ინდუსტრია არის იმ კომპანიების ჯგუფი, რომლებიც ერთმანეთთან მათი ძირითადი ბიზნეს საქმიანობის საფუძველზეა დაკავშირებული. თანამედროვე ეკონომიკაში ინდუსტრიის ათობით კლასიფიკაცია არსებობს. ინდუსტრიები, როგორც წესი, დაჯგუფებულია უფრო დიდ კატეგორიებად, რომლებსაც სექტორებს უწოდებენ.
ცალკეული კომპანიის ამა თუ იმ ინდუსტრიისადმი მიკუთვნება მისი შემოსავლის ძირითად წყაროზეა დამოკიდებული. მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილების მწარმოებელს შეიძლება ჰქონდეს დაფინანსების განყოფილება, რომლის წვლილიც მის მთლიან შემოსავალში 10%-ს შეადგენს, ეს კომპანია მაინც ავტომწარმოებლების ინდუსტრიის ნაწილად კლასიფიცირდება, რადგან შემოსავლის უმეტეს ნაწილს ის სწორედ ამ მიმართულებიდან იღებს.
ინდუსტრიის გააზრება
მსგავსი ბიზნესები ინდუსტრიებად წარმოებული ან გაყიდული პირველადი პროდუქტის საფუძველზე ჯგუფდება. ინვესტორები და ეკონომისტები ხშირად სწავლობენ ინდუსტრიებს, რათა კორპორატიული მოგების ზრდის ფაქტორებსა და შეზღუდვებში უკეთ გაერკვნენ. მათ ასევე შეუძლიათ, ერთმანეთს ერთსა და იმავე ინდუსტრიაში მოქმედი კომპანიები შეადარონ, რათა მათთვის საინტერესო ფირმის შედარებითი მიმზიდველობა შეაფასონ.
მნიშვნელოვანი საკითხები
ერთ ინდუსტრიაში გაერთიანებული კომპანიების აქციების ფასები ხშირად მსგავსი მოძრაობებით ხასიათდება, რადგან მათზე ერთი და იგივე მაკროეკონომიკური ფაქტორები ზემოქმედებს. ეს ფაქტორები შეიძლება მოიცავდეს საბაზრო განწყობის ცვლილებებს, ასევე კონკრეტულ ინდუსტრიასთან დაკავშირებულ ახალ რეგულაციებს, ნედლეულის ღირებულების ზრდას და ა. შ.
თუმცა, მხოლოდ ერთ კონკრეტულ კომპანიასთან დაკავშირებულმა სიახლეებმაც შეიძლება იმავე ინდუსტრიის მონაწილეებზე იმოქმედოს. ეს შეიძლება იყოს გარკვეული მოვლენების შედეგი, როგორიც არის მმართველო გუნდის სტრუქტურების ცვლილება, კორპორატიული სკანდალი ახალ ამბებში და ა. შ.
ინდუსტრიები vs სექტორები
მიუხედავად იმისა, რომ ორივე მათგანი წარმოადგენს კლასიფიკაციის სისტემას, რომელიც მსგავსი ტიპის ბიზნეს ოპერაციების დასაჯგუფებლად გამოიყენება, სექტორი უფრო ფართო ცნებაა, ვიდრე — ინდუსტრია.
მაგალითად, საცალო ვაჭრობა არის სექტორი ჩრდილოეთ ამერიკის მრეწველობის კლასიფიკაციის სისტემაში (NAICS) და მასში გაერთიანებულია ინდუსტრიები, როგორიცაა ჯანმრთელობისა და პირადი მოვლის, ასევე ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიები. Rite Aid Corporation და Gap ერთი და იმავე სექტორის წარმომადგენლები არიან, მაგრამ თითოეული მათგანი სხვადასხვა ინდუსტრიაში ერთიანდება, მათ მიერ წარმოებული ან გაყიდული პროდუქტების სპეციფიკიდან გამომდინარე.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ერთი კომპანია შეიძლება ორ სხვადასხვა ინდუსტრიას ან სექტორს მიეკუთვნებოდეს. მაგალითად, გარდა იმისა, რომ Rite Aid სამომხმარებლო საქონლის სექტორში ერთიანდება, ის პერსონალური სერვისების სექტორის ნაწილადაც განიხილება.
NAICS, რომელიც შეერთებული შტატების, კანადისა და მექსიკის მიერ არის შემუშავებული, წარმოადგენს სტანდარტს, რომელსაც სახელმწიფო უწყებები, სტატისტიკური მონაცემების შედგენისას, ბიზნესის კლასიფიკაციისთვის იყენებენ. NAICS-ის იერარქიაში კომპანიები, რომელთა წარმოების პროცესებიც მსგავსია, ერთ ინდუსტრიაშია კატეგორიზებული.
გლობალური ინდუსტრიის კლასიფიკაციის სტანდარტი (GICS)
გლობალური ინდუსტრიის კლასიფიკაციის სტანდარტი (GICS) ასევე ხშირად გამოყენებული კლასიფიკაციის სისტემაა. GICS ყველა საჯარო კომპანიას აკუთვნებს ეკონომიკურ სექტორსა და ინდუსტრიულ ჯგუფს, რომელიც მის ბიზნესს საუკეთესოდ შეესაბამება. GICS 1999 წელს Morgan Stanley Capital International-ისა (MSCI) და Standard & Poor’s-ის (S&P) მიერ ერთობლივად შემუშავდა. GICS მეთოდოლოგიას, კონკურენტი კომპანიების შესადარებლად, MSCI ინდექსები, ინვესტორები, ანალიტიკოსები და ეკონომისტები იყენებენ.
GICS ოთხსაფეხურიანი, იერარქიული სისტემაა. მისი იერარქიის მიხედვით, არსებობს 11 ეკონომიკური სექტორი. ეს სექტორები იყოფა 24 ინდუსტრიულ ჯგუფად, 69 ინდუსტრიად და 158 ქვე-ინდუსტრიად. თითოეულ აქციას გააჩნია კოდი ამ ოთხივე დონეზე მისი იდენტიფიცირებისთვის.