ოთხშაბათს, ბაზრის გახსნამდე, Deere & Co.-მ კვარტალური ანგარიში წარადგინა, სავაჭრო დღის განმავლობაში კი საფერმერო ტექნიკის მწარმოებლის აქციების ფასი 3%-ზე მეტით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 13%-ით არის დაკლებული.
კომპანიის მომავლის პროგნოზები მოლოდინებს ჩამორჩა, რადგან მაღალი ინფლაცია და საპროცენტო განაკვეთები მოთხოვნაზე ნეგატიურად აისახება.
Deere & Co. არის ამერიკული კორპორაცია, რომელიც აწარმოებს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას, მძიმე აღჭურვილობას, სატყეო ტექნიკას, დიზელის ძრავებს, ტრანსმისიებს, რომლებიც გამოიყენება მძიმე აღჭურვილობისა და გაზონის მოვლის მოწყობილობებისთვის.
ფისკალური 2023 წლის მესამე კვარტალში Deere-ის შემოსავალი წლიდან წლამდე 0.8%-ით — $15.41 მილიარდამდე შემცირდა. GAAP-ის (ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ მიღებული პრინციპები) მიხედვით გამოთვლილმა EPS-მა (მოგება თითო აქციაზე) კი $8.26-ს მიაღწია. ორივე მაჩვენებელმა გადააჭარბა უოლ სტრიტის ანალიტიკოსების პროგნოზებს, რომლებიც, შესაბამისად, $13.64 მილიარდს და $7.48-ს შეადგენდა.
Deere-ის წარმოებისა და ზუსტი აგროკულტურის სეგმენტიდან მიღებული შემოსავალი წლიდან წლამდე 6%-ით შემცირდა, ხოლო მცირე სოფლის მეურნეობისა და გაზონების სეგმენტიდან — 13%-ით. Deere-ის მენეჯმენტმა აღნიშნა, რომ ორივე მიმართულებით კომპანიის გაყიდვების მოცულობები შემცირდა, რაც ნაწილობრივ მაღალი ფასებით იყო კომპენსირებული.
ხარჯების ზრდასთან ერთად, ფერმის ინდუსტრია განიცდის საქონლის ფასების ვარდნას. აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის შეფასებით, 2023 წელს ამ ინდუსტრიის შემოსავალი, გასულ წელთან შედარებით, დაახლოებით 23%-ით შემცირდება.
Deere-ის მენეჯმენტი მოელის, რომ სრული 2024 წლის განმავლობაში კომპანიის შემოსავალი $7.75-$8.25 მილიარდს შეადგენს, რაც ანალიტიკოსების პროგნოზს — $9.3 მილიარდს საკმაოდ ჩამორჩება. თუმცა, მოსალოდნელი კლების მიზეზები ნამდვილად არ არის გამოწვეული თავად კომპანიასთან დაკავშირებული პრობლემებით — Deere-ის ბიზნესი უაღრესად ციკლურია.
Deere & Co.-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $371.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 13 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $431.13-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $486.00-ს, ხოლო მინიმალური — $388.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Deere & Co.-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 16.3%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 13 ანალიტიკოსიდან 7-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 6-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.