათ — სწორედ ამან გამოიწვია 1980 წლის ოქროს ბუმი.
„მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ოქრო ინფლაციის წინააღმდეგ ჰეჯირების კარგ საშუალებად ჩანდეს, ის მხოლოდ ინფლაციის ტემპთან შესაბამისობაში გეხმარებათ იმ შემთხვევაში, თუ მას სწორ დროს იყიდით“ — ამბობს Deutsche Bank-ის კვლევის სტრატეგი — ჯიმ რეიდი.