გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Salesforce-მა მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური ანგარიში წარადგინა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი ქლაუდზე დაფუძნებული პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიის აქციების ფასი 2%-ზე მეტით გაიზარდა. მიმდინარე წლის მანძილზე ეს მაჩვენებელი დაახლოებით 71%-ით არის გაუმჯობესებული.
გასულ კვარტალში Salesforce-ის შემოსავალი წლიდან წლამდე 11.2%-ით — $8.72 მილიარდამდე გაიზარდა, რაც უოლ სტრიტის ანალიტიკოსების საშუალო პროგნოზს შეესაბამებოდა. წმინდა მოგებამ კი $1.22 მილიარდს მიაღწია, ანუ კორექტირებული EPS (მოგება თითო აქციაზე) $2.11 იყო, რამაც ანალიტიკოსების პროგნოზს $0.05-ით გადააჭარბა. GAAP-ის (ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ მიღებული პრინციპები) მიხედვით გამოთვლილმა მოგებამ თითო განზავებულ აქციაზე კი $1.25 შეადგინა (პროგნოზი — $1.04) და ეს მაჩვენებელი წლიდან წლამდე მნიშვნელოვნად გაიზარდა.
ბოლო თვეებში Salesforce-ის მენეჯმენტმა მთელი ყურადღება ხელოვნურ ინტელექტისკენ (AI) მიმართა. კომპანიამ თავისი მრავალი პოპულარული პროდუქტი ქლაუდზე დაფუძნებულ ერთ პლატფორმაში მოაქცია.
თუმცა საინვესტიციო ბანკის — KeyBanc-ის ბოლო მოხსენების თანახმად, შესაძლოა მეტი დრო დასჭირდეს იმას, რომ ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით Salesforce-ის განვითარებამ გაყიდვების ზრდა გამოიწვიოს. ამ დროისთვის, მომხმარებლები ორიენტირებულნი არიან კომპანიის ქლაუდზე დაფუძნებულ პლატფორმაზე, AI-სთან დაკავშირებული სარგებლის მოლოდინში.
„ახლა ჩვენ ვართ მესამე უმსხვილესი საწარმოს პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია შემოსავლების მიხედვით, ნომერ პირველი AI CRM (მომხმარებელთან ურთიერთობის მენეჯმენტი) და ასევე პირველი საწარმოს აპლიკაციების ფირმა“ — განაცხადა Salesforce-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, მარკ ბენიოფმა. „რაც მთავარია, ჩვენ ვაერთიანებთ CRM-ს, მონაცემებს, AI-სა და ნდობას ინტეგრირებულ პლატფორმაში, რომელიც ჩვენს მომხმარებლებს წარმოუდგენელი პროდუქტიულობისა და ზრდის ახალი ეპოქისკენ მიუძღვის“.
Salesforce-ის მენეჯმენტი ასევე მიზნად ისახავს, კომპანიისთვის საჭირო სამუშაო ძალის ზუსტად გაზომვას და ამ პროცესში ხარჯების შემცირებას. 2023 წლის დასაწყისში Salesforce-მა მთლიანი სამუშაო ძალის დაახლოებით 10% გაათავისუფლა და მას შემდეგ მენეჯმენტმა დააანონსა 3000-ზე მეტი მუშაკის დაქირავების გეგმა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის სივრცეში განვითარების პროცესისკენ არის მიმართული.
ცოტა ხნის წინ კომპანიამ ასევე გადადგა ნაბიჯები გაყიდვებთან დაკავშირებული ხარჯების შესამცირებლად და თავისი ყველაზე პოპულარული ინსტრუმენტები Amazon Web Servises-ის საშუალებით თვითმომსახურების შესყიდვების სახით გახადა ხელმისაწვდომი.
Salesforce-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $230.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 38 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $261.53-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $345.00-ს, ხოლო მინიმალური — $159.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Salesforce-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 13.6%-იან გაუმჯობესებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 38 ანალიტიკოსიდან 25-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 12-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.