პანდემიით გამოწვეული ბუმის შემდეგ კომპიუტერებზე მოთხოვნის შენელებამ HP-ის უახლეს კვარტალურ შედეგებზე ნეგატიურად იმოქმედა. თუმცა ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიის მენეჯმენტი ვარაუდობს, რომ, შესაძლოა, მომავალი წლიდან HP-ის ზრდის მთავარი მამოძრავებელი ხელოვნური ინტელექტის (AI) მოწყობილობები იყოს.
HP-მ კვარტალური ანგარიში სამშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, წარადგინა, ოთხშაბათს კი კომპანიის აქციების ფასი 6%-ზე მეტით გაიზარდა. მიმდინარე წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 7%-ით არის გაუმჯობესებული.
ფისკალური 2023 წლის მეოთხე კვარტალში HP-ის შემოსავალი წლიდან წლამდე 6.5%-ით — $13.8 მილიარდამდე შემცირდა. კომპანიის პერსონალური სისტემების განყოფილების გაყიდვებმა 8%-ით — $9.4 მილიარდამდე დაიკლო, ხოლო ბეჭდვის სეგმენტის იგივე მაჩვენებელი 3%-ით შემცირდა და $4.4 მილიარდი შეადგინა. EPS-მა (მოგება თითო აქციაზე) $0.97-ს მიაღწია. შედარებისთვის, გასული წლის იმავე კვარტალში კომპანიამ თითო აქციაზე $0.02-ის ოდენობით ზარალი დააფიქსირა. აღსანიშნავია, რომ როგორც შემოსავლის, ასევე EPS-ის შედეგები შეესაბამებოდა უოლ სტრიტის ანალიტიკოსების პროგნოზებს.
HP-ის აღმასრულებელმა დირექტორმა — ენრიკე ლორესმა აღნიშნა, რომ 2023 წელს კომპანიას ბაზრის მკაცრ პირობებთან უწევდა გამკლავება. თუმცა მან სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, რომ ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილ კომპიუტერებს შეუძლია, სეგმენტი მნიშვნელოვანი იმპულსით უზრუნველყოს და გაყიდვების ზრდა გააორმაგოს.
ენრიკე ლორესის თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ბაზარი ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილ კომპიუტერებზე დაუყოვნებლივ გადაინაცვლებს. კომპანიაში სჯერათ, რომ ზრდა ეტაპობრივი იქნება — გარკვეული მიღწევებით 2024 წელს, ბაზარზე მეტი შეღწევადობით 2025 წელს და კიდევ უფრო მეტი ზრდით 2026 წელს. HP-ის მენეჯმენტის ვარაუდით, კომპანია თავის პირველ AI კომპიუტერებს მომავალი წლის მეორე ნახევარში გამოუშვებს.
HP-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $29.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 13 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $30.25-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $39.00-ს, ხოლო მინიმალური — $22.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი HP-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 5.6%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 13 ანალიტიკოსიდან 4-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 7-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 2-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.