ხუთშაბათს, 26 ოქტომბერს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, რესტორნების ქსელმა — Chipotle Mexican Grill-მა მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური ანგარიში წარადგინა. პარასკევს კი ამერიკული კომპანიის აქციების ფასი დაახლოებით 1%-ით გაიზარდა. მიმდინარე წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი 37%-ზე მეტით არის გაუმჯობესებული.
Chipotle-ის კვარტალური შემოსავალი წლიდან წლამდე 11.3%-ით — $2.5 მილიარდამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $2.47 მილიარდი), რადგან კომპანიამ მეტი რესტორანი გახსნა, ხოლო მეტი ტრანზაქციების ფონზე 5%-ით მოიმატა ერთი და იმავე ლოკაციების გაყიდვებმა (Comps — ფინანსური მეტრიკა, რომელსაც საცალო ინდუსტრიის კომპანიები იყენებს, რათა შეაფასოს გაყიდვების მთლიანი მოცულობა კომპანიის ლოკაციებზე, რომლებიც ერთი წლის ან მეტი ხნის განმავლობაში ფუნქციონირებს). წმინდა მოგება თითქმის 13%-ით გაიზარდა და $313.2 მილიონი შეადგინა, ანუ თითო აქციაზე მოგება (EPS) $11.32 იყო. ამ მაჩვენებელმა ბევრად გადააჭარბა უოლ სტრიტის პროგნოზს — $10.55-ს. Chipotle-ის საოპერაციო მარჟა, გასული წლის იმავე კვარტალთან შედარებით, თითქმის სრული პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა და 16% შეადგინა.
ძლიერი შედეგები იმის მანიშნებელია, რომ Chipotle, მაღალი ინფლაციის პირობებში, მომხმარებლებისთვის კვლავ პოპულარულ არჩევანად რჩება.
მთავარმა ფინანსურმა დირექტორმა (CFO) — ჯონ ჰარტუნგმა, კომპანიის კვარტალური ანგარიშის წარდგენისას, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ადამიანები ამჯობინებენ Chipotle-ში სადილობას, რადგან კომპანიის ფასები ძალიან ხელმისაწვდომია.
თუმცა, აღმასრულებლებმა აღნიშნეს, რომ საკვების გარკვეულ კატეგორიებზე ფასების ზრდამ მომგებიანობა ნაწილობრივ შეაფერხა. Chipotle-მა ფასების აწევა ორი წლის წინ დაიწყო, ხოლო გასულ წელს — შეაჩერა. კომპანიამ მენიუს ფასები კვლავ გაზარდა ოქტომბრის დასაწყისში, პირველად ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, მუდმივი ინფლაციის კომპენსაციის მიზნით.
ჯონ ჰარტუნგმა ასევე განაცხადა, რომ ყველისა და ავოკადოს უფრო მაღალმა ფასებმა შეიძლება მეოთხე კვარტალში Chipotle-ის ხარჯები გაზარდოს, ხოლო შრომის მაღალმა დანახარჯებმა, შესაძლოა, მოგებაზე გავლენა იქონიოს. მიუხედავად ამისა, აღმასრულებლები ვარაუდობენ, რომ გაყიდვები მეოთხე კვარტალში და ზოგადად 2023 წელს საშუალო ან მაღალი ერთნიშნა პროცენტული მაჩვენებლით გაიზრდება.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, მიმდინარე წლის განმავლობაში Chipotle-ის აქციების ფასი თითქმის 40%-ით არის მომატებული, რაც ბევრად აღემატება AdvisorShares Restaurant ETF-ის წარმადობას. ეს უკანასკნელი წარმოადგენს სარესტორნო ინდუსტრიის ეფექტურობის მაჩვენებელს, რომელიც წლიდან წლამდე თითქმის უცვლელია.
Chipotle-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $1,888.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 19 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $2,180.00-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $2,520.00-ს, ხოლო მინიმალური — $1,890.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Chipotle-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 15.5%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 19 ანალიტიკოსიდან 14-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 5-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.