ჩარლი მანგერი, ინვესტორი და ბიზნესმენი, ცნობილია უორენ ბაფეტთან წარმატებული თანამშრომლობით და საინვესტიციო სამყაროში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილით. როგორც Berkshire Hathaway-ის ვიცე-თავმჯდომარემ, ჩარლიმ კომპანიის საინვესტიციო ფილოსოფიისა და სტრატეგიის ჩამოყალიბებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა.
1948 წელს მან ჰარვარდის სამართლის სკოლა იურისპრუდენციის დოქტორის წოდებით დაამთავრა და შემდეგ, როგორც უძრავი ქონების ადვოკატმა, საკუთარი იურიდიული ფირმაც დააარსა. თუმცა 1959 წელს ჩარლი ომაჰაში გამართულ ვახშამზე უორენ ბაფეტს შეხვდა, რის შემდეგაც ყველაფერი შეიცვალა.
ბაფეტის რჩევით, 1960-იან წლებში ჩარლიმ უარი თქვა სამართლის პრაქტიკაზე და ინვესტიციების მართვაზე კონცენტრირდა.
სანამ Berkshire Hathaway-ს შეუერთდებოდა, მანგერი საკუთარ საინვესტიციო ფირმას მართავდა, რომელიც, როგორც უორენ ბაფეტმა 1984 წელს აღნიშნა, 1962-1975 წლებში 19.8%-ის ტოლ საშუალო წლიურ შემოსავალს გამოიმუშავებდა. ეს კი ბევრად უკეთესი შედეგია, ვიდრე იმავე პერიოდში DJIA-ის 5%-იანი ანაზღაურება.
ჩარლი მანგერის საინვესტიციო მიდგომა
ჩარლი მანგერის საინვესტიციო მიდგომა ემყარება იმ ვარაუდს, რომ კარგი შესაძლებლობები მცირე და იშვიათია. ერთხელ მან აღნიშნა, რომ ცხოვრება შეუზღუდავი შესაძლებლობებით არ არის აღსავსე.
სწორედ ამიტომ, ჩარლი არა რაც შეიძლება ბევრი კარგი იდეის პოვნაზე, არამედ ცუდი და უღიმღამო შესაძლებლობების თავიდან აცილებაზეა ფოკუსირებული. ეს ერთგვარი შებრუნებულ მიდგომაა და აღსანიშნავია, რომ ინვესტორი ხშირად საუბრობს საკუთარი აზროვნების ინვერსიის მნიშვნელობაზე.
მანგერის დამოკიდებულება „შებრუნებული“ აზროვნების მიმართ ნათელი ხდება, როდესაც მის სიტყვებს ვაკვირდებით: „აღსანიშნავია, თუ რაოდენ დიდი გრძელვადიანი უპირატესობა მოიპოვეს ჩვენნაირმა ადამიანებმა, როდესაც ისინი მუდმივად ცდილობდნენ, არ ყოფილიყვნენ სულელები, ნაცვლად იმისა, რომ ინტელექტუალობაზე ფოკუსირებულიყვნენ“.
იქიდან გამომდინარე, რომ ინვესტორის აზრით, კარგი შესაძლებლობები იშვიათად ჩნდება, მანგერი მათ, აღმოჩენის შემთხვევაში, მაქსიმალურად იყენებს. ამ იდეას შესანიშნავად წარმოაჩენს უორენ ბაფეტის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გამონათქვამი: „შესაძლებლობები იშვიათად მოდის. როდესაც ოქრო წვიმს, მოიმარჯვეთ სათლი და არა — სათითე“.
შესაბამისად, მანგერი არ იზიარებს ფართოდ გავრცელებულ შეხედულებებს დივერსიფიკაციის შესახებ — მისი აზრით, 10 აქციების ფლობაც კი შეიძლება ზედმეტ დივერსიფიკაციაზე მიგვანიშნებდეს. თუ კარგი იდეები მართლაც იშვიათია, მაშინ რატომ უნდა შევიძინოთ ბევრი კომპანიის აქციები? თუ მანგერის ფილოსოფიას გავყვებით, ეს სრულიად ლოგიკურია. საინვესტიციო პორტფელში კარგი ინვესტიციების დადებით გავლენას უღიმღამო აქციების წარმადობა შეამცირებს.
ჩარლი მანგერი “Buy and Hold” (ყიდვა და შენარჩუნება) საინვესტიციო სტრატეგიას იყენებს. როდესაც ინვესტორი შესანიშნავ კომპანიას აღმოაჩენს, იგი მისი აქციების შენარჩუნებას განაგრძობს და რთულ პროცენტს საშუალებას აძლევს, თავისი ჯადოსნური საქმე შეასრულოს. როგორც ჩარლი ამბობს, „დიდი ფული არა ყიდვა-გაყიდვაში, არამედ ლოდინშია“.
დაბოლოს, ცნობილია, რომ ჩარლი მანგერი ღირებულებაზე ორიენტირებული ინვესტორია, თუმცა არის რაღაც, რაც მას სხვებისგან განასხვავებს. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ღირებულებაზე ორიენტირებული ინვესტორი ეძებს იმას, რაც იაფია, მიუხედავად ბიზნესის ხარისხისა, ჩარლი მზად არის გადაიხადოს მეტი ხარისხის სანაცვლოდ.
2014 წელს Berkshire Hathaway-ის აქციონერებისადმი მიწერილ წერილში უორენ ბაფეტმა აღნიშნა, რომ ღირებულებაზე ორიენტირებული ინვესტირების შესახებ პერსპექტივა მას სწორედ ჩარლიმ შეაცვლევინა. ბაფეტმა პარტნიორის სიტყვები მოიშველია: „დაივიწყეთ ის, რაც ხელსაყრელი ბიზნესის შესანიშნავ ფასად ყიდვის შესახებ იცით; ამის ნაცვლად, შეიძინეთ შესანიშნავი ბიზნესი ხელსაყრელ ფასად.“
დასკვნა
შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ ჩარლი მანგერის აზრით, კარგი საინვესტიციო შესაძლებლობები ცოტაა და, შესაბამისად, იგი თავის ფოკუსს მხოლოდ რამდენიმე კარგი აქციისკენ მიმართავს, იმ პირობით, რომ მას შეუძლია ისინი სამართლიან ფასად შეიძინოს. კარგ კომპანიაში ფულის დაბანდების შემდეგ ჩარლი ინვესტიციებს დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებს.