Hewlett Packard Enterprise-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ კომპანია გაახანგრძლივებს თანამშრომლობას Nvidia-სთან, რათა გაზარდოს საკუთარი წვდომა გენერაციულ ხელოვნურ ინტელექტზე (AI).
კომპანიის მენეჯმენტის თქმით, შეთანხმება ხელს შეუწყობს ხელოვნური ინტელექტის და ჰიბრიდული ქლაუდ შეთავაზებების შემდეგი სერიის შექმნას. პროდუქტები გააერთიანებს HPE-ის ჰიბრიდულ ქლაუდს, სუპერკომპიუტერს და ხელოვნური ინტელექტის/მანქანების სწავლების პროგრამულ უზრუნველყოფას, რათა ორგანიზაციებს მიეცეთ საშუალება, AI-თი მხარდაჭერილ ბიზნესებად იქცნენ.
Hewlett Packard Enterprise-ის აღმასრულებელმა დირექტორმა — ანტონიო ნერიმ განმარტა, რომ გენერაციული ხელოვნური ინტელექტის წყალობით, ადამიანები საწარმოებში სწრაფად აცნობიერებენ შემდეგს: „მონაცემები და გამოთვლითი მოთხოვნები ხელოვნური ინტელექტის მოდელების ეფექტურად ასამუშავებლად ტექნოლოგიასთან ფუნდამენტურად განსხვავებულ მიდგომას საჭიროებს“. მისი თქმით, HPE-ის ამ ახალი ტექნოლოგიით, მომხმარებლები AI მოდელების შემუშავებას უსაფრთხოდ, საკუთარი მონაცემების საშუალებით შეძლებენ.
მანუვირ დასმა, Nvidia-ს საწარმოთა გამოთვლების განყოფილების ვიცე-პრეზიდენტმა, თქვა, რომ შეთანხმება დაეხმარება მომხმარებლებს, გენერაციული AI-ს სიმძლავრე გაზარდონ.
სავარაუდოდ, HPE-Nvidia პროდუქტები მომავალი წლის პირველი ნახევრის დასაწყისში იქნება ხელმისაწვდომი.
გუშინ, Nvidia-სთან პარტნიორობის გახანგრძლივების დაანონსების შემდეგ, Hewlett Packard Enterprise-ის აქციების ფასი 2%-ზე მეტით გაიზარდა, ხოლო Nvidia-სი — დაახლოებით 3%-ით შემცირდა.
Hewlett Packard Enterprise-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $17.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 11 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $18.20-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $21.00-ს, ხოლო მინიმალური — $15.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Hewlett Packard Enterprise-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 8%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 11 ანალიტიკოსიდან 4-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 7-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Nvidia-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $468.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 34 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $661.00-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $1,100.00-ს, ხოლო მინიმალური — $560.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Nvidia-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 41.3%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 34 ანალიტიკოსიდან 31-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 3-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.