გუშინ საფონდო ბირჟაზე გავრცელდა მნიშვნელოვანი სიახლეები, რომლებმაც ცნობილი კომპანიების აქციების ფასებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს სწორედ მათ მიმოვიხილავთ და შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის Tesla, Roku, S&P Global, Moderna და JFrog.
Tesla
ელექტრომობილების ინდუსტრიის ლიდერის Tesla-ს აქციების ფასი 10%-ზე მეტით იყო შემცირებული მას შემდეგ, რაც კომპანიამ 2 კვირის წინ კვარტალური ანგარიში წარადგინა. თუმცა გუშინ, მნიშვნელოვანი სიახლეების შემდეგ, Tesla-ს აქციების ფასი 6%-ზე მეტით გაიზარდა. მიმდინარე წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 102%-ით არის გაუმჯობესებული.
ბოლო ვარდნა გამოწვეული იყო მესამე კვარტლის ფინანსური შედეგებით, რაც გაამწვავა აღმასრულებელი დირექტორის — ილონ მასკის კომენტარმა ახალი ავტომობილების მყიდველების მაკროეკონომიკურ სურათთან დაკავშირებით. ინვესტორებისთვის გამართულ კონფერენციაზე მან აღნიშნა: „თუ საპროცენტო განაკვეთები ასეთ მაღალ დონეზე დარჩება ან კიდევ უფრო გაიზრდება, ადამიანებისთვის ავტომობილების შეძენა სულ უფრო გართულდება. ისინი ამას უბრალოდ ვერ გასწვდებიან“.
გუშინდელი ზრდის გარკვეული ნაწილი, რა თქმა უნდა, განპირობებულია აშშ-ის სახაზინო ობლიგაციების შემოსავლის დაცემით მას შემდეგ, რაც ფედერალურმა რეზერვმა (Fed) გადაწყვიტა, საპროცენტო განაკვეთები უცვლელად შეენარჩუნებინა. გუშინ გამოქვეყნებულმა ეკონომიკურმა მონაცემებმა ასევე აჩვენა ინფლაციის შემსუბუქების და შრომის ბაზრის შენელების ნიშნები.
გარდა ამისა, კონკრეტულად Tesla-სთან დაკავშირებული სიახლეც გავრცელდა. ჩინეთის სამგზავრო მანქანების ასოციაციის (CPCA) წარმომადგენლებმა გუშინ განაცხადეს, რომ ოქტომბრის განმავლობაში Tesla-მ ბაზარს შანხაის ქარხნიდან 72,000-ზე მეტი ავტომობილი მიაწოდა. მიუხედავად იმისა, რომ სექტემბერთან შედარებით ეს 2.6%-იან კლებას წარმოადგენს, ეს შედეგი მაინც იმედისმომცემი იყო.
Tesla-მ ახლახან გამოუშვა თავისი განახლებული Model 3 სედანი და უფრო ძვირი ვერსიის მიწოდება ჩინეთში ოქტომბრის ბოლოს დაიწყო. Model 3-ისა და Model Y-ის საერთო გაყიდვები მხოლოდ ოდნავ გაიზარდა წლიდან წლამდე, მაგრამ ინვესტორები იმედოვნებენ, რომ ახლად გამოშვებულ მოდელს, გაყიდვების ზრდის პოტენციალი გააჩნია.
როგორც ჩანს, ჩინეთში მოთხოვნა ძლიერია, რადგან ელექტრომობილების ადგილობრივმა მწარმოებლებმა ოქტომბერში მიწოდების კარგი შედეგები დააფიქსირეს.
Tesla-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $218.50-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 33 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $252.61-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $380.00-ს, ხოლო მინიმალური — $85.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Tesla-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 15.6%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 33 ანალიტიკოსიდან 14-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 14-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 5-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Roku
გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Roku-მ კვარტალური ანგარიში წარადგინა, სავაჭრო დღის განმავლობაში კი კომპანიის აქციების ფასი მკვეთრად — დაახლოებით 31%-ით გაიზარდა. მიმდინარე წლის მანძილზე ეს მაჩვენებელი 92%-ზე მეტით არის გაუმჯობესებული.
Roku ამერიკული კომპანიაა, რომელიც აწარმოებს და ყიდის სხვადასხვა ციფრულ მედია ფლეერებს ვიდეო სტრიმინგისთვის, აუდიო აღჭურვილობისთვის და რეკლამით მხარდაჭერილ ვიდეო სერვისებს ოპერირებს.
გუშინდელ ზრდამდე Roku-ს აქციების ფასი ხუთწლიან მინიმალურ დონესთან იყო ახლოს, რადგან კომპანიის შემოსავლების ზრდა შენელდა, ხოლო ხარჯები — გაიზარდა. თუმცა მესამე კვარტალში კომპანიამ იმედისმომცემი შედეგები აჩვენა. Roku-ს შემოსავალი წლიდან წლამდე 20%-ით — $912 მილიონამდე გაიზარდა (უოლ სტრიტის პროგნოზი — $855.11 მილიონი), აქტიური ანგარიშების რაოდენობისა და სტრიმინგის საათების მატების წყალობით.
კორექტირებულმა ზარალმა თითო აქციაზე $0.33 შეადგინა და ამ მაჩვენებელმა ანალიტიკოსების პროგნოზს $1.59-ით გადააჭარბა. თუმცა GAAP-ის (ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ მიღებული პრინციპები) მიხედვით გამოთვლილმა ზარალმა ერთ აქციაზე -$2.33-ს მიაღწია (უოლ სტრიტის პროგნოზი — -$1.96).
აღსანიშნავია, რომ Roku-ს 20%-იანი ზრდა ბევრად უკეთესი იყო, ვიდრე მისი 11%-იანი მატების მაჩვენებელი წინა კვარტალში. და ამ შედეგმა ასევე გადააჭარბა 2022 წლის იმავე მეოთხედში დაფიქსირებულ 12%-იან გაუმჯობესებას.
აქციონერებისადმი მიწერილ წერილში Roku-ს დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა — ენტონი ვუდმა განაცხადა: „მესამე კვარტალში Roku-მ დააფიქსირა სოლიდური ზრდა ვიდეო რეკლამებში და მოველით, რომ ეს ზრდის ტემპი მეოთხე კვარტალშიც შენარჩუნდება“.
მესამე კვარტალში Roku-ს შემოსავლის ყველაზე სწრაფად მზარდი წყარო მისი მოწყობილობების გაყიდვები იყო. თუმცა აღსანიშნავია, რომ კომპანია თავის სტრიმინგ მოწყობილობებს ზარალით ყიდის, ასე რომ, ეს ზრდა, რეალურად, მოგებას აზიანებს. უფრო მეტიც, მთლიანობაში საოპერაციო ხარჯები გაიზარდა, რამაც $350 მილიონის ოდენობით საოპერაციო ზარალი გამოიწვია. ეს მაჩვენებელი 2022 წლის მესამე კვარტალში დაფიქსირებულ შედეგს ორჯერ აღემატება.
Roku-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $78.00-ს შეადგენს. კომპანიას ამჟამად უოლ სტრიტის 24 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $85.40-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $115.00-ს, ხოლო მინიმალური — $55.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Roku-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 9.4%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 24 ანალიტიკოსიდან 9-მ მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 14-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
S&P Global
გუშინ, ბაზრის გახსნამდე, S&P Global-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა, სავაჭრო დღის განმავლობაში კი ფინანსური ინფორმაციის სპეციალისტის აქციების ფასი თითქმის 7%-ით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 12%-ით არის გაუმჯობესებული.
მესამე კვარტალში S&P Global-ის შემოსავალი წლიდან წლამდე 8%-ით გაიზარდა და $3.08 მილიარდს ოდნავ გადააჭარბა, როგორც ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ მიღებული პრინციპების, ისე კორექტირების საფუძველზე. კორექტირებულმა წმინდა მოგებამ 6%-ით მოიმატა და $1.02 მცირედით გადააჭარბა, ანუ კორექტირებული EPS $3.21 იყო (პროგნოზი — $3.04).
რაც შეეხება მომავალს, S&P Global-ის მენეჯმენტი მოელის, რომ მთელი წლის განმავლობაში კომპანიის EPS $8.75-$8.90-ს შეადგენს (წინა პროგნოზი — $8.65-$8.85). S&P Global-ში ასევე პროგნოზირებენ, რომ შემოსავალი 10%-12%-ით გაიზრდება.
S&P Global-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $376.00-ს შეადგენს. კომპანიას ამჟამად უოლ სტრიტის 12 ანალიტიკოსი აფასებს და აქციებს ყველა მათგანი ყიდვის რეკომენდაციას ანიჭებს. საშუალო სამიზნე ფასი $441.80-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $480.00-ს, ხოლო მინიმალური — $403.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი S&P Global-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 17.5%-იან ზრდას გულისხმობს.
Moderna
გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Moderna-მ კვარტალური ანგარიში წარადგინა, სავაჭრო დღის განმავლობაში კი ბიოტექნოლოგიური კომპანიის აქციების ფასი 6%-ზე მეტით შემცირდა. მიმდინარე წლის მანძილზე ეს მაჩვენებელი დაახლოებით 60%-ით არის შემცირებული.
ფისკალური 2023 წლის მესამე კვარტალში Moderna-ს შემოსავალი წლიდან წლამდე $1.83 მილიარდამდე შემცირდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $1.4 მილიარდი), რაშიც მენეჯმენტმა ვაქცინის გაყიდვების შემცირება დაადანაშაულა. გარდა ამისა, გასულ მეოთხედში Moderna-ს ზარალმა $3.6 მილიარდი შეადგინა, ანუ ზარალი თითო აქციაზე $9.53 იყო, რამაც ძალიან გადააჭარბა უოლ სტრიტის ანალიტიკოსების პროგნოზს — -$1.9-ს.
აღმასრულებელმა დირექტორმა — სტეფან ბანსელმა განმარტა: „Moderna-მ მნიშვნელოვნად შეცვალა წარმოების ინფრასტრუქტურა, რათა ჩვენი COVID-19 ფრანჩაიზი მომგებიანი გახდეს 2024 წლისთვის და მის შემდეგ“.
რაც შეეხება მომავალს, Moderna-ს მენეჯმენტი პროგნოზირებს, რომ ფისკალურ 2024 წელს შემოსავალი დაახლოებით $4 მილიარდს მიაღწევს, რაც ანალიტიკოსების შეფასების მხოლოდ ორ მესამედს შეადგენს. კომპანიაში მოელიან, რომ ზრდის უმეტესობა წლის მეორე ნახევარზე მოვა.
სტეფან ბანსელმა ასევე განაცხადა, რომ მენეჯმენტის მოლოდინით, Moderna გაყიდვების ზრდას 2025 წელს დაუბრუნდება.
Moderna-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $71.00-ს შეადგენს. კომპანიას ამჟამად უოლ სტრიტის 13 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $147.92-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $231.00-ს, ხოლო მინიმალური — $60.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Moderna-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 108%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 13 ანალიტიკოსიდან 7-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 4-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 2-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
JFrog
ოთხშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, JFrog-მა მოსალოდნელზე ძლიერი ფინანსური შედეგები წარადგინა. გუშინ კი საწარმოების პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიის აქციების ფასი 16%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 17%-ით არის გაუმჯობესებული.
2023 წლის მესამე კვარტალში JFrog-ის შემოსავალი წლიდან წლამდე 23%-ით — $88.6 მილიონამდე გაიზარდა. ამ მაჩვენებელმა გადააჭარბა როგორც უოლ სტრიტის ანალიტიკოსების პროგნოზს — $87.5 მილიონს, ასევე კომპანიის მენეჯმენტის მოლოდინს — $87-$88 მილიონს.
JFrog-ის ქლაუდ შემოსავალი წლიდან წლამდე 46%-ით გაიზარდა და ახლა კომპანიის მთლიანი შემოსავლის 35%-ს შეადგენს. ქლაუდ სეგმენტის შემოსავალი მომხმარებლების მოხმარების დონეზეა დამოკიდებული. ფინანსურმა დირექტორმა — ჯეიკობ შულმანმა განმარტა, რომ შედეგები ძირითადად კომპანიის მსხვილი მომხმარებლების ქმედებებით იყო განპირობებული.
მესამე კვარტალში JFrog-ის თავისუფალმა ფულადმა ნაკადებმა $26 მილიონი შეადგინა, რაც IPO-ს (პირველადი საჯარო შეთავაზება) შემდეგ კომპანიისთვის ყველაზე მაღალი კვარტალური შედეგი იყო.
რაც შეეხება მომავალს, JFrog-ის მენეჯმენტი პროგნოზირებს, რომ 2023 წელს კომპანიის შემოსავალი $345.1-$346.1 მილიონს მიაღწევს (ძველი პროგნოზი — $343.5—$345.5 მილიონი).
JFrog-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $26.00-ს შეადგენს. კომპანიას ამჟამად უოლ სტრიტის 12 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $32.73-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $40.00-ს, ხოლო მინიმალური — $29.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი JFrog-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 25%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 12 ანალიტიკოსიდან 9-მ მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 3-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.