პარასკევს საფონდო ბირჟაზე საკმაოდ მნიშვნელოვანი სიახლეები გავრცელდა და კომპანიების აქციების ფასებში ცვლილებები დაფიქსირდა. დღეს კი შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის Arco Platform, IonQ, Innodata, Telesat და Soho House.
Arco Platform
პარასკევს, მნიშვნელოვანი სიახლის შემდეგ, Arco Platform-ის აქციების ფასი დაახლოებით 15%-ით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი 4%-ზე მეტით არის გაუმჯობესებული. Arco ბრაზილიაში დაფუძნებული კომპანიაა, რომელიც სპეციალიზებულია განათლების ინდუსტრიაში.
ზრდა დაფიქსირდა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ Arco Platform-მა გააფორმა კონტრაქტი, რომლის მიხედვითაც ის კერძო კომპანია გახდება.
პარასკევს, სავაჭრო დღის დაწყებამდე, მენეჯმენტმა განაცხადა, რომ Arco Platform დათანხმდა თითო აქციაზე $14 დოლარად შესყიდვის წინადადებას. ინვესტორებმა 2022 წლის ბოლოდან იცოდნენ, რომ დირექტორთა საბჭო სხვადასხვა პრეტენდენტების წინადადებებს განიხილავდა, თუმცა პარასკევს გავრცელებული სიახლე უფრო კონკრეტული იყო, რომელმაც გარიგების ფასი გახადა ცნობილი. კომპანია გაერთიანდება სუბიექტთან, სახელწოდებით Bidders’ HoldCo.
შესყიდვას ერთხმად გაუწიეს რეკომენდაცია დირექტორთა საბჭოს წევრებმა, რამდენიმე პირობით. მაგალითად, Arco Platform-ის დამფუძნებლები შერწყმის შემდეგ შეინარჩუნებენ საკონტროლო წილს ბიზნესში — დაახლოებით 88%-ს და თავიანთ პოზიციებს კომპანიის ხელმძღვანელობაში.
Arco Platform-ის აქციების ამჟამინდელი ფასი შესყიდვისაზე ოდნავ დაბალია, რაც ნორმალურია ასეთ სიტუაციებში, რადგან გარიგების ჩაშლის მცირე შესაძლებლობა მაინც არსებობს. ეს შეიძლება იმ შემთხვევაში მოხდეს, თუ შეთანხმებას მარეგულირებელი არ დაამტკიცებს.
Arco Platform ამჟამად ითვალისწინებს, რომ გარიგება დაიხურება ან 2023 წლის ბოლოს ან 2024 წლის დასაწყისში, როდესაც აქციონერები მიიღებენ $14-ს მათ მფლობელობაში არსებული თითოეული აქციისთვის. Arco Platform-ის აქციები აღარ იქნება საჯარო ბაზრებზე ხელმისაწვდომი და კომპანია უფრო დიდი ფირმის ნაწილი გახდება.
IonQ
ხუთშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, IonQ-მ კვარტალური ანგარიში წარადგინა, პარასკევს კი კვანტური გამოთვლების სპეციალისტის აქციების ფასი დაახლოებით 11%-ით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი 354%-ზე მეტით არის გაუმჯობესებული.
IonQ-ის კვარტალური შემოსავალი წლიდან წლამდე 111%-ით — $5.5 მილიონამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $4.9 მილიონი), რაც მნიშვნელოვნად აღემატება კომპანიის მენეჯმენტის მიერ მაისში ნავარაუდევ დიაპაზონს — $4.1-$4.5 მილიონს. კომპანიის წმინდა ზარალმა $43.7 შეადგინა, ანუ GAAP-ის (ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ მიღებული პრინციპები) მიხედვით თითო აქციაზე ზარალი $0.22 იყო (უოლ სტრიტის პროგნოზი — $-0.13). კორექტირების შემთხვევაში, თუ გავითვალისწინებთ $15.5 მილიონის ოდენობით უნაღდო ზარალს, რომელიც დაკავშირებულია საგარანტიო ვალდებულებების ღირებულების ცვლილებასთან, IonQ-ის წმინდა ზარალი თითო აქციაზე დაახლოებით $0.14 იქნებოდა.
კვანტური გამოთვლების ამომავალი ლიდერის მენეჯმენტმა აღნიშნა, რომ შემოსავლის ზრდაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ერთ-ერთი მომხმარებლის კონტრაქტმა, რომელიც მოსალოდნელზე ადრე განხორციელდა.
თუმცა, უფრო საინტერესო ის იყო, რომ IonQ-ს ახალმა ჯავშნებმა მეორე კვარტალში $28 მილიონს მიაღწია, რაც 2023 წლის სრული ჯავშნების — $32.2 მილიონი — აბსოლუტურ უმრავლესობას წარმოადგენს.
რაც შეეხება მომავალს, IonQ-ის მენეჯმენტმა 2023 წლისთვის პროგნოზები გაზარდა. კომპანიაში ახლა მოელიან, რომ შემოსავალი $18.9-$19.3 მილიონს შეადგენს (წინა პროგნოზი — $18.8-$19.2 მილიონი), ხოლო ჯავშნები — $49-$56 მილიონს (ძველი პროგნოზი — $45-$55 მილიონი).
IonQ-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $15.70-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის მხოლოდ 4 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $16.00-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $21.00-ს, ხოლო მინიმალური — $11.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი IonQ-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 1.85%-იან ზრდას წარმოადგენს. კომპანიის აქციებს 4 ანალიტიკოსიდან 2-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 2-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Innodata
ხუთშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Innodata-მ კვარტალური ანგარიში წარადგინა, პარასკევს კი მონაცემთა სერვისების კომპანიის აქციების ფასი დაახლოებით 25%-ით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი თითქმის 336%-ით არის გაუმჯობესებული.
მეორე კვარტალში Innodata-ს შემოსავალი წლიდან წლამდე 1.5%-ით — $19.7 მილიონამდე შემცირდა, თუმცა, მიუხედავად ამისა, კომპანიის წმინდა ზარალი ამ პერიოდისთვის — $0.8 მილიონი — მნიშვნელოვნად დაბალი იყო გასული წლის იმავე კვარტალში დაფიქსირებულ ზარალთან — $3.8 მილიონთან შედარებით.
მიუხედავად იმისა, რომ მეორე კვარტალში Innodata-ს შემოსავალი წლიდან წლამდე შემცირდა, ეს მაჩვენებელი მიმდინარე წლის პირველ კვარტალთან შედარებით 4%-ით გაიზარდა.
გაყიდვების კლების მიუხედავად, ხარჯების შემცირების ინიციატივებმა კომპანიას საშუალება მისცა, გასული წლის იმავე კვარტალთან შედარებით, წმინდა ზარალი არსებითად შეემცირებინა. Innodata-მ კვარტალი დაასრულა $13.7 მილიონის მოცულობის ნაღდი ფულით და მოკლევადიანი ექვივალენტებით ვალის გარეშე.
კვარტალური ანგარიშის წარდგენისას, Innodata-ს მენეჯმენტმა ასევე განაცხადა, რომ ტექნოლოგიური კომპანიების „დიდი ხუთეულისთვის“ ხელოვნური ინტელექტის განვითარების გენერაციული სერვისების მიწოდება დაიწყო. დიდ ხუთეულში ერთიანდება Apple, Microsoft, Alphabet, Amazon და Meta Platforms. Innodata ახლა მომსახურებას ამ ბიზნესებიდან ოთხს სთავაზობს. მონაცემთა სპეციალისტის მენეჯმენტმა 18 ივლისს განაცხადა, რომ კომპანია შევიდა წინასწარ დისკუსიებში თავის ახალ მომხმარებელთან „დიდი ხუთეულიდან“ და Innodata-მ ამით დიდი სარგებელი უნდა მიიღოს.
Telesat
პარასკევს, ბაზრის გახსნამდე, Telesat-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა, სავაჭრო დღის განმავლობაში კი სატელიტური კომუნიკაციების კანადური კომპანიის აქციების ფასი 53%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 48%-ით არის გაუმჯობესებული.
მეორე კვარტალში Telesat-ის შემოსავალი წლიდან წლამდე 4%-ით შემცირდა და $134 მილიონი შეადგინა, მეორეს მხრივ, ზარალი $387.5 მილიონიდან $3.3 მილიონამდე შემცირდა.
გარდა ამისა, ერთი ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე გავრცელდა. აღმასრულებელმა დირექტორმა — დენ გოლდბერგმა განაცხადა, რომ Telesat Lightspeed-ის მთავარი თანამგზავრის კონტრაქტორად კომპანიამ MDA შეირჩა.
ამ ახალი გეგმის მიხედვით, კანადური კოსმოსური კომპანია — MDA Telesat Lightspeed-ისთვის 198 მოწინავე თანამგზავრს აწარმოებს. ეს ახალი თანამგზავრები უფრო ეფექტური და ოდნავ მცირე ზომის იქნება (ამგვარად, მათი გაშვება უფრო იაფი დაჯდება) იმ მოდელებთან შედარებით, რომელთა შეძენასაც ადრე Telesat ფრანგული ავიაკოსმოსური კომპანიისგან — Thales-ისგან გეგმავდა. ამასთან, მათი ღირებულება დაახლოებით $2 მილიარდით ნაკლები იქნება.
Soho House
პარასკევს, ბაზრის გახსნამდე, Soho House-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა, სავაჭრო დღის განმავლობაში კი კომპანიის აქციების ფასი დაახლოებით 15%-ით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი 47%-ზე მეტით არის გაუმჯობესებული.
Soho House ლონდონში 1995 წელს დაარსდა, როგორც კერძო წევრების კლუბი კინოს, მედიისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის მოყვარულთათვის.
წევრების რაოდენობა წლიდან წლამდე 28%-ით — 248.000-მდე გაიზარდა. ამ ზრდამ ხელი შეუწყო წევრებისგან მიღებული შემოსავლების 35%-იან მატებას. ამასთან, დღიური შემოსავალი ოთახზე 13%-ით გაიზარდა. „ჩვენ კიდევ ერთი ძლიერი კვარტალური შედეგები წარვადგინეთ“ — განაცხადა აღმასრულებელმა დირექტორმა —ენდრიუ კარნიმ პრესრელიზში.
Soho House-ის შემოსავალმა დაახლოებით $289 მილიონი შეადგინა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $287 მილიონი), ხოლო ზარალმა თითო აქციაზე — $0.01 (პროგნოზი — $-0.12). თუმცა საოპერაციო შემოსავალმა $20 მილიონს მიაღწია (გასული წლის იმავე კვარტალში კომპანიამ $65 მილიონის ოდენობით საოპერაციო ზარალი დააფიქსირა). კორექტირებული მოგება დაახლოებით გაორმაგდა და $32 მილიონი შეადგინა.