პარასკევს Apple-ის აქციების ფასი დაახლოებით 1%-ით შემცირდა მას შემდეგ, რაც Counterpoint Research-ის მონაცემების თანახმად, ჩინეთში 2023 წლის Singles’ Day შოპინგის დღესასწაულზე iPhone-ის გაყიდვები დაახლოებით 4%-ით დაეცა გასულ წელთან შედარებით. ტექნოლოგიური გიგანტის აქციების ფასი წლის დასაწყისიდან დაახლოებით 52%-ით არის გაუმჯობესებული.
Singles’ Day არის ერთ-ერთი უდიდესი ყოველწლიური ონლაინ შოპინგ ღონისძიება მსოფლიოში, რომლის დროსაც საცალო მოვაჭრეები მომხმარებლებს დიდ ფასდაკლებებს სთავაზობენ, ისევე, როგორც შავ პარასკევსა და კიბერ ორშაბათს1. Singles’ Day ჩინეთში ყოველწლიურად 11 ნოემბერს აღინიშნება. ამ დღეს მარტოხელა ადამიანები საკუთარი თავისთვის საჩუქრების გაკეთებით აღნიშნავენ.
iPhone-ის მწარმოებელი ასევე ჩამორჩა სმარტფონების ადგილობრივ კონკურენტებს, Huawei-სა და Xiaomi-ს, რომელთა გაყიდვები, შესაბამისად, 66%-ით და 28%-ით გაუმჯობესდა.
აღსანიშნავია, რომ iPhone არის Apple-ის ყველაზე წარმატებული ხაზი, რომელიც, ბოლო კვარტლის მონაცემებით, მთლიანი შემოსავლის დაახლოებით 50%-ზეა პასუხისმგებელი.
სწორედ ამ მიზეზით, iPhone-ის გაყიდვებს ინვესტორები ყოველთვის განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდებიან.
აღსანიშნავია, რომ 2 წელზე მეტი ხნის განმავლობაში შემცირების შემდეგ, ოქტომბერში სმარტფონების გლობალური გაყიდვები აღდგა. Huawei-ს Mate 60-ისა და Apple-ის iPhone 15-ის გამოშვებამ ხელი შეუწყო გაყიდვების გაზრდას ნიშნულამდე, რომელიც 2022 წლის იანვრიდან ყველაზე მაღალ დონეს წარმოადგენს.
Apple-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $190.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 33 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $201.99-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $240.00-ს, ხოლო მინიმალური — $150.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Apple-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 6.3%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 33 ანალიტიკოსიდან 25-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 8-მ — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
[1] Cyber Monday არის აშშ-ის მადლიერების დღესასწაულის მომდევნო ორშაბათს, რომელიც ონლაინ საცალო მოვაჭრეების მიერ არის ხელშეწყობილი, როგორც განსაკუთრებით ხელსაყრელი გარიგებების დღე.