ხუთშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Honda Motor Company-მ მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური ანგარიში წარადგინა, რაზეც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ჩრდილოეთ ამერიკაში ძლიერმა გაყიდვებმა. პარასკევს კი იაპონური ავტომწარმოებლის აქციების ფასი 2%-ზე მეტით გაიზარდა. მიმდინარე წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 36%-ით არის გაუმჯობესებული.
Honda-ს შემოსავალი, გასული წლის იმავე კვარტალთან შედარებით, $28 მილიარდიდან $33 მილიარდამდე გაიზარდა. ავტომწარმოებლის წმინდა მოგებამ $1.79 მილიარდი შეადგინა, ანუ EPS (მოგება თითო აქციაზე) $0.34 იყო. ამ მაჩვენებელმა გადააჭარბა უოლ სტრიტის ანალიტიკოსების პროგნოზს — $1.63 მილიარდს.
ავტომწარმოებელმა ისარგებლა აშშ-ში ძლიერი გაყიდვებით, რამაც ჩინეთში დაფიქსირებული სისუსტის კომპენსირება შეძლო. ჩინეთის ბაზარზე განსაკუთრებით მაღალი კონკურენცია ელექტრომობილების მწარმოებლების მხრიდან ფიქსირდება. Honda-ს ავტომობილების გაყიდვებმა შეერთებულ შტატებში, პრემიუმ Acura-ს ბრენდის ჩათვლით, გასულ კვარტალში წლიდან წლამდე 53%-ით მოიმატა და 339,000 ერთეულს გადააჭარბა. ეს ბევრად აღემატებოდა ინდუსტრიის საშუალო, 16%-იან ზრდას.
ამავდროულად, აშშ-ის ავტომობილების ბაზარზე კომპანიის წილი, გასული წლის იმავე კვარტალთან შედარებით, 2 პროცენტული პუნქტით — 8.5%-მდე გაიზარდა. ბოლო კვარტლის მონაცემებით, Honda-ს ავტომობილების გაყიდვების დაახლოებით 40% ჩრდილოეთ ამერიკაზე მოდიოდა.
რაც შეეხება მომავალს, Honda-ს მენეჯმენტი მოელის, რომ ფისკალური 2024 წლისთვის საოპერაციო მოგება $7.9 მილიარდს მიაღწევს (წინა პროგნოზი — $6.6 მილიარდი), ხოლო მსოფლიო მასშტაბით გაყიდვები 2.92 მილიონს შეადგენს (ძველი პროგნოზი — 2.88 მილიონი).
მიუხედავად ფინანსური გამოწვევებისა, მათ შორის ავტო სესხებზე საპროცენტო განაკვეთების ზრდისა და ავტომობილების მაღალი ფასების ჩათვლით, ამერიკელი მომხმარებლები განაგრძობენ მანქანების შეძენას. მესამე კვარტალში ამერიკელების მიერ შეძენილი ავტომობილების რაოდენობამ 16 მილიონს მიაღწია. გასული წლის იმავე მეოთხედში ეს მაჩვენებელი 14 მილიონს შეადგენდა.
უცხოურმა ავტომწარმოებლებმა, როგორიცაა Toyota და Honda ყველაზე დიდი შედარებითი ზრდა დააფიქსირა, რაც, შესაძლოა, გამოწვეული იყოს გაუმჯობესებული მარაგებით და ნახევარგამტარების მიწოდების ჯაჭვის შეზღუდვების შემსუბუქებით, რამაც ავტოინდუსტრია პანდემიის პერიოდში შეაფერხა.
ეკონომიკური ანალიზის ბიუროს (BEA) მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, მესამე კვარტალში საზღვარგარეთიდან შემოყვანილი ახლად წარმოებული ავტომობილების გაყიდვებმა $56.1 მილიარდი შეადგინა, რაც გასული წლის იმავე კვარტლის მაჩვენებელს დაახლოებით 7%-ით აღემატება.