გუშინ საფონდო ბირჟა მოიცვა საინტერესო სიახლეებმა, რომლებმაც სხვადასხვა კომპანიის აქციებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის Array Technologies, Roblox, Axon Enterprise, Super Micro Computer და Rivian.
Array Technologies
სამშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Array Technologies-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა, გუშინ კი სუფთა ენერგიის მწარმოებელი კომპანიის აქციების ფასი 24%-ით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 17%-ით არის გაუმჯობესებული.
ნიუ-მექსიკოში დაფუძნებული კომპანიის კვარტალურმა შემოსავალმა $508 მილიონი შეადგინა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $449 მილიონი), ხოლო მოგებამ — $52 მილიონი, ანუ EPS (მოგება თითო აქციაზე) $0.34 იყო (პროგნოზი — $0.05). ეს უკანასკნელი ასევე მნიშვნელოვნად აღემატება გასული წლის იმავე კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელს — $0.10-ის ოდენობით ზარალს თითო აქციაზე.
თუმცა, რაც შეეხება მომავალს, Array-ის მენეჯმენტმა 2023 წლის შემოსავლის პროგნოზი შეამცირა. კომპანიაში ახლა მოელიან, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში შემოსავალი $1.65-$1.725 მილიარდს შეადგენს, ძველი პროგნოზი კი $1.8-$1.9 მილიარდი იყო.
მაგრამ ორი სხვა მნიშვნელოვანი მაჩვენებელი სწორი მიმართულებით მიდის. შემოსავლების პროგნოზის შემცირების მიუხედავად Array-ში წელს უფრო მაღალ მომგებიანობას მოელიან, ვიდრე — ადრე.
პროგნოზები კორექტირებულ შემოსავალსა და EBITDA-ზე (მოგება ვალის მომსახურების ხარჯების, გადასახადების, ცვეთისა და ამორტიზაციის გამოკლებამდე) მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამასთან 2023 წლის პირველ ნახევარში Array-მ $57 მილიონის ოდენობით თავისუფალი ფულადი ნაკადები გამოიმუშავა, რამაც, 30 ივნისის მდგომარეობით, ნაღდი ფულის ბალანსი $156 მილიონამდე გაზარდა.
ფულადი სახსრებისა და მომგებიანობის გაუმჯობესება კომპანიას ვალების შემცირებაში დაეხმარება და ეს იმის ნიშანია, რომ ბიზნესი ეფექტურად მუშაობს.
Array Technologies-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $22.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 11 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $28.40-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $37.00-ს, ხოლო მინიმალური — $16.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Array Technologies-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 28%-იან ზრდას წარმოადგენს. კომპანიის აქციებს 11 ანალიტიკოსიდან 9-მ მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 1-მა — ნეიტრალური რეიტინგი და 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Roblox
გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Roblox-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა, სავაჭრო დღის განმავლობაში კი გეიმინგ პლატფორმის აქციების ფასი თითქმის 22%-ით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 6%-ით არის გაზრდილი.
Roblox-ის შემოსავალი წლიდან წლამდე 15%-ით — $680.8 მილიონამდე გაიზარდა. თუმცა, უფრო მნიშვნელოვანი მაჩვენებელი არის ჯავშნები, შემოსავლის კორექტირებული საზომი, რომელმაც $780.7 მილიონი შეადგინა და მცირედით ჩამორჩა ანალიტიკოსების პროგნოზს — $784.9 მილიონს. თითო აქციაზე ზარალმა კი $0.46 შეადგინა (პროგნოზი — $-0.44).
მართალია, გასული წლის იმავე კვარტალთან შედარებით ჯავშნები 4%-ით შემცირდა, მაგრამ Roblox-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ ზედიზედ სამი კვარტლის განმავლობაში შემოსავლის ზრდა დაჩქარდა.
უფრო მეტიც, კომპანიის პლატფორმაზე გეიმერების ჩართულობის ტენდენციები პოზიტიურია. აქ დახარჯული საათების მთლიანი რაოდენობა კვარტალში წლიდან წლამდე 24%-ით გაიზარდა და 14 მილიარდი შეადგინა.
ერთ დღიურ აქტიურ მომხმარებელზე ჯავშნები წლიდან წლამდე 3%-ით შემცირდა, მაგრამ ეს მეტრიკა სტაბილურობას ინარჩუნებს 2022 წლის პირველი კვარტლის შემდეგ.
Roblox-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $29.50-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 17 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $42.67-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $54.00-ს, ხოლო მინიმალური — $23.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Roblox-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 45%-იან ზრდას წარმოადგენს. კომპანიის აქციებს 17 ანალიტიკოსიდან 11-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 3-მა — ნეიტრალური რეიტინგი და 3-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Axon Enterprise
სამშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Axon Enterprise-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა, გუშინ კი კომპანიის აქციების ფასი 14%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 19%-ით არის გაუმჯობესებული.
Axon Enterprise არის სკოტსდეილში, არიზონაში დაფუძნებული ამერიკული კომპანია, რომელიც ავითარებს ტექნოლოგიასა და საბრძოლო პროდუქტებს სამხედროებისთვის, სამართალდამცავი ორგანოებისთვის და სამოქალაქო პირებისთვის.
Axon Enterprise-ის კვარტალური შემოსავალი წლიდან წლამდე 31%-ით — $374.61 მილიონამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $350.54 მილიონი). ამ ზრდაში დიდი წვლილი შეიტანა Axon Cloud-ისა და სერვისების შემოსავალმა, რომელმაც წლიდან წლამდე 62%-ით მოიმატა. მთლიანი მოგების მარჟაც 62%-ით გაიზარდა.
Axon-ის კორექტირებულმა EPS-მა $1.11 შეადგინა, თუმცა GAAP-ის (ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპები) საფუძველზე გამოთვლის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი წლიდან წლამდე 77.5%-ით შემცირდა და $0.16 შეადგინა.
გასული კვარტლის განმავლობაში ოპერაციებიდან გამომუშავებულმა ნაღდმა ფულმა $42.6 მილიონი შეადგინა. ამას თუ $13.1 მილიონის მოცულობის კაპიტალურ ხარჯებს გამოვაკლებთ გამოვა, რომ Axon-ის თავისუფალმა ფულადმა ნაკადებმა $29.5 მილიონს მიაღწია, რაც გასული წლის იმავე კვარტლის მაჩვენებელს 340%-ით აღემატება.
Axon Enterprise-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $200.40-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 7 ანალიტიკოსი აფასებს და აქციებს ყველა მათგანი ყიდვის რეკომენდაციას ანიჭებს. საშუალო სამიზნე ფასი $237.83-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $250.00-ს, ხოლო მინიმალური — $227.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Axon Enterprise-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 18.7%-იან ზრდას წარმოადგენს.
Super Micro Computer
სამშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Super Micro Computer-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა, გუშინ კი IT (საინფორმაციო ტექნოლოგიები) კომპანიის აქციების ფასი 23%-ზე მეტით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 217%-ით არის გაუმჯობესებული.
Super Micro-ს კვარტალური შემოსავალი წლიდან წლამდე 32.9%-ით — $2.18 მილიარდამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $1.9 მილიარდი), ხოლო კორექტირებულმა EPS-მა 34%-ით მოიმატა და $3.51 შეადგინა (პროგნოზი — $2.96).
რაც შეეხება მომავალს, კომპანიის მენეჯმენტი პროგნოზირებს, რომ ფისკალურ პირველ კვარტალში შემოსავალი $1.90-$2.20 მილიარდს შეადგენს, ხოლო კორექტირებული EPS — $2.75-$3.50-ს. უოლ სტრიტის ანალიტიკოსების უმეტესობის პროგნოზები კი, შესაბამისად, ასეთია: $2.15 მილიარდი და $3.22. ორი მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია Super Micro-ს მენეჯმენტის საშუალო პროგნოზებზე.
ფისკალური 2024 წლისთვის კი კომპანიაში მოელიან, რომ შემოსავალი $9.5-$10.5 მილიარდს მიაღწევს და ამ დიაპაზონის შუა წერტილიც ჩამოუვარდება ანალიტიკოსების პროგნოზს — $10.31 მილიარდს.
Super Micro Computer-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $266.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 5 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $329.00-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $400.00-ს, ხოლო მინიმალური — $250.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Super Micro Computer-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 24%-იან ზრდას წარმოადგენს. კომპანიის აქციებს 5 ანალიტიკოსიდან 3-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 1-მა — ნეიტრალური რეიტინგი და 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Rivian
სამშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Rivian-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა, გუშინ კი ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანიის აქციების ფასი დაახლოებით 10%-ით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი თითქმის 29%-ით არის გაუმჯობესებული.
Rivian-ის კვარტალურმა შემოსავალმა $1.12 მილიარდი შეადგინა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $1 მილიარდი), ხოლო თითო აქციაზე ზარალმა — $1.08 (პროგნოზი — $-1.43).
გასულ კვარტალში წარმოებამ 13,992 შეადგინა, ხოლო მიწოდებამ — 12,640. Rivian-ის მენეჯმენტმა ხაზი გაუსვა მიწოდების ჯაჭვის გაუმჯობესებას, რის საფუძველზეც მთელი წლის წარმოების პროგნოზი 50,000-დან 52,000-მდე გაზარდა. გარდა ამისა, კომპანიაში მოელიან, რომ კორექტირებული EBITDA $4.2 მილიარდს შეადგენს (წინა პროგნოზი — $4.3 მილიარდი).
Rivian-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $22.40-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 18 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $27.81-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $44.00-ს, ხოლო მინიმალური — $12.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Rivian-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 24.4%-იან ზრდას წარმოადგენს. კომპანიის აქციებს ამ 18 ანალიტიკოსიდან 11-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 6-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.