გუშინ საფონდო ბირჟაზე გავრცელდა მნიშვნელოვანი სიახლეები, რომლებმაც ცნობილი კომპანიების აქციების ფასებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს სწორედ მათ მიმოვიხილავთ და შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის Amazon, Microsoft, Eli Lilly, McCormick & Company და Home Depot.
Amazon & Microsoft
გუშინ, Reuters-ის მიერ წარდგენილი ანგარიშის შემდეგ, ტექნოლოგიური გიგანტის — Amazon-ის აქციების ფასი დაახლოებით 4%-ით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი 45%-ზე მეტით არის გაუმჯობესებული.
Reuters-ის ინფორმაციით, შესაძლოა, ბრიტანულმა მარეგულირებლებმა ანტიმონოპოლიური გამოძიება წამოიწყონ ქლაუდ გამოთვლების ბაზარზე კომპანიის დომინირებასთან დაკავშირებით.
ცნობილია, რომ გამოძიების ნაწილი კიდევ ერთი ტექნოლოგიური გიგანტია — Microsoft. მისი აქციების ფასი გუშინ დაახლოებით 3%-ით შემცირდა. მიმდინარე წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი თითქმის 31%-ით არის გაუმჯობესებული.
როგორც Reuters იუწყება, ბრიტანული მედია მარეგულირებელი Ofcom (Office of Communications) ქლაუდ გამოთვლებში Amazon-ისა და Microsoft-ის დომინირებას აპრილიდან აკვირდება, მაგრამ ოფიციალური ანგარიშის წარდგენას ამ ხუთშაბათს აპირებს.
მთლიანობაში, Amazon-ის AWS განყოფილება და Microsoft-ის Azure გაერთიანებული სამეფოს ქლაუდ გამოთვლების ბაზრის დაახლოებით 60%-70%-ს აკონტროლებენ, ხოლო Alphabet-ის Google მხოლოდ 10%-იან წილს ფლობს. ეს უკანასკნელი ჯერჯერობით არ არის გამოძიების საგანი და გუშინ მისი აქციების ფასი დაახლოებით 1.5%-ით შემცირდა.
აღსანიშნავია, რომ ეს კომპანიები აშკარად უწესებენ ტექნიკურ შეზღუდვებს თავიანთ მომხმარებლებს, რაც მსურველებს ქლაუდ სერვისების ერთზე მეტი პროვაიდერის სერვისის გამოყენებაში ხელს უშლის.
Ofcom-ის წარმომადგენლები შეშფოთებულნი არიან, რომ ერთზე მეტი პროვაიდერის გამოყენებისას მომხმარებლების შესაძლებლობების შეზღუდვა მცირე კომპანიებს საშუალებას არ მისცემს, ბაზრის წილი გაზარდოს და ლიდერებს კონკურენცია გაუწიოს.
მიუხედავად ამისა, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ Ofcom-ს ჯერ არ წარმოუდგენია თავისი ოფიციალური გადაწყვეტილება. თუ ის გადაწყვეტს, რომ გამოძიება გამართლებულია, შემდეგი ნაბიჯი ბრიტანეთის კონკურენციისა და ბაზრის ორგანოსადმი (CMA) მიმართვა იქნება. ხუთშაბათს გაირკვევა, თუ როგორ განვითარდება მომავალში მოვლენები.
ამრიგად, ფაქტობრივ გამოძიებას CMA უხელმძღვანელებს. თუ Ofcom-მა CMA-ს მიმართა, ასეთი გამოძიება შეიძლება 24 ან თუნდაც 32 კვირა გაგრძელდეს.
Amazon-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $125.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 41 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $176.02-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $230.00-ს, ხოლო მინიმალური — $140.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Amazon-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 41%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 41 ანალიტიკოსიდან 40-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 1-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Microsoft-ის აქციების ამჟამინდელი ფასი კი დაახლოებით $313.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 34 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $397.19-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $440.00-ს, ხოლო მინიმალური — $298.10-ს. საშუალო სამიზნე ფასი Microsoft-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 27%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 34 ანალიტიკოსიდან 30-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 4-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Eli Lilly
გუშინ, მნიშვნელოვანი სიახლის შემდეგ, ამერიკული ფარმაცევტული კომპანიის — Eli Lilly-ის აქციების ფასი 2%-ზე მეტით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 44%-ით არის გაუმჯობესებული.
გუშინ, სავაჭრო დღის დაწყებამდე, Eli Lilly-ის მენეჯმენტმა გამოაცხადა, რომ დათანხმდა რადიოფარმაცევტული კომპანიის — Point Biopharma Global-ის შეძენას დაახლოებით $1.4 მილიარდად ნაღდი ფულით, ანუ $12.50-ად თითო აქციაზე. ეს უკანასკნელი თითქმის ორჯერ აჭარბებს ორშაბათს, ბაზრის დახურვისას დაფიქსირებულ, Point-ის აქციების ფასს. Eli Lilly-ის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ გარიგება უკვე ორივე კომპანიის დირექტორთა საბჭომ დაამტკიცა.
ეს ნაბიჯი გამოწვეულია სიმსივნის თერაპიებზე დიდი მოთხოვნით — ამ მიმართულებით ბევრი ფარმაცევტული და ბიოტექნოლოგიური კომპანია ერთმანეთს კონკურენციას უწევს. Eli Lilly-ის სიმსივნის სამკურნალო მედიკამენტი — Alimta წარმატებული იყო და კომპანიას სურს სეგმენტი უფრო მეტად აითვისოს. ინვესტორებმა შეიძლება Point-თან დადებული გარიგება მიიჩნიონ იმის მანიშნებლად, რომ Eli Lilly-ის ამ მიზნის მისაღწევად ჯერ კიდევ გარკვეული მანძილი აქვს გასავლელი .
Point არის ბიოტექნოლოგიური კომპანია, რომელიც კონცენტრირებულია რადიოლიგანდურ თერაპიაზე — კიბოს უჯრედების ზუსტი განსაზღვრის ფორმა დაავადების წინააღმდეგ საბრძოლველად.
Point-ის შესყიდვის შესახებ პრესრელიზში Eli Lilly-ის ონკოლოგიის განყოფილების პრეზიდენტმა — ჯეიკობ ვან ნაარდენმა განაცხადა: „აღფრთოვანებულები ვართ ამ განვითარებადი მოდალობის პოტენციალით და Point-ის შეძენას აღვიქვამთ ინვესტიციის დასაწყისად მრავალი მნიშვნელოვანი რადიოლიგანდური მედიკამენტის შემუშავებაში“.
მენეჯმენტი მოელის, რომ Point-თან დადებული გარიგება მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.
Eli Lilly-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $525.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 17 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $593.31-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $640.00-ს, ხოლო მინიმალური — $470.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Eli Lilly-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 13%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 17 ანალიტიკოსიდან 16-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 1-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Point Biopharma Global-ის აქციების ამჟამინდელი ფასი კი დაახლოებით $12.40-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 4 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $16.13-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $27.00-ს, ხოლო მინიმალური — $12.50-ს. საშუალო სამიზნე ფასი Point Biopharma Global-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 30.5%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 4 ანალიტიკოსიდან 1-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 3-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
McCormick & Company
გუშინ, ბაზრის გახსნამდე, McCormick & Company-მ კვარტალური ანგარიში წარადგინა, სავაჭრო დღის განმავლობაში კი სანელებლების კომპანიის აქციების ფასი 8%-ზე მეტით შემცირდა. მიმდინარე წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 18%-ით არის დაკლებული.
ფისკალური 2023 წლის მესამე კვარტალში McCormick & Company-ის წმინდა გაყიდვები წლიდან წლამდე 6%-ით — $1.68 მილიარდამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $1.7 მილიარდი). ამასთან აღსანიშნავია, რომ ფისკალური 2023 წლის პირველი სამი კვარტლის განმავლობაში, კომპანიის წმინდა გაყიდვებმა დაახლოებით 5.5%-ით მოიმატა ფისკალური 2022 წლის იმავე პერიოდთან შედარებით. EPS-მა (მოგება თითი აქციაზე) $0.65 შეადგინა და ეს მაჩვენებელი შეესაბამებოდა ანალიტიკოსების პროგნოზს.
პრობლემა ის არის, რომ უოლ სტრიტს ოდნავ უფრო მაღალი მოლოდინები ჰქონდა. ჩინეთში შარშან უფრო დიდი შეზღუდვები იყო, ვიდრე წელს, COVID-19-ის გამო, მაგრამ გაყიდვები არ აღდგა ისე, როგორც ეს მოსალოდნელი იყო.
რაც შეეხება მომგებიანობას, მესამე კვარტალში McCormick-ის საოპერაციო შემოსავალი წლიდან წლამდე 4%-ით გაიზარდა. იმის გათვალისწინებით, რომ წმინდა გაყიდვებმა მოიმატა უფრო სწრაფად, ვიდრე საოპერაციო შემოსავალმა, ინფლაცია აშკარად აზარალებს კომპანიის მოგებას. ეს კი ინვესტორებს აშფოთებს.
რაც შეეხება მომავალს, McCormick-ის მენეჯმენტმა მთელი წლის მოლოდინების უმეტესი ნაწილი შეინარჩუნა. გამონაკლისი იყო კორექტირებული EPS-ის პროგნოზი, რომელიც გაიზარდა. კომპანიაში ახლა მოელიან, რომ ეს მაჩვენებელი $2.62-$2.67-ს შეადგენს. შარშან კი კორექტირებული EPS $2.53 იყო.
McCormick & Company-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $68.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 5 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $78.25-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $87.00-ს, ხოლო მინიმალური — $70.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი McCormick & Company-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 14%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 5 ანალიტიკოსიდან 3-მა მიანიჭა ნეიტრალური რეიტინგი, 2-მა — გაყიდვის რეკომენდაცია და არცერთმა — ყიდვის რეკომენდაცია.
Home Depot
გუშინ, მნიშვნელოვანი სიახლეების შემდეგ, სახლის გაუმჯობესების პროდუქტების საცალო მოვაჭრის — Home Depot-ის აქციების ფასი დაახლოებით 3%-ით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი 7%-ზე მეტით არის დაკლებული.
აშშ-ში აგვისტოში სამუშაო ადგილების ზრდამ და ფედერალური სარეზერვო სისტემის (Fed) წარმომადგენლების კომენტარებმა ხელი შეუწყო საპროცენტო განაკვეთების მატების განახლებულ შიშებს. 10-წლიანი სახაზინო ობლიგაციების შემოსავალი კი 16-წლიან მაქსიმუმამდე — 2.29%-დან 4.79%-მდე გაიზარდა.
იპოთეკური განაკვეთები მჭიდროდ არის დაკავშირებული სახაზინო ობლიგაციების შემოსავლიანობასთან, ამიტომ პირველმა მათგანმაც მოიმატა. Mortgage News Daily-ის თანახმად, 30-წლიანი ფიქსირებული იპოთეკური საშუალო განაკვეთი 7.72%-მდე გაიზარდა.
იპოთეკური განაკვეთების ზრდა ადამიანებს ახალი სახლების შეძენისგან თავის შეკავებისკენ უბიძგებს. Home Depot-ისთვის კი ეს პრობლემაა, რადგან კომპანიის ბიზნესი მჭიდროდ არის დაკავშირებული საბინაო ბაზართან.
ინვესტორები უკვე ელოდნენ, რომ მიმდინარე წელს Home Depot-ის გაყიდვები და მოგება შემცირდებოდა, რადგან ამის შესახებ კომპანიის მენეჯმენტმა განაცხადა. თუმცა, გასულ თვეში Fed-ის განახლებული პროგნოზი, რომელშიც ნათქვამია, რომ საპროცენტო განაკვეთები უფრო დიდხანს დარჩება მაღალ ნიშნულზე, ბიზნესისთვის წინაღობების გარკვეული დროით შენარჩუნებაზე მიუთითებს.
Home Depot-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $292.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 23 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $350.74-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $384.00-ს, ხოლო მინიმალური — $315.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Home Depot-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 20%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 23 ანალიტიკოსიდან 15-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 8-მ — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.