გუშინ საფონდო ბირჟაზე გავრცელდა მნიშვნელოვანი სიახლეები, რომლებმაც ცნობილი კომპანიების აქციების ფასებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის Lucid Group, Global-e Online, Datadog, UPS და Dish Network.
Lucid Group
ორშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Lucid Group-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა, გუშინ კი ძვირადღირებული ელექტრომობილების მწარმოებლის აქციების ფასი 12%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 16.5%-ით არის მომატებული.
მოდით, განვიხილოთ რამდენიმე ძირითადი მაჩვენებელი Lucid-ის მეორე კვარტლის ფინანსური ანგარიშიდან:
- შემოსავალი წლიდან წლამდე 55%-ით — $150.9 მილიონამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $191.41 მილიონი).
- ზარალმა თითო აქციაზე $0.4-ს მიაღწია (ანალიტიკოსების პროგნოზი — $-0.35).
- გასულ კვარტალთან შედარებით ავტომობილების მიწოდება უცვლელი დარჩა და 1,404 შეადგინა.
- ზარალი ოპერაციებიდან წლიდან წლამდე 50%-ით გაიზარდა და $838 მილიონს მიაღწია.
- ნაღდი ფული და მისი ეკვივალენტები გასულ კვარტალთან შედარებით სამჯერ გაიზარდა და $2.8 მილიარდი შეადგინა.
ამბავი თითქმის იგივეა, როგორც ადრე — Lucid-ის მიწოდება დაბალია და მისი დანაკარგები იზრდება. გასულ კვარტალში ერთადერთი ნათელი წერტილი კომპანიის ფულადი ბალანსი და ლიკვიდობა იყო. ამ პერიოდში Lucid-მა $3 მილიარდი მოიზიდა და ახლა მისი ლიკვიდობა $6.25 მილიარდს შეადგენს. მენეჯმენტი თვლის, რომ კომპანიას ფული 2025 წლამდე ეყოფა და ეს რესურსები საკმარისია 2024 წლის ბოლოსთვის Gravity SUV-ის წარმოების დასაწყებად. ელექტრომობილების მწარმოებელი SUV-ის (ჯიპი) წარდგენას მიმდინარე წლის ნოემბერში გეგმავს.
ამასთან, Lucid-ის მენეჯმენტი კვლავ ინარჩუნებს 2023 წლის მიზანს — 10,000 ერთეულის წარმოებას და ამბობს, რომ სექტემბრის შუა რიცხვებში კომპანია ორი ახალი მოდელის — Lucid Air Sapphire-ისა და Lucid Air Pure-ის წარმოებას დაიწყებს. გარდა ამისა, Lucid-მა $450 მილიონიანი პარტნიორობა გააფორმა Aston Martin-თან. გარიგება მდიდრული სპორტული მანქანების მწარმოებლისთვის ელექტროგადამცემის, ბატარეებისა და დამტენი სისტემების მიწოდებას ითვალისწინებს. ჯერჯერობით, Lucid ბაზარზე ცნობილია, როგორც მხოლოდ ელექტრომობილების მწარმოებელი და არა კომპონენტების მიმწოდებელი.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ გასულ კვარტალში, როგორც დაგეგმილი იყო, Lucid-მა საუდის არაბეთში ელექტრომობილების მიწოდება დაიწყო. 2022 წლის აპრილში Lucid-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ საუდის არაბეთის მთავრობა მომდევნო 10 წლის განმავლობაში Lucid-ისგან 100 000-მდე ავტომობილის შეძენას დათანხმდა.
Lucid-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $7.2-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 6 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $8.67-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $10.00-ს, ხოლო მინიმალური — $6.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Lucid-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 20.6%-იან ზრდას წარმოადგენს. კომპანიის აქციებს 6 ანალიტიკოსიდან 3-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 3-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Global-e Online
გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Global-e Online-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა, სავაჭრო დღის განმავლობაში კი კომპანიის აქციების ფასი 5%-ით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 87%-ით არის მომატებული.
Global-e არის ტრანსსასაზღვრო ელექტრონული კომერციის გააქტიურების პლატფორმა, რომელიც ბრენდებს და საცალო მოვაჭრეებს მომხმარებლებისთვის შესყიდვის გამოცდილების მიწოდებაში ეხმარება.
Global-e-ს კვარტალური შემოსავალი წლიდან წლამდე 53%-ით — $133.3 მილიონამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $128.64 მილიონი), ხოლო ზარალმა $35.5 მილიონი შეადგინა, ანუ ზარალი თითო აქციაზე $0.22 იყო (პროგნოზი — $-0.26).
Global-e-ს დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა — ამირ შლაჩეტმა განაცხადა: „2023 წლის მეორე კვარტლის შედეგები, წლის დარჩენილი პერიოდისთვის განახლებულ პროგნოზებთან ერთად, ასახავს ჩვენი ბიზნესის უწყვეტ ძლიერ იმპულსს, რასაც აშკარას ხდის როგორც შემოსავლის ზრდა, ასევე გაუმჯობესებული მომგებიანობა და ახალი მომხმარებლების დამატება.“
Global-e-ს მენეჯმენტმა ასევე დაადასტურა, რომ კომპანიის სტრატეგიული პარტნიორობა Shopify-სთან ძალაშია.
რაც შეეხება მომავალს, Global-e-ში პროგნოზირებენ, რომ 2023 წლის მესამე კვარტალში შემოსავალი $136-$142 მილიონს შეადგენს. მენეჯმენტი ასევე მოელის, რომ 2023 წელს შემოსავალი $570-$596 მილიონს მიაღწევს (წინა პროგნოზი — $562-$590 მილიონი). ანალიტიკოსების პროგნოზი მთელი წლის შემოსავლისთვის $584 მილიონს შეადგენს, რაც მენეჯმენტის საშუალო საპროგნოზო მაჩვენებელს — $576 მილიონს აღემატება.
Global-e Online-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $39.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 9 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $46.56-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $54.00-ს, ხოლო მინიმალური — $40.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Global-e Online-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 20%-იან ზრდას წარმოადგენს. კომპანიის აქციებს 9 ანალიტიკოსიდან 8-მ მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 1-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Datadog
გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Datadog-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა, სავაჭრო დღის განმავლობაში კი პროგრამული უზრუნველყოფის მონიტორინგის პროვაიდერის აქციების ფასი 17%-ზე მეტით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 22%-ით არის გაზრდილი.
მიუხედავად იმისა, რომ კვარტალური შემოსავალი — $509.5 მილიონი უკეთესი იყო, ვიდრე წინა პროგნოზები, მენეჯმენტმა აღნიშნა, რომ ზოგიერთი მსხვილი მომხმარებელი ქლაუდ სერვისების მიმართულებით კვლავ ხარჯების ოპტიმიზაციით არის დაკავებული.
კორექტირებულმა საოპერაციო მარჟამ 21% შეადგინა, რაც გასული კვარტლის მაჩვენებელს შეესაბამება. თავისუფალმა ფულადმა ნაკადებმა კვარტალში $142 მილიონს მიაღწია. თუმცა იმის გამო, რომ Datadog-ის აქციები კვლავ ძვირად არის შეფასებული, ბაზარი უფრო მეტად შემოსავლების ზრდის შენელებაზეა ორიენტირებული.
რაც შეეხება მომავალს, მენეჯმენტი პროგნოზირებს, რომ მესამე კვარტალში შემოსავალი $521-$525 მილიონს შეადგენს, ხოლო მთელი წლის შემოსავალი $2.05-$2.06 მილიარდს მიაღწევს.
Datadog-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $88.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 18 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $117.81-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $140.00-ს, ხოლო მინიმალური — $87.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Datadog-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 34%-იან ზრდას წარმოადგენს. კომპანიის აქციებს 18 ანალიტიკოსიდან 15-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 3-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
United Parcel Service
გუშინ, ბაზრის გახსნამდე, UPS-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა, სავაჭრო დღის განმავლობაში კი ამანათების მიწოდების კომპანიის აქციების ფასი დაახლოებით 1%-ით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი 3%-ით არის გაუმჯობესებული.
UPS-ის კვარტალურმა შემოსავალმა $22.1 მილიარდი შეადგინა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $23.02 მილიარდი), ხოლო EPS-მა (მოგება თითო აქციაზე) — $2.54 (პროგნოზი — $2.50).
კომპანიამ კვარტლის დიდი ნაწილი დაუთმო იმას, რომ პროფკავშირის — Teamsters-ის წევრების გაფიცვა თავიდან აეცილებინა, რაც კომპანიას ძვირი დაუჯდებოდა. აღმასრულებელი დირექტორის — კეროლ ტომეს განცხადებით, ის მოხარულია, რომ UPS-მა შეთანხმებას მიაღწია.
მოლაპარაკებებმა კომპანიის ხარჯებზე გავლენა იქონია, UPS-ის მძღოლები, ახალი კონტრაქტის ბოლოს, წელიწადში $170,000-ს და დამატებით ბონუსებს მიიღებენ. აქედან გამომდინარე, UPS-ის მენეჯმენტმა მთელი წლის შემოსავლის პროგნოზი $97 მილიარდიდან $93 მილიარდამდე შეამცირა, ხოლო მოსალოდნელი საოპერაციო მარჟა — 12.8%-დან 11.8%-მდე. ანალიტიკოსების პროგნოზები კი, შესაბამისად, ასეთია: $96.7 მილიარდი 12.5%.
UPS-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $180.50-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 14 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $187.00-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $212.00-ს, ხოლო მინიმალური — $100.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი UPS-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 3.5%-იან ზრდას წარმოადგენს. კომპანიის აქციებს 14 ანალიტიკოსიდან 7-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 6-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Dish Network
გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Dish Network-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა, სავაჭრო დღის განმავლობაში კი სატელევიზიო პროვაიდერის აქციების ფასი 9%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 41%-ით არის შემცირებული.
Dish Network-ის კვარტალურმა შემოსავალმა $3.91 მილიარდი შეადგინა (გასული წლის იმავე კვარტალში — $4.21 მილიარდი) და ეს მაჩვენებელი ანალიტიკოსების პროგნოზს შეესაბამებოდა. მოგება კი მკვეთრად — $523 მილიონიდან $200 მილიონამდე შემცირდა, ანუ EPS $0.31 იყო (ანალიტიკოსების პროგნოზი — $0.30).
კომპანიის ფასიანი სატელევიზიო სერვისის აბონენტების რაოდენობა 8.9 მილიონამდე შემცირდა (გასული წლის იმავე კვარტალში — თითქმის 10 მილიონი). Ditto Dish TV-ს სატელიტური სერვისის მომხმარებლების რაოდენობა 7.6 მილიონიდან 6.9 მილიონამდე დაეცა, Sling TV სტრიმინგ სერვისის — 2.2 მილიონიდან 2 მილიონამდე, ხოლო Boost Mobile-ის — 7.9 მილიონიდან 7.7 მილიონამდე.
გარდა ამისა, ინვესტორები მოუთმენლად ელიან შერწყმას, რომლის შედეგადაც Dish Network სატელიტური სერვისებისა და კომუნიკაციების კომპანიასთან — EchoStar-თან გააერთიანებს ძალებს. გარიგების შედეგად, EchoStar-ის ინვესტორები ამ კომპანიის თითო აქციისთვის Dish Network-ის 2.85 A კლასის ჩვეულებრივ აქციას მიიღებენ.
Dish Network-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $8.30-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 10 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $16.11-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $32.00-ს, ხოლო მინიმალური — $5.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Dish Network-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 92.5%-იან ზრდას წარმოადგენს. კომპანიის აქციებს 10 ანალიტიკოსიდან 4-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 5-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.