პარასკევს საფონდო ბირჟაზე საკმაოდ მნიშვნელოვანი სიახლეები გავრცელდა და კომპანიების აქციების ფასებში ცვლილებები დაფიქსირდა. დღეს კი შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის Amazon, Flour, Atlassian, XPO და Cloudflare.
Amazon
ხუთშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Amazon-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა, პარასკევს კი ელექტრონული კომერციისა და ქლაუდ გამოთვლების გიგანტის აქციების ფასი 8%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 63%-ით არის მომატებული.
Amazon-ის კვარტალური შემოსავალი წლიდან წლამდე 11%-ით — $134.4 მილიარდამდე გაიზარდა, რაც აღემატება კომპანიის მენეჯმენტის მოლოდინს — $127-$133 მილიარდს და ასევე აჭარბებს ანალიტიკოსების პროგნოზს — $131.6 მილიარდს. გასული წლის იმავე კვარტალთან შედარებით საოპერაციო შემოსავალი გაორმაგდა და $7.7 მილიარდს მიაღწია. მოგებამ $6.7 მილიარდი შეადგინა, ანუ EPS (მოგება თითო აქციაზე) $0.65 იყო, რაც ბევრად აღემატება ანალიტიკოსების პროგნოზს, რომელიც $0.35-ს შეადგენდა და ასევე $0.20-ის ოდენობით ზარალს თითო აქციაზე, რომელიც კომპანიამ გასული წლის მეორე კვარტალში დააფიქსირა.
Amazon-ის ზრდა ფართომასშტაბიანი იყო, ჩრდილოეთ ამერიკის სეგმენტის გაყიდვები 11%-ით — $82.5 მილიარდამდე გაიზარდა, ხოლო საერთაშორისო გაყიდვები 10%-ით — $29.7 მილიარდამდე, Amazon Web Services (AWS) ბიზნესის გაყიდვებმა კი 12%-ით მოიმატა და $22.1 მილიარდი შეადგინა.
Amazon-ის აღმასრულებელმა დირექტორმა — ენდი ჯასიმ განაცხადა: „ეს Amazon-ის პროგრესის კიდევ ერთი ძლიერი კვარტალი იყო. ჩვენ გავაგრძელეთ შეკვეთების შესრულების ქსელის მომსახურებისთვის ხარჯების შემცირება, ამასთან, Prime მომხმარებლებს შევთავაზეთ ყველაზე სწრაფი სერვისი, რაც კი ოდესმე გვქონია“.
რაც შეეხება მომავალს, Amazon-ის მენეჯმენტი მოელის, რომ მესამე კვარტალში შემოსავალი $138-$143 მილიარდს მიაღწევს, რაც წლიდან წლამდე 9%-13%-იან ზრდას წარმოადგენს. კომპანიაში ასევე პროგნოზირებენ, რომ საოპერაციო შემოსავალი $5.5-$8.5 მილიარდს შეადგენს. გასული წლის იმავე კვარტალში ეს მაჩვენებელი $2.5 მილიარდი იყო.
Amazon-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $140.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 38 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $169.97-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $204.00-ს, ხოლო მინიმალური — $134.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Amazon-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 22%-იან ზრდას წარმოადგენს. კომპანიის აქციებს 38 ანალიტიკოსიდან 37-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 1-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Fluor
პარასკევს, ბაზრის გახსნამდე, სამშენებლო და საინჟინრო გიგანტმა — Flour-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა, სავაჭრო დღის განმავლობაში კი კომპანიის აქციების ფასი 15%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 8%-ით არის მომატებული.
Fluor მსხვილ მომხმარებლებს საინჟინრო და სამშენებლო მომსახურებით უზრუნველყოფს. მეორე კვარტალში კომპანიის შემოსავალმა $3.9 მილიარდი შეადგინა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $3.68 მილიარდი), ხოლო EPS-მა — $0.76 (პროგნოზი — $0.43).
კომპანიის ენერგეტიკული და ურბანული გადაწყვეტების განყოფილებებმა წარმატებას მიაღწია, მათი შემოსავლები წლიდან წლამდე 20%-ით გაიზარდა.
აღმასრულებელმა დირექტორმა — დევიდ ე. კონსტებლმა განაცხადა: „ძლიერი კვარტალური შედეგები მხარს უჭერს ჩვენს სტრატეგიულ მიმართულებას და ეს ადასტურებს, რომ ჩვენს საინჟინრო და სამშენებლო გადაწყვეტებზე დიდი მოთხოვნაა. ჩვენ გვჯერა, რომ ვუახლოვდებით გადახრის წერტილს, რომელიც აქციონერებს მზარდი ღირებულებით უზრუნველყოფს“.
რაც შეეხება მომავალს, Fluor-ის მენეჯმენტმა მთელი წლისთვის EPS-ის პროგნოზი $1.50-$1.90-დან $2.00-$2.30-მდე გაზარდა. კომპანიაში ასევე მოელიან, რომ EBITDA (მოგება ვალის მომსახურების ხარჯების, გადასახადების, ცვეთისა და ამორტიზაციის გამოკლებამდე) $500-$600 მილიონს შეადგენს. მენეჯმენტმა ასევე დაადასტურა თავისი მიზანი, 2026 წლისთვის $800-$950 მილიონის ოდენობით EBITDA-ს შესახებ.
Flour-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $36.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 5 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $35.40-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $45.00-ს, ხოლო მინიმალური — $30.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Flour-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 1.5%-იან კლებას წარმოადგენს. კომპანიის აქციებს 5 ანალიტიკოსიდან 2-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 3-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Atlassian
ხუთშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Atlassian-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა, პარასკევს კი კოლაბორაციის პროგრამული უზრუნველყოფის სპეციალისტის აქციების ფასი 17%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 57%-ით არის მომატებული.
მეოთხე კვარტალში Atlassian-ის შემოსავალი წლიდან წლამდე 23.5%-ით გაიზარდა და $939 მილიონი შეადგინა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $920.4 მილიონი), ხოლო კორექტირებულმა EPS-მა $0.27-დან $0.57-მდე მოიმატა (პროგნოზი — $0.36). რაც შეეხება მომავალს, Atlassian-ის მენეჯმენტი პროგნოზირებს, რომ ფისკალურ 2024 წელს ქლაუდ და მონაცემთა ცენტრის სეგმენტებში შემოსავალი 30%-ის დიაპაზონში გაიზრდება.
Atlassian-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $199.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 15 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $212.53-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $250.00-ს, ხოლო მინიმალური — $150.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Flour-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 7%-იან ზრდას წარმოადგენს. კომპანიის აქციებს 15 ანალიტიკოსიდან 8-მ მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 7-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
XPO
პარასკევს, ბაზრის გახსნამდე, XPO-მ კვარტალური ანგარიში წარადგინა, სავაჭრო დღის განმავლობაში კი ტვირთების გადაზიდვის კომპანიის აქციების ფასი 4%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 120%-ით არის მომატებული.
მეორე კვარტალში XPO მაკრო წინააღმდეგობების წინაშე აღმოჩნდა, რადგან ტრანსპორტირებაზე მოთხოვნა სუსტი იყო. მთლიანი შემოსავალი წლიდან წლამდე 6.5%-ით — $1.92 მილიარდამდე გაიზარდა. კლება, უპირველეს ყოვლისა, გამოწვეული იყო საწვავის ფასების ზრდით და ეს შედეგი ოდნავ ჩამორჩებოდა ანალიტიკოსების პროგნოზს — $1.94 მილიარდს.
კომპანიამ თქვა, რომ დღიური გადაზიდვები უფრო მაღალი იყო, ვიდრე გასული წლის იმავე კვარტალში, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მოთხოვნა აღდგენის ფაზაშია. ეს ნაწილობრივ გამოწვეულია იმით, რომ XPO-ს კონკურენტი — Yellow გაკოტრდა.
კორექტირებული საოპერაციო კოეფიციენტი, რომელიც საოპერაციო მარჟის ინვერსიაა, წლიდან წლამდე 83.2%-დან 87.6%-მდე გაუარესდა, თუმცა გასულ კვარტალთან შედარებით ეს მაჩვენებელი გაუმჯობესდა. კორექტირებული EBITDA ასევე შემცირდა $289 მილიონიდან $244 მილიონამდე.
კორექტირებულმა EPS-მა $1.14-დან $0.71-მდე დაიკლო, რაც ანალიტიკოსების პროგნოზს — $0.61-ს აჭარბებს.
XPO-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $71.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 15 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $67.43-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $88.00-ს, ხოლო მინიმალური — $45.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი XPO-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 5.5%-იან კლებას წარმოადგენს. კომპანიის აქციებს 15 ანალიტიკოსიდან 9-მ მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 6-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Cloudflare
ხუთშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Cloudflare-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა, პარასკევს კი კიბერუსაფრთხოების კომპანიის აქციების ფასი დაახლოებით 7%-ით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი 61%-ზე მეტით არის გაუმჯობესებული.
Cloudflare-ის კვარტალური შემოსავალი წლიდან წლამდე 32%-ით — $308.5 მილიონამდე გაიზარდა და ამ მაჩვენებელმა გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $305.57 მილიონს. EPS-მა $0.10 შეადგინა (პროგნოზი — $0.07). თუმცა, GAAP-ის (ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპები) მიხედვით გამოთვლის შემთხვევაში კომპანიამ თითო აქციაზე $0.28-ის ოდენობით ზარალი დააფიქსირა.
საოპერაციო ზარალმა შემოსავლის მხოლოდ 18.2% შეადგინა. გასული წლის იმავე კვარტალში ეს მაჩვენებელი 27.5%-ს აღწევდა. თავისუფალმა ფულადმა ნაკადებმა $20 მილიონს მიაღწია.
რაც შეეხება მომავალს, Cloudflare-ის მენეჯმენტი პროგნოზირებს, რომ მესამე კვარტალში კომპანიის შემოსავალი $330 მილიონს შეადგენს (უოლ სტრიტის ანალიტიკოსების მოლოდინი — $329.4 მილიონი. კომპანიაში ასევე მოელიან, რომ კორექტირებული EPS $0.10-ს შეადგენს (ანალიტიკოსების პროგნოზი — $0.09).
Cloudflare-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $70.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 16 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $71.25-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $85.00-ს, ხოლო მინიმალური — $43.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Cloudflare-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 2.5%-იან ზრდას წარმოადგენს. კომპანიის აქციებს 16 ანალიტიკოსიდან 8-მ მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 6-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 2-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.