Starbucks-ის თანამშრომლები, რომლებიც პროფკავშირში არიან გაერთიანებულნი, ხვალ, სეზონის ერთ-ერთ ყველაზე დიდ წამახალისებელ ღონისძიებაზე — “Red Cup Day”-ზე გაფიცვას აპირებენ.
Starbucks-ში მომუშავე ადამიანებმა განაცხადეს, რომ ყოველწლიური ღონისძიება, რომლის დროსაც კომპანია ყავის მყიდველებს უფასო, მრავალჯერადი გამოყენების სადღესასწაულო თემატიკის ჭიქებით ასაჩუქრებს, შეიძლება იყოს წლის ერთ-ერთი ყველაზე რთული დღე პერსონალისთვის, დიდი მოცულობის შეკვეთებიდან გამომდინარე.
თანამშრომლების ორ მთავარ საჩივარს წარმოადგენს პერსონალის დატვირთულობის დონე და არათანმიმდევრული გრაფიკი. სხვა ძირითადი მოთხოვნები მოიცავს უკეთეს ანაზღაურებას და შეღავათებს, უსაფრთხო და დაფასებულ სამუშაო გარემოს, ორგანიზების უფლებას.
Starbucks-ის წარმომადგენლების თქმით, მათ იციან, რომ პროფკავშირის წევრები გაფიცვას გეგმავენ და აცხადებენ, რომ უკვე ოთხი თვეა ცდილობენ პროფკავშირის მოლაპარაკებებზე დათანხმებას.
პროფკავშირში გაერთიანებული Starbucks-ის თანამშრომლები გასული წლის “Red Cup Day”-ზეც გაფიცულები იყვნენ. აღსანიშნავია, რომ პროფკავშირის წარმომადგენლები მომხმარებლებს და მოკავშირეებს მოუწოდებენ, სოლიდარობის ნიშნად გაფიცვას შეუერთდნენ.
Starbucks-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $106.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 19 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $111.33-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $125.00-ს, ხოლო მინიმალური — $98.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Starbucks-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 5.4%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 19 ანალიტიკოსიდან 7-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 12-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.