მზარდი არის ნებისმიერი კომპანია, რომლის ბიზნესიც წარმოქმნის პოზიტიურ ფულად ნაკადებს ან შემოსავალს და იზრდება მნიშვნელოვნად უფრო სწრაფი ტემპებით, ვიდრე მთლიანი ეკონომიკა. მზარდ კომპანიას საკუთარი გაუნაწილებელი მოგების რეინვესტირებისთვის ძალიან ხელსაყრელი შესაძლებლობები აქვს. ამრიგად, როგორც წესი, ასეთი კომპანიის მენეჯმენტი აქციონერებს მცირე დივიდენდებს უხდის ან ამ შესაძლებლობას საერთოდ არ სთავაზობს. ნაცვლად ამისა, კომპანიის მოგების უმეტესი ან მთელი ნაწილი ბიზნესის გაფართოებაში რეინვესტირებას ხმარდება.
მზარდი კომპანიის გააზრება
მზარდი კომპანიები, როგორც წესი, ტექნოლოგიური ინდუსტრიისთვის არის დამახასიათებელი. ამ ტიპის კომპანიის ერთ-ერთ თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს Alphabet, რომელმაც IPO-ს (თავდაპირველი საჯარო შეთავაზება) შემდეგ შემოსავალი, ფულადი ნაკადები და მოგება მნიშვნელოვნად გაზარდა.
მოსალოდნელია, რომ მზარდი კომპანიები, როგორიც არის Alphabet, სამომავლოდ მოგებას შესამჩნევად გაზრდის. შედეგად, ბაზარი ასეთი კომპანიების აქციების ფასის მატებას უწყობს ხელს. ამის საპირისპიროდ, მომწიფებული, მაგალითად კომუნალური მომსახურების სექტორში მოღვაწე კომპანიები, მოგების მცირე ან ნულოვან ზრდას აფიქსირებს.
მზარდი კომპანიები ქმნის ღირებულებას საშუალოზე მაღალი შემოსავლის, თავისუფალი ფულადი ნაკადებისა და მოგების ზრდით, კვლევასა და განვითარებაში ინვესტირების გაგრძელებით. ზრდაზე ორიენტირებულ ინვესტორებს ნაკლებად აინტერესებთ, მაგალითად, დივიდენდების მატების პერსპექტივა, რადგან ისინი ფოკუსირებულნი არიან გაყიდვების ზრდაზე და კომპანიის მიერ ინდუსტრიაში ლიდერობის შენარჩუნებაზე. მთლიანობაში, მზარდი პოტენციალის აქციები ინვესტორებს სთავაზობს უფრო დაბალ დივიდენდებს, ვიდრე ღირებულებითი აქციები, რადგან პირველი მათგანის შემთხვევაში აქცენტი კეთდება მოგების ზრდის მიზნით ბიზნესში რეინვესტირებაზე.
მზარდი კომპანიები Bull და Bear ბაზრების დროს
Bull market-ის პერიოდში ინვესტორები უპირატესობას ანიჭებენ მზარდი პოტენციალის აქციებს, რადგან ისინი, ღირებულებით აქციებთან შედარებით, უკეთესი წარმადობით ხასიათდება. Bear market-ის დროს კი ყველაფერი პირიქით ხდება, რადგან სუსტი ეკონომიკური აქტივობა მზარდი კომპანიების გაყიდვების ზრდის შეფერხებას იწვევს.
მომწიფებულ ფირმებს, მზარდ კომპანიებთან შედარებით, უკეთ შეუძლია bear market-ის რთულ პირობებთან გამკლავება, რადგან ისინი ინდუსტრიაში მყარად არის დამკვიდრებული, ხასიათდება ლოიალური სამომხმარებლო ბაზით, მეტი ცნობადობით და უფრო ძლიერი ფინანსური რესურსებით, რომლებიც რთული ეკონომიკური პირობების დაძლევის საშუალებას იძლევა.
გარდა ამისა, მომწიფებულ კომპანიებს რთულ ეკონომიკურ პერიოდებში კაპიტალის მოზიდვა უადვილდებათ, რადგან ისინი ბაზარზე აღიარებულია და, შესაბამისად, მენეჯმენტისთვის კრედიტის აღება სირთულეებთან არ არის დაკავშირებული. მზარდ კომპანიებს კი ხშირად ნაკლებად ჩამოყალიბებული ფინანსური რესურსები აქვს, ამიტომ მათთვის, მაგალითად, სესხის აღება შეიძლება უფრო რთული იყოს. აქედან გამომდინარე მზარდი კომპანიების კაპიტალის წყაროს ხშირად ვენჩურული კაპიტალის ფირმები ან Angel ინვესტორები (მდიდარი ინვესტორი, რომელიც ფულს ახალგაზრდა, განვითარებად კომპანიაში აბანდებს) წარმოადგენს. ამ დამატებითი კაპიტალის მიზანი შეიძლება ზოგიერთი მზარდი კომპანიის ეკონომიკური ვარდნის ნეგატიური შედეგებისგან დაცვა იყოს.
მაგალითები
Alphabet, Tesla და Amazon მზარდი კომპანიების სამი კლასიკური მაგალითია, რადგან ეს ფირმები აგრძელებს ფოკუსირებას ინოვაციურ ტექნოლოგიებში ინვესტირებაზე, გაყიდვების ზრდასა და ახალი ბიზნეს მიმართულებების ათვისებაზე.
მიუხედავად იმისა, რომ ეს სამი აქცია უფრო ძვირად არის შეფასებული, ვიდრე S&P 500, Alphabet, Tesla და Amazon არიან ლიდერები თავიანთ ინდუსტრიებში. Alphabet თავის ტექნოლოგიური კონგლომერატის სტატუსს ამყარებს ახალი სფეროების ათვისებით, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი. Tesla პოპულარული ელექტრომობილების მწარმოებელი და ინდუსტრიის უდავო ლიდერია. Amazon კი, ელექტრონული კომერციის გარდა, ავითარებს სხვა მნიშვნელოვან მიმართულებებს, რომლებიც კომპანიის შემოსავლის ზრდას უწყობს ხელს. ეს არის მიმზიდველი ნარატივები ინვესტორებისთვის, რომლებიც ზრდით არიან დაინტერესებულნი.
ეს სამი კომპანია ახლა საკმაოდ ფესვგადგმულია საკუთარ ინდუსტრიებში და განიხილება სოლიდურ საინვესტიციო შესაძლებლობებად, რომლებსაც, დროთა განმავლობაში, მათი პირვანდელი სახისგან ძალიან განსხვავებული მახასიათებლები ჩამოუყალიბდა.