გუშინ საფონდო ბირჟა მოიცვა საინტერესო სიახლეებმა, რომლებმაც სხვადასხვა კომპანიის აქციებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის MongoDB, Lovesac, SentinelOne და Asana.
MongoDB
სამშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, MongoDB-მ ძლიერი კვარტალური ანგარიში წარადგინა. თუმცა გუშინ მონაცემთა ბაზების პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიის აქციების ფასი 10%-ზე მეტით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 103%-ით არის გაუმჯობესებული.
ფისკალური 2023 წლის მესამე კვარტალში, რომელიც 31 ოქტომბერს დასრულდა, MongoDB-ის შემოსავალი წლიდან წლამდე $432.9 მილიონამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $406.34 მილიონი). კორექტირებულმა წმინდა მოგებამ $79.1 მილიონი შეადგინა, ანუ კორექტირებული EPS (მოგება თითო აქციაზე) $0.96 იყო (პროგნოზი — $0.50). GAAP-ის (ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ მიღებული პრინციპები) მიხედვით გამოთვლისას კომპანიამ თითო აქციაზე $0.41-ის ოდენობით ზარალი დააფიქსირა, თუმცა ამ მაჩვენებელმა უოლ სტრიტის ანალიტიკოსების პროგნოზს $0.62-ით გადააჭარბა.
შემოსავალი MongoDB Atlas-დან, კომპანიის სრულად მართული ქლაუდ მონაცემთა ბაზის პლატფორმიდან, წლიდან წლამდე 36%-ით გაიზარდა და მთლიანი კვარტალური შემოსავლის 66% შეადგინა. გარდა ამისა, MongoDB-ის მომხმარებელთა საერთო რაოდენობამ 18.7%-ით მოიმატა და 46,400-ს გადააჭარბა. იმ მომხმარებელთა რაოდენობა, რომლებსაც კომპანიისთვის მინიმუმ $100,000-ის ოდენობით ARR (ყოველწლიური განმეორებადი შემოსავალი) მოაქვთ, წლიდან წლამდე 28%-ით — 1,972-მდე გაიზარდა.
MongoDB-ის აღმასრულებელმა დირექტორმა — დევ იტიჩერიამ განაცხადა: „MongoDB აშკარად ჩამოყალიბდა, როგორც ნებისმიერი ორგანიზაციის ტექნიკური ჯგუფის შეუცვლელი ნაწილი, რომელიც ორიენტირებულია, პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების გზით, გრძელვადიანი კონკურენტული დიფერენციაციის შექმნაზე“.
MongoDB-მ ასევე მიაღწია მნიშვნელოვან ეტაპს პოზიტიური ფულადი სახსრების ნაკადის დაფიქსირებით. ამ მაჩვენებელმა $38.4 მილიონს მიაღწია, ხოლო თავისუფალმა ფულადმა ნაკადებმა — $35 მილიონს. შედარებისთვის, გასული წლის იმავე კვარტალში, ამ უკანასკნელმა -$8.4 მილიონი შეადგინა.
რაც შეეხება მომავალს, MongoDB-ის მენეჯმენტი მოელის, რომ მიმდინარე კვარტალში, რომელიც იანვარში დასრულდება, კომპანიის შემოსავალი $429-$433 მილიონს მიაღწევს, ხოლო კორექტირებული EPS — $0.44-$0.46-ს. ეს ორივე დიაპაზონი საკმაოდ აღემატება უოლ სტრიტის ანალიტიკოსების საშუალო პროგნოზებს, რომლებიც, შესაბამისად, $414 მილიონს და $0.37-ს შეადგენს.
გარდა ამისა, MongoDB-ში ახლა მოელიან, რომ მთელი ფისკალური წლის განმავლობაში შემოსავალი $1.654-$1.658 მილიარდს მიაღწევს (წინა პროგნოზი — $1.596-$1.608 მილიარდი), ხოლო EPS — $2.89-$2.91-ს (ძველი პროგნოზი — $2.27-$2.3).
MongoDB-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $387.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 22 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $462.50-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $500.00-ს, ხოლო მინიმალური — $400.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი MongoDB-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 19.4%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 22 ანალიტიკოსიდან 19-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 3-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Lovesac
გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Lovesac-მა მოსალოდნელზე უკეთესი კვარტალური შედეგები წარადგინა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი ავეჯის საცალო ვაჭრობის კომპანიის აქციების ფასი 12%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 7%-ით არის გაუმჯობესებული.
ფისკალურ მესამე კვარტალში Lovesac-ის შემოსავალი წლიდან წლამდე 14.3%-ით — $154 მილიონამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $153.81 მილიონი). GAAP-ის მიხედვით ზარალმა $2.3 მილიონი შეადგინა, ანუ ზარალი თითო აქციაზე $0.15 იყო (პროგნოზი — -$0.3).
Lovesac-ის შემოსავლის ზრდა განპირობებული იყო შოურუმების წმინდა გაყიდვების 18.9%-იანი მატებისა და ონლაინ გაყიდვების 20.1%-იანი ზრდის კომბინაციით. კომპანიამ გასული კვარტალი 230 შოურუმით დაასრულა, გასული წლის იმავე მეოთხედში ეს მაჩვენებელი 189-ს შეადგენდა.
Lovesac-ის აღმასრულებელმა დირექტორმა — შონ ნელსონმა განაცხადა, რომ კომპანიამ სადღესასწაულო სავაჭრო სეზონი შესანიშნავად დაიწყო და კონკურენტებისგან ბაზრის წილის მოპოვება განაგრძო.
მიუხედავად ამისა, Lovesac-ის მენეჯმენტმა მთელი წლის პროგნოზები შეამცირა. ახლა კომპანიაში მოელიან, რომ წმინდა გაყიდვები $710-$720 მილიონს შეადგენს (ძველი პროგნოზი — $710-$730 მილიონი), კორექტირებული EBITDA (მოგება ვალის მომსახურების ხარჯების, გადასახადების, ცვეთისა და ამორტიზაციის გამოკლებამდე) $54-$62 მილიონს მიაღწევს (წინა პროგნოზი — $51-$63 მილიონი), ხოლო EPS $1.35-$1.60 იქნება (ძველი პროგნოზი — $1.21-$1.75). უოლ სტრიტის ანალიტიკოსები კი პროგნოზირებენ, რომ Lovesac-ის წლიური შემოსავალი $715 მილიონს მიაღწევს, ხოლო EPS — $1.47-ს.
Lovesac-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $24.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე მხოლოდ 4 ანალიტიკოსი აფასებს და აქციებს ყველა მათგანი ყიდვის რეკომენდაციას ანიჭებს. საშუალო სამიზნე ფასი $42.67-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $60.00-ს, ხოლო მინიმალური — $24.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Lovesac-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 81%-იან ზრდას გულისხმობს.
SentinelOne
სამშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, SentinelOne-მა მოსალოდნელზე უკეთესი კვარტალური ანგარიში წარადგინა. გუშინ კი კიბერუსაფრთხოების კომპანიის აქციების ფასი 16%-ზე მეტით გაიზარდა. მიმდინარე წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 60%-ით არის გაუმჯობესებული.
ფისკალური 2024 წლის მესამე კვარტალში SentinelOne-ის შემოსავალი 42%-ით — $164.2 მილიონამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $156.09 მილიონი). კორექტირებულმა ზარალმა თითო აქციაზე კი $0.03 შეადგინა (პროგნოზი — -$0.08). GAAP-ის მიხედვით გამოთვლისას ამ მაჩვენებელმა -$0.24-ს მიაღწია, რაც მაინც უკეთესი იყო, ვიდრე ანალიტიკოსების პროგნოზი — -$0.29.
SentinelOne-ის აღმასრულებელმა დირექტორმა — ტომერ ვაინგარტენმა განაცხადა, რომ კომპანიას ხელოვნურ ინტელექტზე (AI) დაფუძნებული კიბერუსაფრთხოების პროდუქტები მოსალოდნელზე უკეთესი შედეგების დაფიქსირებაში ეხმარება.
SentinelOne-ის მთლიანი მარჟა 9 სრული პროცენტული პუნქტით — 73%-მდე გაიზარდა. ხოლო საოპერაციო მოგების მარჟა (მიუხედავად იმისა, რომ ეს მაჩვენებელი უარყოფითია) 40 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა — უარყოფითი 90%-დან უარყოფით 50%-მდე.
მართალია, კომპანია ჯერ ვერ აფიქსირებს მოგებას, მაგრამ მენეჯმენტი მიიჩნევს, რომ მომავალში მდგომარეობა გაუმჯობესდება. SentinelOne-ში მოელიან, რომ ფისკალური 2024 წლის განმავლობაში შემოსავალი $616 მილიონამდე გაიზრდება, რაც უოლ სტრიტის საშუალო პროგნოზს $10 მილიონით აჭარბებს. მენეჯმენტი ასევე პროგნოზირებს, რომ კორექტირებული საოპერაციო მოგების მარჟა 20%-ს შეადგენს.
უოლ სტრიტის თორმეტი ცალკეული ანალიტიკოსი გამოეხმაურა SentinelOne-ის კვარტალურ ანგარიშს — გუშინ დილით მათ კომპანიის აქციების სამიზნე ფასები გაზარდეს.
SentinelOne-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $23.30-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 22 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $25.40-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $33.00-ს, ხოლო მინიმალური — $18.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი SentinelOne-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 9%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 22 ანალიტიკოსიდან 11-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 11-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Asana
სამშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Asana-მ მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური ანგარიში წარადგინა. თუმცა გუშინ სამუშაო პროცესის მართვის პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიის აქციების ფასი თითქმის 17%-ით შემცირდა. მიმდინარე წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 47%-ით არის გაუმჯობესებული.
გასულ კვარტალში Asana-ს შემოსავალი წლიდან წლამდე 18%-ით — $166.5 მილიონამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $164.09 მილიონი). კორექტირებულმა წმინდა ზარალმა კი $8.2 მილიონი შეადგინა, ანუ კორექტირებული ზარალი თითო აქციაზე $0.04 იყო (პროგნოზი — -$0.11).
რატომ შემცირდა აქციების ფასი? Asana-ს თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნა, რომ მაკროეკონომიკური წინააღმდეგობები კომპანიაზე ნეგატიურად ზემოქმედებას განაგრძობს, თუმცა მან დასძინა, რომ სტაბილიზაციის ნიშნებიც გამოჩნდა.
რაც შეეხება მომავალს, Asana-ს მენეჯმენტი მოელის, რომ მიმდინარე კვარტალში შემოსავალი წლიდან წლამდე 11%-12%-ით გაიზრდება და $167-$168 მილიონს მიაღწევს, კორექტირებული ზარალი თითო აქციაზე კი — $0.10-$0.09-ს. ორივე დიაპაზონი ბევრად აღემატება ანალიტიკოსების პროგნოზებს, რომლებიც, შესაბამისად, $166.8 მილიონს და -$0.16-ს შეადგენს.
სრული ფისკალური წლისთვის კი მენეჯმენტი $648.5-$649.5 მილიონის ოდენობით შემოსავალს (ძველი პროგნოზი — $642-$648 მილიონი) და თითო აქციაზე $0.27-$0.26-ის ტოლ ზარალს მოელის (წინა პროგნოზი — -$0.42-$0.39).
Asana-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $19.40-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 13 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $20.75-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $28.00-ს, ხოლო მინიმალური — $10.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Asana-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 7%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 13 ანალიტიკოსიდან 3-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 7-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 3-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.