Microsoft-მა წარმოადგინა თავისი Azure Maia AI Accelerator — ჩიპი, რომელიც ოპტიმიზებულია ხელოვნური ინტელექტის (AI) ამოცანების შესასრულებლად და გენერაციული AI-სთვის. Microsoft-ის ეს ნაბიჯი AI ინსტრუმენტებზე მოთხოვნის ზრდით არის განპირობებული.
გუშინ ტექნოლოგიურმა გიგანტმა Microsoft Ignite-ზე — თავის ყოველწლიურ დეველოპერთა კონფერენციაზე Azure Maia AI Accelerator წარადგინა რამდენიმე სხვა AI-სთან დაკავშირებულ განახლებასთან ერთად, მათ შორის იყო genAI ინსტრუმენტის, Copilot-ისა და ქლაუდ პლატფორმის — Azure-ის განახლებები.
Microsoft-ის Cloud + AI ჯგუფის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა — სკომ გატრიმ თქვა: „Microsoft აშენებს ინფრასტრუქტურას ხელოვნური ინტელექტის ინოვაციების მხარდასაჭერად“. მან ასევე აღნიშნა, რომ Azure Maia AI Accelerator Microsoft-ს საშუალებას აძლევს, კომპანიის მიწოდების ქსელი დივერსიფიკაციით უზრუნველყოს და მომხმარებლებს სასურველი ინფრასტრუქტურის არჩევის უფლება მისცეს.
Microsoft-ის განცხადება გავრცელდა რამდენიმე დღეში მას შემდეგ, რაც Nvidia-მ დააანონსა H200, კომპანიის უახლესი და ყველაზე ძლიერი გრაფიკული დამუშავების ერთეული (GPU) AI სისტემების გასაძლიერებლად. H200-ს, რომელიც ხელმისაწვდომი 2024 წლის მეორე კვარტლიდან იქნება, Bank of America-ს ანალიტიკოსებმა უწოდეს შესანიშნავი განახლება უკვე წამყვანი H100 შეთავაზების შემდეგ.
Nvidia არის ლიდერი AI ჩიპების ბაზარზე თავისი ტექნოლოგიური სისტემებით კომპანიებში, რომლებიც AI ინოვაციის პიონერები არიან — Amazon, Google და თუნდაც Microsoft. მიუხედავად იმისა, რომ Microsoft-ის Azure Maia AI Accelerator-ს შეუძლია, კომპანიის ქლაუდ მიმართულებაში Nvidia-ს პროცესორები საკუთარით ჩაანაცვლოს, Microsoft-ის მენეჯმენტმა აღნიშნა, რომ Azure მჭიდროდ თანამშრომლობს Nvidia-სთან და მეტიც, კომპანია ჩიპების მწარმოებელი ინდუსტრიის ლიდერთან პარტნიორობას აფართოებს.
Microsoft-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $370.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 31 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $408.76-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $450.00-ს, ხოლო მინიმალური — $375.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Microsoft-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 11.6%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 31 ანალიტიკოსიდან 30-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 1-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Nvidia-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $489.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 38 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $647.32-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $1,100.00-ს, ხოლო მინიმალური — $560.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Nvidia-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 32%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 38 ანალიტიკოსიდან 37-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 1-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.