გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Hormel Foods-მა მოსალოდნელზე სუსტი კვარტალური ანგარიში წარადგინა. შედეგად, სავაჭრო დღის განმავლობაში, გლობალური ბრენდირებული კვების კომპანიის აქციების ფასი 4%-ზე მეტით შემცირდა და ამ ნიშნულმა 8-წლიან მინიმუმს მიაღწია. მიმდინარე წლის მანძილზე ეს მაჩვენებელი დაახლოებით 33%-ით არის შემცირებული.
ფისკალური 2023 წლის მეოთხე კვარტალში Hormel Foods-ის შემოსავალი წლიდან წლამდე 2.6%-ით — $3.2 მილიარდამდე შემცირდა და ეს მეტრიკა ჩამორჩა უოლ სტრიტის ანალიტიკოსების პროგნოზს — $3.26 მილიარდს. კორექტირებულმა EPS-მა (მოგება თითო აქციაზე) კი $0.42 შეადგინა (პროგნოზი — $0.44). GAAP-ის (ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ მიღებული პრინციპები) მიხედვით გამოთვლილი EPS $0.36 იყო, რაც ანალიტიკოსების მოლოდინს $0.08-ით ჩამორჩა.
საცალო ვაჭრობის სეგმენტის მოცულობა წლიდან წლამდე 3%-ით შემცირდა, ხოლო გაყიდვებმა ამ მიმართულებით 4%-იანი ვარდნა განიცადა.
საერთაშორისო გაყიდვები 12%-ით შემცირდა, რის მიზეზადაც Hormel Foods-ის მენეჯმენტი ჩინეთის ბაზრის მუდმივ სისუსტეს და ბრენდის საექსპორტო მოთხოვნის შემცირებას ასახელებს.
Hormel Foods-ის აღმასრულებელმა დირექტორმა — ჯიმ სნიმ აღნიშნა, რომ კომპანია განაგრძობს ნავიგაციას დინამიურ საოპერაციო გარემოში, რომელიც ხასიათდება სამომხმარებლო მოთხოვნის შენელებით, ინფლაციური ზეწოლით და წინააღმდეგობებით კომპანიის ინდაურების ბიზნესში.
რაც შეეხება მომავალს, Hormel Foods-ის მენეჯმენტი მოელის, რომ ფისკალური 2024 წლის განმავლობაში კომპანიის EPS $1.51-$1.65-ს შეადგენს, რაც უოლ სტრიტის ანალიტიკოსების საშუალო პროგნოზს ჩამორჩება. კომპანიაში აღნიშნეს, რომ, სავარაუდოდ, წლის პირველ ნახევარში მოგება შემცირდება მის საცალო ვაჭრობის სეგმენტში დაბალი მოცულობის, ჩინეთში სუსტი მოთხოვნისა და ინდაურების ბიზნესში არსებული წინაღობების გამო.
Hormel Foods-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $30.50-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 5 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $30.80-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $33.00-ს, ხოლო მინიმალური — $26.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Hormel Foods-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 1%-იან გაუმჯობესებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 5 ანალიტიკოსიდან 2-მა მიანიჭა ნეიტრალური რეიტინგი, 3-მა — გაყიდვის რეკომენდაცია და არცერთმა ყიდვის რეკომენდაცია.