გუშინ General Motors-ის აქციების ფასი 2%-ზე მეტით გაიზარდა მას შემდეგ, რაც Mizuho Securities-მა კომპანიის აქციების რეიტინგი განაახლა და მისი სამიზნე ფასი გაზარდა რამდენიმე კატალიზატორის საფუძველზე, რომელსაც ფირმა GM-ის ღირებულების გაზრდის საფუძვლად მიიჩნევს.
Mizuho Securities-ის ანალიტიკოსებმა General Motors-ის აქციების ნეიტრალური რეიტინგი ყიდვის რეკომენდაციით შეცვალეს, ხოლო სამიზნე ფასი $38-დან $42-მდე გაზარდეს. ეს მაჩვენებელი GM-ის აქციების მიმდინარე ფასიდან დაახლოებით 27%-იან ზრდას გულისხმობს.
საინვესტიციო ბანკში აღნიშნეს, რომ United Auto Workers-ის (UAW) ექვსკვირიანი გაფიცვა ახლა „უკანა ხედვის სარკეშია“ და GM-ში წარმოება განახლდა. Mizuho-ს ანალიტიკოსები ამტკიცებენ, რომ UAW-თან დადებული ახალი ხელშეკრულების ფარგლებში მოსალოდნელი $1.5 მილიარდის ოდენობით საერთო ხელფასები მომავალ წელს დაახლოებით $2 მილიარდის მოცულობის ფიქსირებული ხარჯების შემცირებით ანაზღაურდება.
ანალიტიკოსებმა ასევე ხაზი გაუსვეს ავტომწარმოებლის განახლებულ გეგმებს, რომლებიც მეტი ელექტრომობილის (EV) წარმოებას გულისხმობს. ეს გადაწყვეტილება კი მომგებიანობაზეა ორიენტირებული. გარდა ამისა, მათ მოეწონათ პაუზა საკრუიზო თვითმართვადი სატრანსპორტო საშუალებების პროგრამაში, რომელსაც კომპანიისთვის ზარალი მოჰქონდა. ამასთან, გასულ კვირას GM-ის მენეჯმენტმა $10 მილიარდის ღირებულების აქციების გამოსყიდვის გეგმა დააანონსა.
Mizuho Securities-ის ანალიტიკოსებმა განაცხადეს, რომ GM-ის წარმატების გასაღები კომპანიის ძლიერი და მრავალფეროვანი პორტფელია. შეფასებების მიხედვით GM-ის სატრანსპორტო საშუალებების პორტფელის 85%-ს ბენზინზე და დიზელზე მომუშავე ჯიპები და პიკაპები შეადგენს. ამასთან კომპანია აშშ-ში დიდი ჯიპების ბაზრის 60%-ს იკავებს, ხოლო მცირე ჯიპების ბაზრის — 46%-ს.
General Motors-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $33.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 19 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $45.75-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $95.00-ს, ხოლო მინიმალური — $27.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი General Motors-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 38.3%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 19 ანალიტიკოსიდან 14-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 4-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.