გუშინ საფონდო ბირჟა მოიცვა საინტერესო სიახლეებმა, რომლებმაც სხვადასხვა კომპანიის აქციებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის Telsa, Meta Platforms, RTX, Qualcomm და Bowlero.
Tesla
გუშინ, ანალიტიკოსის დადებითი შეფასების შემდეგ, ელექტრომობილების ინდუსტრიის ლიდერის — Tesla-ს აქციების ფასი 10%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 153%-ით არის გაუმჯობესებული.
Tesla ყველაზე ცნობილია თავისი ელექტრომობილებით, მაგრამ უკვე დიდი ხანია, რაც კომპანია სხვა სფეროებშიც მოღვაწეობს. Morgan Stanley-ის ანალიტიკოსი — ადამ ჯონასი Tesla-ს Dojo სუპერკომპიუტერის მუშაობაზეა ფოკუსირებული, მან კომპანიის აქციების ნეიტრალური რეიტინგი ყიდვის რეკომენდაციით შეცვალა, ხოლო სამიზნე ფასი $250-დან $400-მდე გაზარდა.
ჯონასი თვლის, რომ იგივე ძალები, რომლებმაც Amazon-ის ქლაუდ ბიზნესი კომპანიის მოგების 70%-ზე პასუხისმგებელი გახადა, Tesla-ზეც იმოქმედებს და ეს უკანასკნელი შეძლებს ახალი ბაზრების ათვისებას, რომლებიც ავტომობილების ფიქსირებულ გაყიდვას სცდება.
Tesla-ს Dojo ამჟამად ძირითადად შიდა ძალისხმევებზეა ორიენტირებული, მათ შორის ავტონომიურ მართვაზე. მაგრამ ჯონასი Dojo-ს სხვა ინდუსტრიებზე გაყიდვის პოტენციალსაც ხედავს.
„თუ Dojo-ს შეუძლია, ავტომობილებს „დანახვაში“ და „რეაგირებაში“ დაეხმაროს, სხვა რომელი ბაზრები შეიძლება იყოს კომპანიისთვის ხელმისაწვდომი? იფიქრეთ ნებისმიერ კამერიან მოწყობილობაზე, რომელიც რეალურ დროში გადაწყვეტილებებს ვიზუალური გამოსახულებების მიხედვით იღებს“.
Morgan Stanley-ის შეფასებით, Tesla-ს ქსელური სერვისების ბიზნესი 2040 წლისთვის $335 მილიარდის გაყიდვებს მიაღწევს, რაც იმ დროისთვის კომპანიის ძირითადი შემოსავლის ნახევარზე მეტი იქნება.
Dojo-ს პოტენციალი ამაღელვებელია, მაგრამ ინვესტორებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ეს პროგნოზები მხოლოდ პოტენციალს ეფუძნება. ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი მანამ, სანამ Dojo იმას მიაღწევს, რის შესახებაც ზემოთ ვისაუბრეთ.
Tesla-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $274.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 29 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $272.50-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $400.00-ს, ხოლო მინიმალური — $120.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Tesla-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 0.4%-იან კლებას წარმოადგენს. კომპანიის აქციებს ამ 29 ანალიტიკოსიდან 12-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 12-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 5-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Meta Platforms
გუშინ, პოზიტიური სიახლის შემდეგ, სოციალური მედიის კომპანიის — Meta Platforms-ის აქციების ფასი 3%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 183%-ით არის გაუმჯობესებული.
Wall Street Journal-ის (WSJ) მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, Meta ხელოვნური ინტელექტის (AI) ახალ სისტემას ავითარებს, რომელსაც შეუძლია, ChatGPT-ის კონკურენცია გაუწიოს.
სულ რაღაც ორი თვის წინ, Meta-ს მენეჯმენტმა დააანონსა, რომ კომპანიის “LLaMA 2” AI სისტემას კომერციული გამოყენებისთვის ხელმისაწვდომს გახდიდა უფასოდ.
თუმცა WSJ-ის მიერ გავრცელებული სიახლე ეხება Meta-ს კიდევ უფრო განვითარებულ პროდუქტს, რომელიც კომპანიის მენეჯმენტის თქმით, რამდენჯერმე უფრო მძლავრი იქნება, ვიდრე მისი წინა მოდელი და ის ChatGPT-4-ის მსგავსი შესაძლებლობებით იქნება აღჭურვილი.
LLaMA 2-ის მსგავსად, Meta-ს ახალი AI, რომელსაც ჯერ სახელი არ აქვს, სხვა კომპანიებისთვის უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი. LLaMA 2-ისგან განსხვავებით, ახალი AI, Microsoft-ის Azure ქლაუდ პლატფორმის ნაცვლად, Meta-ს ინფრასტრუქტურას გამოიყენებს.
როგორც ჩანს, ინვესტორებს მოსწონთ Meta-ს განვითარების იდეა ChatGPT-ისთან და მის შემქმნელთან — OpenAI-სთან კონკურენციის გასაზრდელად. როგორც WSJ-მა აღნიშნა, LLaMA 2-ის ამჟამინდელი ვერსია მხოლოდ 70 მილიარდ პარამეტრზეა გაწვრთნილი, ChatGPT-4-ის იმავე მაჩვენებელი კი დაახლოებით 1,5 ტრილიონს შეადგენს.
ჟურნალის სიუჟეტის მიხედვით, პრობლემა ის არის, რომ Meta-მ თავისი ახალი ხელოვნური ინტელექტის შესაქმნელად მზადება ახლახან დაიწყო, მისი სწავლება მომავალი წლის დასაწყისში იგეგმება, ხოლო საზოგადოებისთვის წარდგენა — 2024 წლის ბოლოს. ვინ იცის, იმ დროისთვის რამდენად განვითარებული იქნება ChatGPT.
Meta Platforms-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $308.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 43 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $376.19-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $435.00-ს, ხოლო მინიმალური — $285.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Meta Platforms-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 22.3%-იან ზრდას წარმოადგენს. კომპანიის აქციებს 43 ანალიტიკოსიდან 41-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 2-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
RTX
გუშინ, ნეგატიური სიახლის შემდეგ, RTX-ის აქციების ფასი დაახლოებით 8%-ით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი 23%-ზე მეტით არის დაკლებული.
RTX, რომელიც აქამდე ცნობილი იყო, როგორც Raytheon Technologies, ჩამოყალიბდა 2020 წელს, როდესაც თავდაცვის სპეციალისტი — Raytheon საჰაერო კოსმოსურ პროდუქტებსა და სერვისებზე კონცენტრირებულ United Technologies-თან გაერთიანდა. მიმდინარე წლის ივლისში RTX-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ აღმოაჩინა პრობლემა ასობით Pratt & Whitney-ის რეაქტიული თვითმფრინავის ძრავის წარმოებასთან დაკავშირებით, რაც ძვირადღირებულ შეკეთებას საჭიროებდა.
ორშაბათს, ინვესტორებისთვის ცნობილი გახდა ამ ფინანსური დარტყმის პოტენციური მასშტაბები. RTX-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ კომპანია მომდევნო 3 წლის განმავლობაში თვითმფრინავებიდან დაახლოებით 600-700 ძრავას ამოიღებს ინსპექტირებისთვის და მიმდინარე კვარტალში გადასახადების გადახდამდე საოპერაციო მოგებას ამ საკითხთან დაკავშირებულ მინიმუმ $3 მილიარდის მოცულობის ხარჯებს გამოაკლებს.
მენეჯმენტმა ასევე შეამცირა გაყიდვების პროგნოზები მთელი წლის განმავლობაში და განაცხადა, რომ ეს პრობლემა 2025 წლის თავისუფალ ფულად ნაკადებს, სავარაუდოდ, დაახლოებით $1.5 მილიარდით შეამცირებს. RTX-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ აანალიზებენ პრობლემის პოტენციურ გავლენას ძრავის სხვა მოდელებზე, თუმცა მოსალოდნელია, რომ ისინი გაცილებით ნაკლებად იქნება დაზარალებული.
RTX-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $77.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 15 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $100.62-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $110.00-ს, ხოლო მინიმალური — $92.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი RTX-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 31%-იან ზრდას წარმოადგენს. კომპანიის აქციებს 15 ანალიტიკოსიდან 9-მ მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 6-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Qualcomm
გუშინ, პოზიტიური სიახლის შემდეგ, ჩიპების მწარმოებელი კომპანიის — Qualcomm-ის აქციების ფასი დაახლოებით 4%-ით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი თითქმის 3%-ით არის გაუმჯობესებული.
Qualcomm-ის მენეჯმენტმა დააანონსა მიწოდების ახალი შეთანხმება Apple-თან. ეს გარიგება უზრუნველყოფს შემოსავლების ძირითადი ნაკადის გაგრძელებას მინიმუმ 2026 წლამდე.
Apple Qualcomm-ის ორი უმსხვილესი კლიენტიდან ერთ-ერთია (მეორე — Samsung), რომლის შეკვეთებმაც შარშან ჩიპების მწარმოებლის შემოსავლის 10%-ზე მეტი შეადგინა.
Apple სულ უფრო მეტად არის თავისი სმარტფონებისთვის ჩიპების თავად შექმნაზე ორიენტირებული, მაგრამ ეს გარიგება აჩვენებს, რომ კომპანია კვლავ დაინტერესებულია ისეთ პარტნიორებთან მუშაობით, როგორიც არის Qualcomm.
როგორც ჩანს, უოლ სტრიტი დადებითად რეაგირებს ამ სიახლეზე. KeyBanc-ის ანალიტიკოსმა — ჯონ ვინჰმა ამ შეთანხმებას კომპანიისთვის „დადებითი“ უწოდა.
შესაძლოა, გარიგებამ მომდევნო 3 წლის განმავლობაში Qualcomm-ის შემოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი შეადგინოს და ასევე გზა გაუხსნას კომპანიებს 2026 წლის შემდეგაც თანამშრომლობისკენ.
სხვა ჩიპების მწარმოებელი კომპანიების მსგავსად, Qualcomm-ს ნახევარგამტარების სექტორის ინდუსტრიის ვარდნასთან უწევდა გამკლავება, შედეგად, ბოლო კვარტალში შემოსავალი წლიდან წლამდე 23%-ით — $8.45 მილიარდამდე შემცირდა. თუმცა Apple-თან დადებულმა გარიგებამ კომპანია მნიშვნელოვანი გრძელვადიანი იმპულსით უნდა უზრუნველყოს.
Qualcomm-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $110.30-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 19 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $137.92-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $150.00-ს, ხოლო მინიმალური — $120.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Qualcomm-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 25%-იან ზრდას წარმოადგენს. კომპანიის აქციებს 19 ანალიტიკოსიდან 14-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 5-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Bowlero
გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Bowlero-მ ფისკალური 2023 წლის ფინანსური შედეგები წარადგინა, სავაჭრო დღის განმავლობაში კი ამერიკული ბოულინგ ცენტრის ოპერატორის აქციების ფასი თითქმის 5%-ით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 23%-ით არის შემცირებული.
Bowlero 300-ზე მეტ ბოულინგ ცენტრს და Professional Bowler Association-ს ფლობს. აქტივების ამ უნიკალური კომბინაციის არსებობა მხარს უჭერს მენეჯმენტის რწმენას, რომ კომპანიას შეუძლია გაიზარდოს მომხმარებელთა მოთხოვნა სხვა ცენტრების შეძენით, მოძველებული შენობების გადაკეთებით და ახალი ლოკაციების გახსნით.
ჯერჯერობით, როგორც ჩანს, Bowlero-ს გეგმა მუშაობს. ფისკალურ 2023 წელს, რომელიც 2 ივლისს დასრულდა, კომპანიის შემოსავალი წლიდან წლამდე 16%-ით — $1.1 მილიარდამდე გაიზარდა. ზრდის გარკვეული ნაწილი გამოწვეული იყო შენაძენებით, მაგრამ კომპანიის ერთი და იმავე ლოკაციების გაყიდვებმა (Comps — ფინანსური მეტრიკა, რომელსაც საცალო ინდუსტრიის კომპანიები იყენებს, რათა შეაფასოს გაყიდვების მთლიანი მოცულობა კომპანიის ლოკაციებზე, რომლებიც ერთი წლის ან მეტი ხნის განმავლობაში ფუნქციონირებს) 12.8%-ით მოიმატა, რაც გამამხნევებელია.
ფისკალურ 2023 წელს Bowlero-ს საოპერაციო მოგებამ $201 მილიონი შეადგინა. ეს მაჩვენებელი წლიდან წლამდე 72%-ით გაიზარდა, ხოლო საოპერაციო მარჟამ დაახლოებით 19%-ს მიაღწია, რაც ორივე თვალსაზრისით ძლიერი შედეგია.
რაც შეეხება მომავალს, მენეჯმენტი მოელის, რომ ფისკალურ 2024 წელს შემოსავალი მაქსიმუმ $1.19 მილიარდს შეადგენს, რაც 2023 წელთან შედარებით 12%-იან ზრდას წარმოადგენს. მაგრამ ამ ზრდის დიდი ნაწილი, სავარაუდოდ, შესყიდვებით იქნება გამოწვეული.
Bowlero-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $11.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე მხოლოდ 4 ანალიტიკოსი აფასებს და კომპანიის აქციებს ყველა მათგანი ყიდვის რეკომენდაციას ანიჭებს. საშუალო სამიზნე ფასი $18.38-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $22.00-ს, ხოლო მინიმალური — $16.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Bowlero-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 72%-იან ზრდას წარმოადგენს.