გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Burlington Stores-მა ძლიერი კვარტალური შედეგები წარადგინა, რადგან გასული მეოთხედის მანძილზე მყიდველებმა, რომლებიც დაბალ ფასებზე იყვნენ ორიენტირებულნი, კომპანიის გაყიდვები გაზარდეს. გუშინ, სავაჭრო დღის განმავლობაში, კი ჩამოფასებული საქონლით საცალო მოვაჭრის აქციების ფასი მკვეთრად — თითქმის 21%-ით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 20%-ით არის შემცირებული.
ფისკალური 2023 წლის მესამე კვარტალში ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიების ქსელის შემოსავალი წლიდან წლამდე 12%-ით — $2.29 მილიარდამდე გაიზარდა. ეს მაჩვენებელი ანალიტიკოსების პროგნოზებს დაემთხვა. ერთი და იმავე მაღაზიების გაყიდვები1 კი, გასული წლის ანალოგიურ კვარტალთან შედარებით, 6%-ით გაიზარდა. თითო აქციაზე მოგებამ (EPS) $0.98 შეადგინა (პროგნოზი — $0.95).
Burlington Stores-ის მთლიანი მოგების მარჟა 200 საბაზისო პუნქტით (bps) გაიზარდა, სასაქონლო მარჟა — 150 bps-ით, ხოლო ტვირთების გადაზიდვის ხარჯები — 50 bps-ით.
კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა — მაიკლ ო’სალივანმა განმარტა, რომ აგვისტოსა და სექტემბერში Burlington ძლიერი ტენდენციით ხასიათდებოდა. ასევე მისი თქმით, გარდა იმისა, რომ კომპანიამ ძლიერი სასაქონლო მარჟის დაფიქსირება შეძლო, მოგებამ მენეჯმენტის საპროგნოზო დიაპაზონის ზედა ზღვარს მიაღწია.
გარდა ამისა, მაიკლმა განაცხადა, რომ Burlington Stores-მა ნოემბერი კარგად დაიწყო და კომპანია შესანიშნავად არის ბაზარზე პოზიციონირებული მომავალი სადღესასწაულო სავაჭრო სეზონისთვის.
აღსანიშნავია, რომ Burlington-ის აქციების ფასმა აგვისტოს შემდეგ უმაღლეს ნიშნულს მიაღწია.
Burlington Stores-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $165.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 16 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $182.57-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $225.00-ს, ხოლო მინიმალური — $137.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Burlington Stores-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 11%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 16 ანალიტიკოსიდან 12-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 4-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
[1] Comps — ფინანსური მეტრიკა, რომელსაც საცალო ინდუსტრიის კომპანიები იყენებს, რათა შეაფასოს გაყიდვების მთლიანი მოცულობა კომპანიის ლოკაციებზე, რომლებიც ერთი წლის ან მეტი ხნის განმავლობაში ფუნქციონირებს.