კიბერ ორშაბათს1 Amazon-ის აქციების ფასი დაახლოებით 1%-ით გაიზარდა ონლაინ შოპინგისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღის მოლოდინში და მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ მან, ამანათების მიწოდების თვალსაზრისით, FedEx-ისა და United Parcel Service-ის შედეგებს გადააჭარბა.
მიმდინარე წლის განმავლობაში Amazon-ის აქციების ფასი 72%-ზე მეტით არის გაუმჯობესებული.
Wall Street Journal იტყობინება, რომ Amazon-მა გასულ წელს აჯობა UPS-ს, ხოლო 2020 წელს კომპანიამ FedEx-ზე უკეთესი შედეგების დაფიქსირება შეძლო. გაზეთის თანახმად, მადლიერების დღემდე და სადღესასწაულო სავაჭრო სეზონის დაწყებამდე კომპანიამ აშშ-ში მომხმარებლებს უკვე მიაწოდა 4.8 მილიარდზე მეტი პაკეტი და Amazon-ში ვარაუდობენ, რომ ეს რიცხვი წლის ბოლომდე 5.9 მილიარდს მიაღწევს. თუ მოლოდინები გამართლდება, ეს მაჩვენებელი 2022 წლის შედეგს 700 მილიონით გადააჭარბებს.
Amazon-ის აქციების ფასი ასევე მას შემდეგაც გაიზარდა, რაც ცნობილი გახდა, რომ კომპანია აფართოებს Amazon-ის ვებ სერვისების (AWS) პარტნიორობას Salesforce-თან. ელექტრონული კომერციის გიგანტის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ეს შეთანხმება იქნება პროდუქტის ინტეგრაციის გაღრმავება მონაცემთა და ხელოვნური ინტელექტის (AI) მასშტაბით და Amazon პირველად შესთავაზებს მომხმარებლებს Salesforce-ის შერჩეულ პროდუქტებს AWS Marketplace-ზე.
Salesforce-ის აღმასრულებელმა დირექტორმა — მარკ ბენიოფმა აღნიშნა: „Amazon-თან გარიგების გაუმჯობესებით ყველა ჩვენს მომხმარებელს საშუალებას ვაძლევთ, იყოს უფრო ინოვაციური, პროდუქტიული და წარმატებული ხელოვნური ინტელექტის ახალ ეპოქაში“.
აღსანიშნავია, რომ გუშინ დაფიქსირებული ზრდის წყალობით Amazon-ის აქციების ფასმა მიაღწია უმაღლეს დონეს 2022 წლის აპრილის შემდეგ.
Amazon-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $148.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 41 ანალიტიკოსი აფასებს და აქციებს ყველა მათგანი ყიდვის რეკომენდაციას ანიჭებს. საშუალო სამიზნე ფასი $175.50-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $210.00-ს, ხოლო მინიმალური — $145.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Amazon-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 19%-იან ზრდას გულისხმობს.
[1] Cyber Monday არის აშშ-ის მადლიერების დღესასწაულის მომდევნო ორშაბათს, რომელიც ონლაინ საცალო მოვაჭრეების მიერ არის ხელშეწყობილი, როგორც განსაკუთრებით ხელსაყრელი გარიგებების დღე.