უორენ ბაფეტს უყვარს ახალგაზრდებისთვის რჩევების მიცემა ცხოვრების, ჯანმრთელობისა და, რა თქმა უნდა, ინვესტირების შესახებ. მაგრამ იმ მოსაზრებების უმეტესი ნაწილი, რომელსაც ინვესტორი ახალგაზრდებს წლების განმავლობაში უზიარებდა, რეალურად, ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის სასარგებლოა. დღევანდელ სტატიაში კი ბაფეტის 5 შესანიშნავ რჩევას შემოგთავაზებთ.
- გამოიყენეთ რთული პროცენტის ძალა
„დრო თქვენი მეგობარია, ხოლო იმპულსი — მტერი“, ამბობს ბაფეტი. რთული პროცენტის მექანიზმი მოქმედებს მაშინ, როდესაც ინვესტიციებში ჩადებული ფული, თავად იწყებს კიდევ უფრო მეტი ფულის გამომუშავებას. წარმოიდგინეთ, რომ $1,000 მოცულობის ინვესტიციას დებთ და წლიურ 10%-იან ანაზღაურებას იღებთ. პირველ წელს მიიღებთ $100-ს. თუ $100-ის რეინვესტირებას განახორციელებთ, ახლა თქვენ მიიღებთ $1,100-ის 10%-ს . მომავალ წელს მიიღებთ $1,210-ის 10%-ს და ა. შ. ქვემოთ მოცემულ ფოტოზე ნათლად ჩანს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დრო და რთული პროცენტი ინვესტირებისას.
- გაიაზრეთ ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპები
ეს არც ისე მიმზიდველი რჩევაა. თუმცა ბაფეტის უზარმაზარი ქონება აგებულია მის უნარზე, გააანალიზოს კომპანიები და გაიგოს, რომელ მათგანში ინვესტირება მოუტანს გრძელვადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვან სარგებელს. ეს უნარი კი ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპების გაგებით იწყება.
„ბუღალტერია ბიზნესის ენაა და იმისთვის, რომ ბიზნესის შეფასება შეძლოთ, თქვენთვის ის ისეთივე კომფორტული უნდა იყოს, როგორც მშობლიური ენა“ — განაცხადა მან CNBC-სთან ინტერვიუში რამდენიმე წლის წინ.
- თავი აარიდეთ ვალს
რა თქმა უნდა, ეს უფრო რთულია დღევანდელი ახალგაზრდებისთვის, ვიდრე ბაფეტისთვის იყო მათ ასაკში, რადგან დღეს, სტუდენტური დავალიანების გარეშე, განათლების მიღება შეიძლება რთული იყოს.
მიუხედავად ამისა, ბაფეტმა თქვა, რომ განათლების ფასეულობა დამოკიდებულია იმაზე, თუ ვინ მიიღებს მას. მართალია, ლეგენდარული ინვესტორისთვის საკუთარ თავში ინვესტირება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ, მისი აზრით, უნივერსიტეტში მიმავალმა სტუდენტებმა გულდასმით უნდა შეაფასონ ამ ინვესტიციის ფასეულობა იმ ფულთან შედარებით, რომლის დახარჯვაც მათ მოუწევთ. მათ ასევე უნდა შეაფასონ კრედიტი, რომლის აღებაც ამ მიზნის მისაღწევად იქნება საჭირო.
- სკეპტიკურად შეხედეთ სწრაფად გამდიდრების შესაძლებლობებს
ბაფეტმა ერთხელ აღნიშნა, რომ სწრაფი გამდიდრების მცდელობა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფინანსური შეცდომაა. „ნელი ნაბიჯებით წარმატების მიღწევა საკმაოდ ადვილია, თუმცა ამას ვერ ვიტყვით სწრაფად გამდიდრებაზე“ — ამბობს ინვესტორი.
- გამოიყენეთ რეალური შესაძლებლობები
უორენ ბაფეტის ერთ-ერთი ცნობილი გამონათქვამია: „შესაძლებლობები იშვიათად მოდის. როდესაც ოქრო წვიმს, მოიმარჯვეთ სათლი და არა — სათითე“.
ეს სულაც არ ეწინააღმდეგება წინა რჩევას. მთავარია, სათანადოდ გაანალიზოთ კომპანია, რათა ზედმეტად კარგი, არარეალურად სწრაფი გამდიდრების სქემა და ნამდვილად ხელსაყრელი საინვესტიციო შესაძლებლობა ერთმანეთისგან გაარჩიოთ.