გუშინ საფონდო ბირჟა საკმაოდ მნიშვნელოვანმა სიახლეებმა მოიცვა. დღეს კი ვისაუბრებთ ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც Adobe, Symbotic, Sweetgreen, SoFi Technologies და Novo Nordisk.
Adobe
გუშინ, ანალიტიკოსის დადებითი შეფასების შემდეგ, პროგრამული უზრუნველყოფის ვეტერანი კომპანიის — Adobe-ის აქციების ფასი 3%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 62%-ით არის მომატებული.
გუშინ, სავაჭრო დღის დაწყებამდე, გავლენიანი საინვესტიციო ბანკის — Morgan Stanley-ის ანალიტიკოსმა — კეიტ ვაისმა Adobe-ის აქციების ნეიტრალური რეიტინგი ყიდვის რეკომენდაციით შეცვალა, ხოლო სამიზნე ფასი მკვეთრად — $510-დან $660-მდე გაზარდა. ეს მაჩვენებელი Adobe-ის აქციების ამჟამინდელ ფასს დაახლოებით 21%-ით აღემატება.
ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიას თავისი თავის Creative Cloud-სთვის AI (ხელოვნური ინტელექტი) შესაძლებლობების შემუშავება შეუძლია, ამ სერვისისთვის ღირებულების დასამატებლად.
Adobe-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $546.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 28 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $548.71-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $660.00-ს, ხოლო მინიმალური — $435.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Adobe-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 0.5%-იან ზრდას წარმოადგენს. კომპანიის აქციებს 28 ანალიტიკოსიდან 17-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 10-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Symbotic
გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Symbotic-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა, სავაჭრო დღის განმავლობაში კი კომპანიის აქციების ფასი მკვეთრად — 50%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 428%-ით არის მომატებული.
Symbotic არის კომპანია, რომელიც იყენებს AI-ს, რათა თავისი სასაწყობე-რობოტული პროდუქტები უფრო ჭკვიანი და პროდუქტიული გახადოს. კომპანიის კვარტალურმა შემოსავალმა თითქმის $312 მილიონი შეადგინა და ეს მაჩვენებელი ანალიტიკოსების პროგნოზს — $261 მილიონს ბევრად აღემატებოდა. თუმცა Symbotic-ის ზარალი, რომელმაც $4.3 მილიონს (თითო აქციაზე — $0.07) მიაღწია, უარესი იყო, ვიდრე ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებული $-0.02.
თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ უახლესი ტექნოლოგიური კომპანია თავის პროდუქტებში სუპერპოპულარულ ტექნოლოგიას — AI-ს იყენებს, Symbotic-ის ინვესტორები შეიძლება არც ისე შეშფოთებულნი იყვნენ ზარალის პროგნოზის გადაჭარბებით. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ კომპანიამ წლიდან წლამდე ეს მაჩვენებელი შეამცირა. გასული წლის იმავე კვარტალში წმინდა ზარალი $6.1 მილიონს აჭარბებდა. ამავდროულად, შემოსავალი წლიდან წლამდე 17%-ით გაიზარდა.
Symbotic-მა ასევე წარმოადგინა პროგნოზები მიმდინარე (მეოთხე) კვარტლისთვის. მენეჯმენტი მიიჩნევს, რომ ამ პერიოდში შემოსავალი $290-$310 მილიონს შეადგენს, ხოლო კორექტირებული EBITDA (მოგება ვალის მომსახურების ხარჯების, გადასახადების, ცვეთისა და ამორტიზაციის გამოკლებამდე) $3 მილიონს მიაღწევს.
Symbotic-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $63.50-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 12 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $39.00-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $52.00-ს, ხოლო მინიმალური — $30.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Symbotic-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 39%-იან შემცირებას წარმოადგენს. კომპანიის აქციებს 12 ანალიტიკოსიდან 10-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 2-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Sweetgreen
გუშინ, ანალიტიკოსის დადებითი შეფასების შემდეგ, სალათების რესტორნის — Sweetgreen-ის აქციების ფასი დაახლოებით 7%-ით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი 74%-ზე მეტით არის მომატებული.
ხუთშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, კომპანიამ კვარტალური ანგარიში წარადგინა. შემოსავალმა $152.5 მილიონი შეადგინა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $155.41 მილიონი), ხოლო თითო აქციაზე ზარალმა — $0.24 (პროგნოზი — $0.17).
მიუხედავად ამისა, Piper Sandler-ის ანალიტიკოსმა — ბრაიან მალანმა Sweetgreen-ის აქციების ნეიტრალური რეიტინგი ყიდვის რეკომენდაციით შეცვალა, ხოლო სამიზნე ფასი თითქმის 50%-ით — $19-მე გაზარდა. იგი ამტკიცებს, რომ მას შემდეგ რაც კომპანიამ ფასები გაზარდა, მისი მოგების მარჟა სტაბილურად გამოიყურება და ინვესტორებს შეუძლიათ მომდევნო თვეებში მნიშვნელოვან გაუმჯობესებას ელოდონ.
Sweetgreen-ის მენეჯმენტი პროგნოზირებს, რომ მიმდინარე წელს, 2022-თან შედარებით, შემოსავალი 24%-ით გაიზრდება და $575-$595 მილიონს შეადგენს მიუხედავად იმისა, რომ ერთი და იმავე ლოკაციების გაყიდვები (Comps — ფინანსური მეტრიკა, რომელსაც საცალო ინდუსტრიის კომპანიები იყენებს, რათა შეაფასოს გაყიდვების მთლიანი მოცულობა კომპანიის ლოკაციებზე, რომლებიც ერთი წლის ან მეტი ხნის განმავლობაში ფუნქციონირებს) მხოლოდ 2%-6%-ით გაუმჯობესდება.
Sweetgreen-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $15.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 7 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $15.57-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $19.00-ს, ხოლო მინიმალური — $11.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Sweetgreen-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 3.3%-იან ზრდას წარმოადგენს. კომპანიის აქციებს 7 ანალიტიკოსიდან 4-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 3-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
SoFi Technologies
გუშინ, ბაზრის გახსნამდე, საბანკო და ფინანსური ტექნოლოგიების (ფინტექ) ლიდერმა — SoFi Technologies-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა, სავაჭრო დღის განმავლობაში კი კომპანიის აქციების ფასი დაახლოებით 20%-ით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი 154%-ზე მეტით არის მომატებული.
SoFi Technologies-ის კორექტირებული კვარტალური შემოსავალი წლიდან წლამდე 37%-ით გაიზარდა და $488.8 მილიონი შეადგინა. ამ მაჩვენებელმა გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $475.87 მილიონს. GAAP-ის (ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ მიღებული პრინციპები) მიხედვით გამოთვლილი ზარალი თითო აქციაზე, გასული წლის იმავე კვარტალთან შედარებით, $0.12-დან $0.06-მდე შემცირდა (პროგნოზი — $0.07). გარდა ამისა, SoFi-ს კორექტირებული EBITDA წლიდან წლამდე 278%-ზე მეტით გაიზარდა და $77 მილიონი შეადგინა.
ამასთან, SoFi-მ თავისი წევრების რაოდენობა წლიდან წლამდე 44%-ით გაზარდა და ამ მაჩვენებელმა 6.2 მილიონს გადააჭარბა, მათ შორის ამ კვარტალში კომპანიას 584,000 ახალი წევრი დაემატა. ახალი პროდუქტები 43%-ით გაიზარდა და 9.4 მილიონზე მეტი შეადგინა.
უფრო მეტიც, SoFi-ს შვილობილი კომპანიის — SoFi Bank-ის მთლიანი დეპოზიტები, გასულ კვარტალთან შედარებით, 26%-ით გაიზარდა და $12.7 მილიარდს მიაღწია, რაც SoFi-ს სესხების დაფინანსების მიმზიდველ, დაბალხარჯიან წყაროს უზრუნველყოფს.
რაც შეეხება მომავალს, SoFi-ს მენეჯმენტმა გაზარდა მთელი წლის პროგნოზები და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მიზანს, 2023 წლის ბოლოსთვის GAAP-ის საფუძველზე მომგებიანობას მიაღწიოს. კომპანიაში ახლა მოელიან, რომ 2023 წელს კორექტირებული მოგება $1.974-$2.034 მილიარდს შეადგენს (ძველი პროგნოზი — $1.955-$2.02 მილიარდი) ხოლო კორექტირებული EBITDA $333-$343 მილიონს მიაღწევს (წინა პროგნოზი — $268-$288 მილიონი).
SoFi Technologies-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $11.50-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 17 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $8.81-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $16.00-ს, ხოლო მინიმალური — $3.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი SoFi Technologies-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 23%-იან შემცირებას წარმოადგენს. კომპანიის აქციებს 17 ანალიტიკოსიდან 7-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 6-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 4-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Novo Nordisk
გუშინ, პოზიტიური სიახლის შემდეგ, ფარმაცევტული კომპანიის — Novo Nordisk-ის აქციების ფასი 2%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი 15%-ზე მეტით არის გაუმჯობესებული.
Novo Nordisk წონაში კლების ყველა პოპულარულ მედიკამენტებს — Ozempic-სა და Wegovy-ს აწარმოებს. გუშინ ცნობილი გახდა, რომ გასულ კვირას კომპანიამ 436,500 B კლასის აქცია გამოისყიდა. ფარმაცევტული კომპანიის აქციების გამოსყიდვის ამჟამინდელი პროგრამა იანვრის ბოლოს ამოქმედდა. ის ერთი წლის განმავლობაში უნდა გაგრძელებულიყო და კომპანიას $4.1 მილიარდის ღირებულების B კლასის აქციები უნდა გამოესყიდა. სულ რაღაც სამ თვეზე მეტი ხნის შემდეგ მენეჯმენტმა, კვარტალური ანგარიშის წარდგენისას, განაცხადა, რომ პროგრამას $296 მილიონით გააფართოებდა ჯამში დაახლოებით $4.4 მილიარდამდე.