Warner Bros. Discovery-ის (WBD) მენეჯმენტმა განაცხადა, რომ კომპანიამ გააფორმა ახალი მრავალწლიანი კონტრაქტი A24-თან, რათა ამ დამოუკიდებელი სტუდიის ფილმები ხელმისაწვდომი იყოს ექსკლუზიურად WBD-ის HBO, Max და Cinemax პლატფორმებზე.
A24 არის გართობის ინდუსტრიის დამოუკიდებელი ამერიკული კომპანია, რომელიც სპეციალიზებულია კინოსა და სატელევიზიო წარმოებაში, ასევე ფილმების დისტრიბუციაში.
WBD-თან გარიგება მოიცავს A24-ის შეთავაზებებს, როგორებიც არის “Priscilla”, “Dream Scenario” და “The Iron Claw”.
გარდა ამისა, WBD-ის მენეჯმენტმა აღნიშნა, რომ ორმა კომპანიამ გაახანგრძლივა სალიცენზიო ხელშეკრულება, რათა A24-ის ფილმების ბიბლიოთეკა HBO-სა და Max-ზე ყოფილიყო ხელმისაწვდომი. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, ახალი და არსებული ბიბლიოთეკების შეთავაზების ფარგლებში, WBD-ის გამომწერებს წვდომა ექნებათ A24-ის 100-ზე მეტ ფილმზე.
ეს ნაბიჯი ეფუძნება გართობის ინდუსტრიის ორი კომპანიის 2022 წლის შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც A24 ფილმების სტრიმინგს უზრუნველყოფდა Max, რომელიც მაშინ ცნობილი იყო, როგორც HBO Max.
WBD-ის კონტენტის შესყიდვის განყოფილების აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა — როის ბეტლმენმა განაცხადა, რომ A24-თან ურთიერთობის გაგრძელება HBO-სა და Max-ის შეთავაზებებს წარმოუდგენელ ფასეულობას მატებს.
აღსანიშნავია, რომ ჯერჯერობით არც ფინანსური პირობები და არც შეთანხმების ხანგრძლივობა არ გახმაურებულა.
გუშინ, ამ სიახლის შემდეგ, WBD-ის აქციების ფასი თითქმის 0.5%-ით გაიზარდა. მიმდინარე წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 15%-ით არის გაუმჯობესებული.
Warner Bros. Discovery-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $11.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 16 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $16.62-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $24.00-ს, ხოლო მინიმალური — $10.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Warner Bros. Discovery-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 52%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 16 ანალიტიკოსიდან 11-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 5-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.