ორშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Workday-მ მოსალოდნელზე უკეთესი კვარტალური ანგარიში წარადგინა. გუშინ კი ფინანსური და ადამიანური რესურსების პროგრამული უზრუნველყოფის პროვაიდერის აქციების ფასი 11%-ზე მეტით გაიზარდა. მიმდინარე წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 56%-ით არის გაუმჯობესებული.
ფისკალური 2024 წლის მესამე კვარტალში Workday-ის შემოსავალი წლიდან წლამდე 16.7%-ით — $1.87 მილიარდამდე გაიზარდა, რამაც უოლ სტრიტის ანალიტიკოსების საშუალო პროგნოზს — $1.85 მილიარდს გადააჭარბა. კორექტირებულმა EPS-მა (მოგება თითო აქციაზე) $1.53 შეადგინა (პროგნოზი — $1.41), ხოლო GAAP-ის (ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ მიღებული პრინციპები) მიხედვით გამოთვლილი EPS $0.43 იყო (პროგნოზი — $0.22).
გამოწერებიდან მიღებულმა შემოსავალმა 18%-ით — $1.69 მილიარდამდე მოიმატა, რაც იმაზე მეტია, ვიდრე კომპანიის მენეჯმენტი მოელოდა.
Workday-ის აღმასრულებელმა დირექტორმა — კარლ ეშენბახმა თქვა, რომ კომპანიის შესანიშნავი იმპულსი განპირობებულია Workday-ის AI ინოვაციებით, სრული პლატფორმის გარიგებების სიძლიერით, პარტნიორული ეკოსისტემის გაფართოებით და საერთაშორისო ზრდით. მან დასძინა, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ფირმების მზარდი რაოდენობა მიმართავს Workday-ის, რათა მართოს ყველაზე ძვირფასი აქტივები: ადამიანები და ფული.
რაც შეეხება მომავალს, ახლა Workday-ის მენეჯმენტი მოელის, რომ მთელი წლის განმავლობაში გამოწერებიდან მიღებული შემოსავალი $6.598 მილიარდს მიაღწევს, რაც აღემატება წინა პროგნოზს — $6.57-$6.59 მილიარდს. გარდა ამისა, კომპანიაში საოპერაციო მარჟის პერსპექტივა 23.5%-დან 23.8%-მდე გაზარდეს.
Workday-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $263.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 32 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $273.90-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $300.00-ს, ხოლო მინიმალური — $169.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Workday-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 4%-იან გაუმჯობესებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 32 ანალიტიკოსიდან 24-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 7-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.