სამრეწველო საქონლის სექტორი ძირითადად მოიცავს კაპიტალური საქონლის მწარმოებელ კომპანიებს, რომელთა პროდუქტებიც გამოიყენება წარმოებაში, რესურსების მოპოვებაში და მშენებლობაში.
სამრეწველო საქონლის სექტორის კომპანიები აწარმოებენ და ყიდიან მანქანა-დანადგარებს და აღჭურვილობებს, რომლებიც სხვა საქონლის წარმოებისთვის გამოიყენება.
სამრეწველო საქონლის სექტორის გააზრება
სამრეწველო საქონლის სექტორი მოიცავს კომპანიებს, რომლებიც ჩართულნი არიან აერონავტიკასა და თავდაცვაში, მანქანა-დანადგარების, ხელსაწყოების, ხე-ტყის წარმოებაში, მშენებლობაში, ნარჩენების მენეჯმენტში და ა. შ. სამრეწველო საქონლის სექტორის ეფექტიანობა დიდწილად არის დამოკიდებული მშენებლობაზე მიწოდებითა და მოთხოვნით საცხოვრებელი, კომერციული და სამრეწველო უძრავი ქონების სეგმენტებში, ისევე როგორც წარმოებულ პროდუქციაზე მოთხოვნით.
რეცესიის დროს ამ სექტორში აქტივობა იკლებს, რადგან კომპანიები გაფართოებას წყვეტენ და ნაკლებ საქონელს აწარმოებენ. თუმცა სამრეწველო საქონლის სექტორი მოიცავს ქვესექტორების ფართო სპექტრს და, როგორც წესი, რეცესიის პერიოდში მათგან მინიმუმ ერთი მაინც ხასიათდება ზრდით. სამრეწველო საქონლის სექტორი გადის სასიცოცხლო ციკლებს, რომლის განმავლობაშიც ზრდის ფაზაში სხვადასხვა ქვესექტორი ექცევა.
ზრდის ციკლის ძირითადი ეტაპებია ზრდის დაჩქარება, ზრდის შენელება, კლების დაჩქარება და კლების შენელება. ინვესტორები კარგ შედეგებს აღწევენ, როდესაც ინდუსტრიის ტენდენციებს და ზრდის ციკლის პროგრესირებას ყურადღებას აქცევენ.
სამრეწველო საქონლის სტატისტიკის კონტროლი
შრომის სტატისტიკის ბიურო (BLS) არის ღირებული რესურსი ინვესტორებისა და ანალიტიკოსებისთვის აშშ-ის სამრეწველო საქონლის სექტორის სტატისტიკური მონაცემების მოსაძიებლად. BLS-ის მონაცემებში სამრეწველო საქონლის სექტორი განხილულია მთლიანობაში და ასევე დაყოფილია ქვესექტორებად. შრომის სტატისტიკის ბიურო გვაწვდის მნიშვნელოვან ინფორმაციას, როგორიცაა დასაქმება, პროფკავშირის წევრობა, ზრდის პროგნოზები, საათობრივი ხელფასი და ფატალური შემთხვევები/დაზიანებები. ინვესტორებს შეუძლიათ ეს სტატისტიკური მონაცემები ზრდის ციკლების დასადგენად გამოიყენონ.
გარდა ამისა, აშშ-ის აღწერის ბიურო აქვეყნებს ყოველთვიურ მონაცემებს კაპიტალური საქონლის ახალი შეკვეთების შესახებ, რომლებიც სხვადასხვა ქვესექტორებად იყოფა. ამ მონაცემებმა შეიძლება მოგვაწოდოს ღირებული ინფორმაცია სამრეწველო საქონლის სექტორში გრძელვადიანი და მოკლევადიანი ტენდენციების შესახებ.
მსხვილი სამრეწველო საქონლის კომპანიები
შეერთებულ შტატებში სამრეწველო საქონლის სექტორი უმსხვილეს კომპანიებს მოიცავს: General Electric, Honeywell, Union Pacific, Caterpillar, 3M, Dow Chemical და Boeing.
მართლაც, Dow Jones Industrial Average (DJIA) აშშ-ში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საორიენტაციო ინდექსია, რომელიც 30 ლურჯი ჩიპის კომპანიას აერთიანებს. ეს ინდექსი სამრეწველო საქონლის სექტორის აქციებით არის დატვირთული. DJIA 1896 წლის 26 მაისს ორმა ფინანსურმა ჟურნალისტმა — ჩარლზ დოუმ და ედვარდ ჯონსმა შექმნეს. საწყის ეტაპზე DJIA აშშ-ის 12 უმსხვილეს კომპანიას მოიცავდა: American Cotton Oil, American Sugar, American Tobacco, Chicago Gas, Distilling & Cattle Feeding, General Electric, Laclede Gas, National Lead, North American, Tennessee Coal and Iron, U.S. Leather და U.S. Rubber. ეს კომპანიები ძირითადად ინდუსტრიულ სექტორში ოპერირებდნენ.
XX საუკუნის დასაწყისში სამრეწველო კომპანიების საქმიანობა, როგორც წესი, ეკონომიკის საერთო ზრდის ტემპთან იყო დაკავშირებული. ამან განამტკიცა კავშირი Dow-სა და მთლიანი ეკონომიკის ეფექტურობას შორის. დღესაც კი ბევრი ინვესტორისთვის DJIA-ის კარგი წარმადობა ეკონომიკის სიძლიერეს ნიშნავს.