S&P Global Market Intelligence-ის მონაცემების თანახმად, გასული კვირის განმავლობაში ელექტრომობილების (EV) მწარმოებელი ვიეტნამური სტარტაპის — VinFast Auto-ს აქციების ფასი 21%-ზე მეტით გაიზარდა. პირველადი საჯარო შეთავაზების (IPO) შემდეგ ეს მაჩვენებელი დაახლოებით 83%-ით არის შემცირებული.
ერთ-ერთი ანალიტიკოსის აზრით, შესაძლოა, კომპანიის აქციების ფასი გაორმაგდეს
გასულ სამშაბათს, Wedbush-ის ანალიტიკოსმა — დენ აივსმა წამოიწყო VinFast-ის შეფასება. მან კომპანიის აქციებს ყიდვის რეკომენდაცია და $12-ის ოდენობით სამიზნე ფასი მიანიჭა. გასულ კვირაში აქციების ფასის საგრძნობი ზრდის შემდეგაც კი, ეს მაჩვენებელი დაახლოებით 100%-იან მატებას გულისხმობს.
საფონდო ბირჟაზე VinFast-ის აქციებს მშფოთვარე დებიუტი ჰქონდა. ელექტრომობილების მწარმოებლის IPO მიმდინარე წლის აგვისტოში შედგა და მისი აქციების ფასმა პიკს — $82-ს, იმავე თვეში მიაღწია. თუმცა მას შემდეგ ეს მაჩვენებელი ძალიან შემცირდა, დენ აივსი კი ფიქრობს, რომ საფასო ნიშნული ახლა ზედმეტად არის შემცირებული.
ანალიტიკოსმა განაცხადა: „ჩვენ ვიხილეთ VinFast-ის შთამბეჭდავი ოპერაციები ვიეტნამში და ძალიან აღფრთოვანებული დავრჩით EV სივრცეში კომპანიის ადგილით“. დენის აზრით, 2025 წელს VinFast-ის წლიური შემოსავალი ამჟამინდელი დაახლოებით $1.4 მილიარდიდან $5.5 მილიარდამდე გაიზრდება.
შედარება
თუ ანალიტიკოსის ამ შეფასებას გავითვალისწინებთ, VinFast-ის საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით $25 მილიარდამდე გაიზრდება. შედარებისთვის, ელექტრომობილების მწარმოებელი კიდევ ერთი სტარტაპის — Rivian-ის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად დაახლოებით $16 მილიარდს შეადგენს. თუმცა Rivian-ის მენეჯმენტი მოელის, რომ წელს კომპანია 50,000-ზე მეტი ელექტრომობილის წარმოებას შეძლებს. მხოლოდ მესამე კვარტალში Rivian-მა თითქმის $1.4 მილიარდის ოდენობით შემოსავალი გამოიმუშავა. იმავე მეოთხედში კი VinFast-ის შემოსავალი $350 მილიონზე ნაკლები იყო.
ორივე კომპანიას გეგმავს ახალი საწარმოო ქარხნების აშენებას აშშ-ში უახლოეს წლებში. Rivian-ის მენეჯმენტი მომავალი წლის დასაწყისში ჯორჯიის შტატში ახალი ქარხნის მშენებლობის დაწყებას აპირებს, ხოლო VinFast-მა ჩრდილოეთ კაროლინაში უკვე დაიწყო $4 მილიარდის ღირებულების ქარხნის მშენებლობა.
ანალიტიკოსთა შეფასებები
VinFast-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $6.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის მხოლოდ 2 ანალიტიკოსი აფასებს და აქციებს ორივე მათგანი ყიდვის რეკომენდაციას ანიჭებს. საშუალო სამიზნე ფასი $9.50-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $12.00-ს, ხოლო მინიმალური — $7.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი VinFast-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 52%-იან ზრდას გულისხმობს.
Rivian-ის აქციების ამჟამინდელი ფასი კი დაახლოებით $16.40-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 20 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $26.28-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $40.00-ს, ხოლო მინიმალური — $15.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Rivian-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 58%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 20 ანალიტიკოსიდან 12-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 7-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.