გუშინ Eli Lilly-ის აქციების ფასმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია მას შემდეგ, რაც სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) დაამტკიცა ამერიკული ფარმაცევტული კომპანიის ინექცია — Zepbound იმ ადამიანების სამკურნალოდ, რომლებსაც აწუხებთ ჭარბი წონა და ასევე აქვთ წონასთან დაკავშირებული სამედიცინო პრობლემები, როგორიცაა ჰიპერტენზია და მეორე ტიპის დიაბეტი.
2022 წლის მაისში მედიკამენტის აქტიური ნივთიერება, რომელიც ცნობილია როგორც tirzepatide, FDA-ს უკვე დამტკიცებული ჰქონდა როგორც სამკურნალო საშუალება მეორე ტიპის დიაბეტის მქონე პაციენტებისთვის, ბრენდის სახელით — Mounjaro.
Eli Lilly-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ FDA-ს მიერ მედიკამენტის დამტკიცება ეფუძნებოდა მისი მე-3 ფაზის კვლევის შედეგებს. კვლევამ აჩვენა, რომ პაციენტებმა, რომლებიც იღებდნენ Zepbound-ის ყველაზე მაღალ დოზას 72 კვირის განმავლობაში, წონაში საშუალოდ დაახლოებით 22 კილოგრამით დაკლება მოახერხეს, ხოლო იმ ადამიანებმა, რომლებიც ყველაზე დაბალ დოზას იღებდნენ, საშუალოდ თითქმის 15.5 კილო დაიკლეს. Eli Lilly-ის წარმომადგენლებმა ასევე აღნიშნეს, რომ ერთ-ერთმა პაციენტმა, რომელიც მაღალ დოზას იღებდა, 26 კილოზე მეტი დაიკლო.
FDA-მ Zepbound სწორედ მას შემდეგ დაამტკიცა, რაც მოთხოვნა გაიზარდა იმ სამკურნალო საშუალებებზე, რომლებიც შეიძლება პაციენტებს წონაში კლებაში დაეხმაროს, გაზარდოს გაყიდვები Eli Lilly-სთვის და პოპულარული მედიკამენტების — Ozempic-ისა და Wegovy-ის მწარმოებლისთვის — Novo Nordisk-ისთვის.
Eli Lilly-ის მენეჯმენტმა აღნიშნა, რომ Zepbound ბაზარზე ხელმისაწვდომი წლის ბოლომდე იქნება.
Eli Lilly-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $619.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 20 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $644.21-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $722.00-ს, ხოლო მინიმალური — $475.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Eli Lilly-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 4%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 20 ანალიტიკოსიდან 18-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 2-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.