პარასკევს iRobot-ის აქციების ფასი მკვეთრად — 39%-ზე მეტით გაიზარდა მას შემდეგ, რაც Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ Amazon-ის მიერ Roomba მტვერსასრუტების მწარმოებლის $1.4 მილიარდად შეძენამ შეიძლება ევროკავშირისგან (EU) უპირობო თანხმობა მიიღოს.
მიმდინარე წლის განმავლობაში iRobot-ის აქციების ფასი დაახლოებით 14%-ით არის შემცირებული.
Amazon-ის მენეჯმენტმა iRobot-ის შეძენის გადაწყვეტილების შესახებ პირველად 2022 წლის აგვისტოში განაცხადა. თავდაპირველად ტექნოლოგიური გიგანტი iRobot-ის შესაძენად $1.7 მილიარდის, ანუ თითო აქციისთვის $61-ის გადახდას აპირებდა.
გარიგება უფრო ნელა განვითარდა, ვიდრე კომპანიების წარმომადგენლები იმედოვნებდნენ, აშშ-ის ფედერალური სავაჭრო კომისია და ევროპული მარეგულირებლები ანტიმონოპოლიურ გავლენას იკვლევდნენ. მიმდინარე წლის 25 ივლისს კი iRobot-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ კომპანია, მიმდინარე ოპერაციების დასაფინანსებლად, $200 მილიონის ოდენობით ვალს აიღებდა.
Amazon-ში მიიჩნიეს, რომ iRobot-ისთვის გადახდილი მთლიანი ფასი $200 მილიონით გაიზრდებოდა, რადგან გარიგების დახურვის შემდეგ, ეს დავალიანება Amazon-ზე გადავიდოდა. ამის გათვალისწინებით, ელექტრონული კომერციის გიგანტმა შეთავაზების ფასი $51.75-მდე შეამცირა, რაც კომპანიების წარმომადგენლების განცხადებით, iRobot-ის ვალის დაგეგმილ ზრდას დიდწილად ანაზღაურებს.
იმ დროს, iRobot-ის აღმასრულებელმა დირექტორმა — კოლინ ენგლმა განაცხადა, რომ Amazon-ის გუნდი იზიარებს მისი ფირმის მისწრაფებას გააზრებული ინოვაციების შექმნის მიმართ. „არ მახსენდება უკეთესი ადგილი, რომელიც iRobot-ის გუნდს საკუთარი მისიის გაგრძელების საშუალებას მისცემს“ — თქვა კოლინმა.
თუმცა ევროკომისიამ, რომელიც ევროკავშირის ანტიმონოპოლიურ საკითხებს ზედამხედველობს, მიმდინარე წლის დასაწყისში შესყიდვის სიღრმისეული გამოძიება დაიწყო. კომისიის წევრების განცხადებით, ისინი შეშფოთებულნი იყვნენ, რომ ეს ტრანზაქცია Amazon-ს საშუალებას მისცემდა, რობოტი მტვერსასრუტების ბაზარზე კონკურენცია შეეზღუდა და, როგორც ონლაინ ბაზრის პროვაიდერს, თავისი პოზიცია გაეძლიერებინა. ოფიციალურ პირებს გადაწყვეტილების შესახებ განცხადება 14 თებერვლამდე უნდა გაეკეთებინათ.
დიდი ბრიტანეთის კონკურენციისა და ბაზრის ორგანოს (CMA) წარმომადგენლებმა საკუთარი დასტურის შესახებ ივნისში განაცხადეს.
გასულ კვირაში გავრცელებული სიახლის შემდეგ Amazon-ის აქციების ფასი თითქმის უცვლელი დარჩა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი 80%-ით არის გაუმჯობესებული.
Amazon-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $147.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 41 ანალიტიკოსი აფასებს და აქციებს ყველა მათგანი ყიდვის რეკომენდაციას ანიჭებს. საშუალო სამიზნე ფასი $175.51-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $210.00-ს, ხოლო მინიმალური — $145.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Amazon-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 20%-იან ზრდას გულისხმობს.
iRobot-ის აქციების ამჟამინდელი ფასი კი დაახლოებით $41.50-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე მხოლოდ 2 ანალიტიკოსი აფასებს — აქციებს ორივე მათგანი ნეიტრალურ რეიტინგს და $51.00-ის ტოლ სამიზნე ფასს ანიჭებს. ეს მაჩვენებელი iRobot-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 23%-იან ზრდას გულისხმობს.