გუშინ C3 AI-ის აქციების ფასი დაახლოებით 7%-ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ საწარმოებისთვის ხელოვნური ინტელექტის (AI) პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელმა გააფართოვა თავისი სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულება (SCA) Amazon-ის Amazon Web Services-თან (AWS). მიმდინარე წლის განმავლობაში C3 AI-ის აქციების ფასი დაახლოებით 168%-ით არის გაუმჯობესებული.
ამ ორმა კომპანიამ თავდაპირველი გარიგება გააფორმა 2016 წელს, რომელიც გულისხმობს AWS-ის მიერ C3 AI პროდუქტების გამოყენებას AI გადაწყვეტების მიწოდებისთვის, რომლებიც შემუშავებულია კლიენტების კრიტიკული ბიზნეს გამოწვევების გადასაჭრელად სხვადასხვა ინდუსტრიის მასშტაბით. ისინი ერთად აწვდიან მომსახურებას ბიზნეს სამყაროს სხვადასხვა სეგმენტს, მათ შორის წარმოების, ელექტროენერგიისა და კომუნალური მომსახურების სექტორებს, და ასევე ფედერალურ, სახელმწიფო და ადგილობრივ მთავრობებს.
C3 AI-მ აღნიშნა, რომ განახლებული SCA ფირმებს საშუალებას მისცემს, განაგრძონ ფოკუსირება საწარმოებისთვის მოწინავე გენერაციული AI გადაწყვეტების შეთავაზებაზე. აღმასრულებელი დირექტორის — თომას ზიბელის თქმით, C3 AI-სა და Amazon-ის გუნდები მუშაობენ იმისათვის, რომ დაეხმარონ ორგანიზაციებს, გაზარდონ ეფექტიანობა მონაცემთა უფრო სწრაფად მოძიებისა და ანალიზის გზით, ამასთან დააჩქარონ ღირებულების შექმნა პროცესში მრავალი მომხმარებლის სწრაფად ჩართვით.
ამ სიახლის შემდეგ Amazon-ის აქციების ფასი 2%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 71%-ით არის გაუმჯობესებული.
C3 AI-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $30.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 10 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $25.00-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $42.00-ს, ხოლო მინიმალური — $14.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი C3 AI-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 16%-იან კლებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 10 ანალიტიკოსიდან 1-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 6-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 3-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Amazon-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $146.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 40 ანალიტიკოსი აფასებს და აქციებს ყველა მათგანი ყიდვის რეკომენდაციას ანიჭებს. საშუალო სამიზნე ფასი $175.51-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $210.00-ს, ხოლო მინიმალური — $145.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Amazon-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 20.4%-იან ზრდას გულისხმობს.