კერძო სექტორი არის ეკონომიკის ის ნაწილი, რომელსაც, მოგების მიღების მიზნით, მართავენ ფიზიკური პირები და კომპანიები. ის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი არ არის. აქედან გამომდინარე, კერძო სექტორი მოიცავს ყველა მომგებიან ბიზნესს, რომელსაც მთავრობა არ ფლობს ან მართავს. კომპანიები და კორპორაციები, რომლებიც სახელმწიფოს მიერ არიან ოპერირებულნი, შედიან ეკონომიკის იმ ნაწილს, რომელიც ცნობილია როგორც საჯარო სექტორი. ხოლო საქველმოქმედო და სხვა არაკომერციული ორგანიზაციები მოხალისეობრივ სექტორში ერთიანდებიან.
კერძო სექტორის გააზრება
კერძო სექტორი არის ეროვნული ეკონომიკის სეგმენტი, რომელსაც ფლობენ, აკონტროლებენ და მართავენ კერძო პირები ან საწარმოები. კერძო სექტორის მიზანს ფულის გამომუშავება წარმოადგენს და ის უფრო მეტს ადამიანს ასაქმებს, ვიდრე — საჯარო სექტორი. კერძო სექტორის ეკონომიკური ობიექტი შეიძლება ახალი საწარმოს ჩამოყალიბებით ან საჯარო სექტორის ორგანიზაციის პრივატიზებით წარმოიქმნას. მსხვილი კორპორაცია შეიძლება იყოს კერძო საკუთრებაში, ან მისი აქციები საჯაროდ მიმოიქცეოდეს საფონდო ბირჟაზე. კერძო სექტორის ბიზნესები ამცირებენ ფასებს საქონელსა და მომსახურებაზე, კონკურენციას უწევენ ერთმანეთს მომხმარებლებისგან შემოსავლის მისაღებად. თეორიულად, მომხმარებელს არ სურს რაიმესთვის ზედმეტის გადახდა, მაშინ როდესაც იმავე ნივთის შეძენა სხვაგან უფრო დაბალ ფასად არის შესაძლებელი.
თავისუფალი ეკონომიკების უმეტესობაში, კერძო სექტორი ეკონომიკის დიდ ნაწილს წარმოადგენს, განსხვავებით ქვეყნებისგან, რომლებიც ეკონომიკაზე სახელმწიფო კონტროლის უფრო მაღალი ხარისხით გამოირჩევა. ასეთ ქვეყნებში საჯარო სექტორზე ეკონომიკის უფრო დიდი წილი მოდის. მაგალითად, შეერთებულ შტატებს აქვს ძლიერი კერძო სექტორი, რადგან აქ თავისუფალი ეკონომიკა მოქმედებს, ხოლო ჩინეთი, სადაც მთავრობა ქვეყნის ბევრ კორპორაციას აკონტროლებს, უფრო დიდი საჯარო სექტორით არის წარმოდგენილი.
კერძო სექტორის ბიზნესების სახეები
კერძო სექტორი ძალიან მრავალფეროვანია და ის მრავალი ქვეყნის ეკონომიკის დიდ ნაწილს შეადგენს. კერძ სექტორს შემდეგი სუბიექტები ქმნიან:
- ინდივიდუალური მეწარმეები
- პარტნიორობები
- მცირე და საშუალო ბიზნესები
- მსხვილი კორპორაციები და მრავალეროვნული კომპანიები
- პროფკავშირები
განსხვავებები კერძო და საჯარო სექტორებს შორის
კერძო სექტორი ადამიანებს ინდივიდუალური ბიზნესის მფლობელების, კორპორაციების ან სხვა არასამთავრობო უწყებების მეშვეობით ასაქმებს. მათი საქმიანობები მოიცავს წარმოებას, ფინანსურ მომსახურებას, სტუმართმოყვარეობის ინდუსტრიას და ა. შ. დასაქმებულთა ანაზღაურება კომპანიის მოგების ნაწილის საშუალებით მიიღწევა.
საჯარო სექტორი ადამიანებს ფედერალური, შტატის ან ადგილობრივი ხელისუფლების მეშვეობით ასაქმებს. ტიპური საჯარო სამსახურები მოიცავს ჯანდაცვის, სწავლების, სასწრაფო დახმარების, შეიარაღებული ძალების სფეროებს, ასევე სხვადასხვა მარეგულირებელ და ადმინისტრაციულ უწყებებს. საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანები ანაზღაურებას მთავრობის მიერ შეგროვებული გადასახადებიდან იღებენ.
კერძო და საჯარო სექტორების პარტნიორობა
ზოგჯერ კერძო და საჯარო სექტორები თანამშრომლობენ, რათა საერთო მიზნების მიღწევა შეძლონ. კერძო სექტორის ბიზნესი იყენებს სამთავრობო აქტივებსა და რესურსებს საჯარო ობიექტების ან სერვისების განვითარების, დაფინანსების, ფლობისა და ექსპლუატაციის დროს.