დეტროიტის Big Three ავტომწარმოებლებთან (დიდი სამეული — General Motors, Ford Motor Company და Chrysler) მოლაპარაკების შემდეგ, პროფკავშირის — United Auto Workers-ის (UAW) წარმომადგენლებმა წამოიწყეს ინიციატივა, რომელიც აშშ-ში 12 ავტომწარმოებლის პროფკავშირის არაწევრი მუშაკების საკუთარ რიგებში გაერთიანებას გულისხმობს.
UAW მიზნად ისახავს, გადმოიბიროს თითქმის 150,000 არაწევრი მუშაკი შემდეგი კომპანიებიდან: Tesla, Toyota, Honda, Hyundai, Nissan, BMW, Mercedes-Benz, Subaru, Volkswagen, Mazda, Rivian, Lucid და Volvo. United Auto Workers-ის წარმომადგენლები მუშაკებს მოუწოდებენ, პროფკავშირში გაერთიანების მიზნით, ხელი ელექტრონულ დოკუმენტებს მოაწერონ.
ყველა მონაწილე ავტომწარმოებელს ან ქარხანას არ აქვს გარანტირებული პროფკავშირში გაერთიანება, რადგან ეს დამოკიდებული იქნება მუშაკებზე, რომლებიც მისცემენ ხმას პროფკავშირის წარმომადგენლობით არჩევნებში.
კონტრაქტები, რომელთა დადებასაც UAW-მა ისტორიული გაფიცვის შემდეგ ახლახან მიაღწია Big Three ავტომწარმოებლებთან, ხელფასების მნიშვნელოვან ზრდას მოიცავდა. United Auto Workers-ის ვებგვერდზე გავრცელებულ ვიდეოში UAW-ის პრეზიდენტმა — შონ ფეინმა მუშაკებს მოუწოდა, პროფკავშირს შეუერთდნენ, რადგან „ფული აქ არის, დრო სწორია, ხოლო პასუხი — მარტივი“.
შონმა თქვა, რომ UAW-ის ნაბიჯი, გაზარდოს წევრების რაოდენობა, პროფკავშირს უფრო გააძლიერებს და 2028 წლისთვის, როდესაც კონტრაქტების განახლების დრო მოვა, შესაძლოა, UAW-მა არა მხოლოდ დიდი სამეული, არამედ დიდი ხუთეული ან ექვსეული მოიცვას.
დიდი სამეულის ავტომწარმოებლებთან UAW-ის შეთანხმებების შემდეგ, რამდენიმე ავტოკომპანიის, მათ შორის Hyundai-ის, Toyota-სა და Hondaს წარმომადგენლებმა თანამშრომლების კომპენსაციის გაზრდის გეგმები დააანონსეს.