გუშინ საფონდო ბირჟა მოიცვა საინტერესო სიახლეებმა, რომლებმაც სხვადასხვა კომპანიის აქციებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის Meta Platforms, Rollins, Sun Communities, Western Union და Sunnova Energy.
Meta Platforms
ოთხშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, სოციალური მედიის გიგანტმა — Meta Platforms-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა, გუშინ კი კომპანიის აქციების ფასი დაახლოებით 4%-ით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი 131%-ზე მეტით არის გაუმჯობესებული.
Meta-მ დააფიქსირა შედეგები, რომლებიც უოლ სტრიტის ანალიტიკოსების მოლოდინებს ბევრად აღემატებოდა. მეორე მხრივ, მენეჯმენტმა მომავლის ფრთხილი პროგნოზები წარადგინა. რბილი მოლოდინებისა და კომენტარების გარდა, Meta-ზე ნეგატიურად იმოქმედა ფაქტმა, რომ გუშინ ტექნოლოგიური აქციებისთვის ცუდი დღე იყო. გუშინ Nasdaq Composite ინდექსი დაახლოებით 1.8%-ით დაეცა.
მესამე კვარტალში Meta-ს შემოსავალი წლიდან წლამდე 23.2%-ით — $34.16 მილიარდამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $33.57 მილიარდი). წმინდა მოგებამ კი 143%-ით მოიმატა და $11.58 მილიარდი შეადგინა, ანუ EPS (მოგება თითო აქციაზე) $4.39 იყო (პროგნოზი — $3.64). კომპანიის საოპერაციო შემოსავლის მარჟა გასული წლის იმავე კვარტალში დაფიქსირებული 20%-დან 40%-მდე გაიზარდა.
გარდა ამისა, კომპანიამ დააფიქსირა ძალიან ძლიერი წარმადობა ძირითადი მომხმარებლის ჩართულობის ფრონტებზე. Facebook-ის პლატფორმაზე ყოველდღიური აქტიური მომხმარებლების (DAU) რაოდენობა წლიდან წლამდე წელიწადში 5%-ით — $2.09 მილიარდამდე გაიზარდა, ხოლო ყოველთვიური აქტიური მომხმარებლების რიცხვმა 3%-ით მოიმატა და $3.05 მილიარდს მიაღწია. ამავდროულად, Facebook-ის, Instagram-ის, WhatsApp-ისა და სხვა პლატფორმების ერთობლივი DAU-ები 7%-ით — $3.14 მილიარდამდე გაიზარდა, ხოლო ყოველთვიური აქტიური მომხმარებლების რაოდენობამ ასევე 7%-ით მოიმატა და $3.96 მილიარდი შეადგინა.
მიუხედავად ასეთი შედეგებისა, მენეჯმენტის მითითებები და კომენტარები აქციებზე უარყოფითად ზემოქმედებს, ტექნოლოგიური სექტორის ირგვლივ ნეგატიური განწყობის ზოგად ზრდასთან ერთად.
რაც შეეხება მომავალს, Meta-ს მენეჯმენტი მოელის, რომ მეოთხე კვარტალში კომპანიის შემოსავალი $36.5-$40 მილიარდს შეადგენს, რაც ჩამორჩება ანალიტიკოსების პროგნოზს — $38.87 მილიარდს.
Meta Platforms-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $288.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 38 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $384.06-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $425.00-ს, ხოლო მინიმალური — $332.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Meta Platforms-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 33%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 38 ანალიტიკოსიდან 37-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 1-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Rollins
ოთხშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Rollins-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა, გუშინ კი მავნებლებთან ბრძოლის კომპანიის აქციების ფასი 4%-ით გაიზარდა. მიმდინარე წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი 2%-ზე მეტით არის შემცირებული.
მესამე კვარტალში Rollins-ის შემოსავალი წლიდან წლამდე 15%-ით — $840.43 მილიონამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $827.37 მილიონი). ამ შედეგის დიდი ნაწილი განპირობებული იყო კომპანიის ბოლო შესყიდვით — აპრილში Rollins-მა Fox Pest Control-ის შეიძინა. თუმცა, ამ ცვლილებით გამოწვეული შედეგების გარეშეც კი, კომპანიის შემოსავალი 8%-ზე მეტით გაიზრდებოდა.
კორექტირებული წმინდა მოგება კიდევ უფრო მეტად, 24%-ით გაიზარდა და $135.5 მილიონს მიაღწია. კორექტირებული EPS $0.28 იყო (უოლ სტრიტის პროგნოზი — $0.25).
Rollins-ის აღმასრულებელმა დირექტორმა — ჯერი გალჰოფმა განაცხადა: „ორგანული ზრდა რჩება ჯანსაღი, სანამ ჩვენ შესყიდვების ფრონტზე აქტიურობას განვაგრძობთ. ჩვენს სერვისებზე მოთხოვნა კი მყარია“.
Rollins-ის მენეჯმენტმა ასევე აღნიშნა, რომ აპირებს გააგრძელოს თავისი კაპიტალის განაწილების პროგრამა აქციების გამოსყიდვისა და დივიდენდების გაზრდის სახით. სამშაბათს კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ კვარტალური დივიდენდები 15%-ით მოიმატებს და $0.15-ს შეადგენს.
Rollins-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $36.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 5 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $44.26-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $52.00-ს, ხოლო მინიმალური — $40.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Rollins-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 24%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 5 ანალიტიკოსიდან 4-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 1-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Sun Communities
ოთხშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Sun Communities-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა, გუშინ კი REIT-ის (უძრავი ქონების საინვესტიციო ტრასტი) აქციების ფასი 4%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 23%-ით არის შემცირებული.
Sun Communities-ის კვარტალური შემოსავალი წლიდან წლამდე 5%-ით — $983.2 მილიონამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $940.24 მილიონი), ხოლო წმინდა მოგებამ $163 მილიონი შეადგინა, ანუ EPS $1.31 იყო (პროგნოზი — $1.28).
კორექტირებული ფულადი სახსრები ოპერაციებიდან (FFO) — მომგებიანობის უფრო თვალსაჩინო მეტრიკა REIT-ებისთვის — გასული წლის იმავე კვარტლიდან $336 მილიონიდან $329 მილიონამდე შემცირდა (თითო აქციაზე — $2.57).
Sun Communities-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $108.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 9 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $135.56-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $157.00-ს, ხოლო მინიმალური — $110.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Sun Communities-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 26%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 9 ანალიტიკოსიდან 7-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 2-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Western Union
ოთხშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Western Union-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა. გუშინ კი ფულის გადარიცხვის სპეციალისტის აქციების ფასი დაახლოებით 10%-ით შემცირდა. მიმდინარე წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი 17%-ზე მეტით არის დაკლებული.
მიუხედავად იმისა, რომ კვარტალური მაჩვენებლები მოსალოდნელზე უკეთესი იყო და კომპანიის პროგნოზები მოკრძალებულად გაუმჯობესდა, ინვესტორები მაინც იმედგაცრუებულნი ჩანდნენ, რომ Western Union-ში დიდი ცვლილებები უფრო სწრაფად არ მიმდინარეობს.
მესამე კვარტალში ფულის გადარიცხვის კომპანიის შემოსავალი წლიდან წლამდე 1%-ით (კორექტირებული — 7%-ით) — $1.1 მილიარდამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $1.03 მილიარდი).
ამ პერიოდში კორექტირებული საოპერაციო მარჟა 20.6%-დან 19.6%-მდე დაეცა, რადგან კომპანია ინვესტირებას ახორციელებს დიდი ცვლილებების სტრატეგიაში სახელწოდებით — “Evolve 2025”.
კორექტირებული EPS $0.42-დან $0.43-მდე გაიზარდა და ამ მაჩვენებელმა გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $0.38-ს.
რაც შეეხება მომავალს, Western Union-ის მენეჯმენტმა ოდნავ გაზარდა თავისი პროგნოზები. კომპანიაში ახლა მოელიან, რომ მთელი წლის განმავლობაში შემოსავალი უცვლელი დარჩება ან 1%-ით გაიზრდება (წინა პროგნოზი — -1%-1%). მენეჯმენტი ასევე პროგნოზირებს, რომ კორექტირებული EPS $1.68-$1.75-ს მიაღწევს (ძველი პროგნოზი — $1.65-$1.75).
Western Union-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $12.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 13 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $13.18-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $18.00-ს, ხოლო მინიმალური — $10.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Western Union-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 13%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 13 ანალიტიკოსიდან 1-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 7-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 5-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Sunnova Energy
ოთხშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Sunnova Energy International-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა, გუშინ კი მზის ენერგიის კომპანიის აქციების ფასი 16%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 47%-ით არის შემცირებული.
Sunnova Energy-ის შემოსავალი, გასული წლის იმავე კვარტალთან შედარებით, $149.4 მილიონიდან $198.4 მილიონამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $209.76 მილიონი), ხოლო წმინდა ზარალი ოდნავ შემცირდა $63.1 მილიონამდე, ანუ ზარალმა თითო აქციაზე $0.53 შეადგინა (პროგნოზი — -$0.26).
რაც შეეხება მომავალს, მენეჯმენტი მოელის, რომ მთელი 2023 წლისთვის კორექტირებული EBITDA (მოგება ვალის მომსახურების ხარჯების, გადასახადების, ცვეთისა და ამორტიზაციის გამოკლებამდე) $235-$255 მილიონს მიაღწევს. 2024 წლისთვის კი კომპანიაში მოელიან, რომ კორექტირებული EBITDA $350-$450 მილიონამდე გაიზრდება.
Sunnova Energy-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $9.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 19 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $20.97-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $38.00-ს, ხოლო მინიმალური — $11.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Sunnova Energy-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 125%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 19 ანალიტიკოსიდან 14-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 5-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.