პარასკევს საფონდო ბირჟაზე საკმაოდ მნიშვნელოვანი სიახლეები გავრცელდა და კომპანიების აქციების ფასებში ცვლილებები დაფიქსირდა. დღეს კი შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის Chart Industries, BJ’s Restaurants, Boston Beer, Skechers და Procter & Gamble.
Chart Industries
პარასკევს, ბაზრის გახსნამდე, სპეციალიზებულმა საინჟინრო კომპანიამ — Chart Industries-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა, სავაჭრო დღის განმავლობაში კი კომპანიის აქციების ფასი 8%-ით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი 49%-ით არის მომატებული.
გასულ კვარტალში Chart Industries-ის შემოსავალმა $908 მილიონს გადააჭარბა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $971.28 მილიონი). წინა წლის იმავე კვარტალში კი ეს მაჩვენებელი $405 მილიონს შეადგენდა. გარდა ამისა, კომპანიის კორექტირებულმა მოგებამ $6.6 მილიონს მიაღწია, ანუ კორექტირებული EPS (მოგება თითო აქციაზე) $1.19 იყო (პროგნოზი — $1.00). გასული წლის იმავე პერიოდში კი Chart Industries-მა $9 მილიონის მოცულობის ზარალი დააფიქსირა.
რაც შეეხება მომავალს, კომპანიის მენეჯმენტი პროგნოზირებს, რომ 2023 წელს შემოსავალი $3.66-$3.80 მილიარდს შეადგენს, ხოლო კორექტირებული EPS — $5.70-$6.70-ს.
Chart Industries-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $171.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 12 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $179.00-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $203.00-ს, ხოლო მინიმალური — $138.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Chart Industries-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 4.5%-იან ზრდას წარმოადგენს. კომპანიის აქციებს 12 ანალიტიკოსიდან 8-მ მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 4-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
BJ’s Restaurants
ხუთშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, BJ’s Restaurants-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა, პარასკევს კი კომპანიის აქციების ფასი 9%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 36%-ით არის მომატებული.
BJ’s Restaurants-ის კვარტალური შემოსავალი წლიდან წლამდე 6.1%-ით — $349.7 მილიონამდე გაიზარდა და თითქმის შეესაბამებოდა ანალიტიკოსების პროგნოზს — $349.75 მილიონს. ერთი და იმავე ლოკაციების გაყიდვები (Comps — ფინანსური მეტრიკა, რომელსაც საცალო ინდუსტრიის კომპანიები იყენებს, რათა შეაფასოს გაყიდვების მთლიანი მოცულობა კომპანიის ლოკაციებზე, რომლებიც ერთი წლის ან მეტი ხნის განმავლობაში ფუნქციონირებს) 4.7%-ით გაიზარდა. წმინდა მოგებამ $11.9 მილიონამდე მოიმატა (გასული წლის იმავე კვარტალში — $0.3 მილიონი), ანუ EPS-მა $0.50 შეადგინა, რაც გაცილებით აღემატება ანალიტიკოსების პროგნოზს — $0.33-ს.
რესტორნის დონის საოპერაციო მარჟა წლიდან წლამდე 260 საბაზისო პუნქტით გაუმჯობესდა და 14.5% შეადგინა, კორექტირებული EBITDA (მოგება ვალის მომსახურების ხარჯების, გადასახადების, ცვეთისა და ამორტიზაციის გამოკლებამდე) 35.9%-ით — $31.8 მილიონამდე გაიზარდა.
BJ 2023 წელს ხუთი ახალი რესტორნის გახსნას გეგმავს, მათ შორის ერთ რელოკაციას შემდეგ თვეში. კომპანიამ ასევე დააჩქარა რეკონსტრუქციის გეგმა, რომელიც მიზნად ისახავს 35-40 რესტორნის მოდერნიზაციას (მათგან 20 უკვე დასრულებულია). გრძელვადიან პერსპექტივაში კი კომპანია მიზნად ისახავს ლოკაციების 425-მდე გაზრდას (ამჟამინდელი რაოდენობა — 216).
BJ’s Restaurants-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $36.50-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 9 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $38.22-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $43.00-ს, ხოლო მინიმალური — $31.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი BJ’s Restaurants-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 5%-იან ზრდას წარმოადგენს. კომპანიის აქციებს 9 ანალიტიკოსიდან 5-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 3-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Boston Beer
ხუთშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Boston Beer-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა, პარასკევს კი კომპანიის აქციების ფასი დაახლოებით 17%-ით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი 13%-ზე მეტით არის მომატებული.
Boston Beer-ის კვარტალური შემოსავალი წლიდან წლამდე 2.1%-ით — $641.3 მილიონამდე შემცირდა, ხოლო წმინდა მოგება 9.5$-ით გაიზარდა და $58 მილიონი შეადგინა, ანუ EPS $4.72 იყო. ამ ორივე მაჩვენებელმა გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზებს, რომლებიც, შესაბამისად, $599 მილიონს და $3.45-ს შეადგენდა.
გარდა ამისა მიწოდება 4.5%-ით — 2.31 მილიონ ბარელამდე შემცირდა, ხოლო „ამოწურვა“ — ლუდის კომპანიების ძირითადი მეტრიკა, რომელიც ზომავს, რამდენად სწრაფად აღმოჩნდება პროდუქტები საწყობებიდან მომხმარებლების ხელში — 3%-ით შემცირდა.
რაც შეეხება მომავალს, Boston Beer-ის მენეჯმენტი პროგნოზირებს, რომ მიმდინარე წელს მიწოდება და „ამოწურვა“ 2%-8%-ით შემცირდება, ხოლო EPS $6.00-$10.00-ს მიაღწევს.
Boston Beer-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $366.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 8 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $316.25-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $406.00-ს, ხოლო მინიმალური — $257.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Boston Beer-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 13.6%-იან შემცირებას წარმოადგენს. კომპანიის აქციებს 8 ანალიტიკოსიდან 1-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 3-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 3-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Skechers
ხუთშაბათს, სავაჭრო დღის დაწყებამდე, Skechers-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა, პარასკევს კი კომპანიის აქციების ფასი დაახლოებით 10%-ით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი 34%-ზე მეტით არის მომატებული.
ყოველდღიური ფეხსაცმლის მწარმოებელი კომპანიის კვარტალური შემოსავალი წლიდან წლამდე 7.7%-ით — $2.01 მილიარდამდე გაიზარდა, რასაც ხელი შეუწყო პირდაპირ მომხმარებლებზე გაყიდვების მაჩვენებლის 29.1%-იანმა მატებამ. ამ მეტრიკამ გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $1.93 მილიარდს.
საერთაშორისო ზრდა განსაკუთრებით ძლიერი იყო, შემოსავალი აშშ-ის ფარგლებს გარეთ 17.9%-ით გაიზარდა, მათ შორის ინდოეთში — 27%-ით და გერმანიაში — 29%-ით. გარდა ამისა, კომპანიამ შეიძინა სკანდინავიური დისტრიბუტორი, რაც მომდევნო წლებში საერთაშორისო ზრდის სტიმულირებას შეუწყობს ხელს.
ამასთან, Skechers-მა მარაგები 18.3%-ით — $332 მილიონამდე შეამცირა, რამაც ხელი შეუწყო მთლიანი მარჟის 460 საბაზისო პუნქტით — 52.7%-მდე გაზრდას. მიუხედავად იმისა, რომ საოპერაციო ხარჯებიც გაიზარდა, მთლიანი მარჟის მატებამ EPS-ის 69%-იანი ზრდა განაპირობა $0.98-მდე და ამ მაჩვენებელმა ადვილად გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $0.54-ს.
რაც შეეხება მომავალს, მენეჯმენტი პროგნოზირებს, რომ მესამე კვარტალში შემოსავალი $1.95-$2 მილიარდს შეადგენს, რაც ოდნავ ჩამოუვარდება ანალიტიკოსების პროგნოზს — $2.07 მილიარდს. კომპანიაში ასევე მოელიან, რომ EPS $0.70-$0.75-ს მიაღწევს (პროგნოზი — $0.93).
სრული 2023 წლისთვის კი მენეჯმენტი $7.95-$8.1 მილიარდის ოდენობით შემოსავალს (პროგნოზი — $8.08 მილიარდი) და $3.25-$3.40-ის ტოლ EPS-ს პროგნოზირებს (პროგნოზი — $3.19). გრძელვადიან პერსპექტივაში, 2026 წლისთვის, Skechers მიზნად ისახავს $10 მილიარდის ოდენობით წლიური გაყიდვების მიღწევას.
Skechers-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $56.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 7 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $60.86-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $68.00-ს, ხოლო მინიმალური — $54.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Skechers-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 8.5%-იან ზრდას წარმოადგენს. კომპანიის აქციებს 7 ანალიტიკოსიდან 6-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 1-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Procter & Gamble
პარასკევს, ბაზრის გახსნამდე, Procter & Gamble-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა, სავაჭრო დღის განმავლობაში კი კომპანიის აქციების ფასი დაახლოებით 3%-ით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი 3%-ზე მეტით არის მომატებული.
Procter & Gamble-ის კვარტალური შემოსავალი წლიდან წლამდე 5%-ით — $20.6 მილიარდამდე გაიზარდა და ანალიტიკოსების პროგნოზს — $20 მილიარდს გადააჭარბა. ორგანულმა გაყიდვებმა, რომელიც შესყიდვების, დივესტირებისა და ვალუტის კურსის ეფექტებს გამორიცხავს, 8%-ით მოიმატა. გაყიდვების გაუმჯობესება უმეტესწილად ფასების ზრდამ განაპირობა, რადგან ამ მაჩვენებელმა 7% შეადგინა, ხოლო გაყიდული პროდუქციის ორგანული მოცულობა 1%-ით შემცირდა.
EPS წლიდან წლამდე 13%-ით — 1.37$-მდე გაიზარდა და გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $1.32-ს.
რაც შეეხება მომავალს, Procter & Gamble-ის მენეჯმენტი პროგნოზირებს, რომ ფისკალურ 2024 წელს შემოსავალი 3%-4%-ით გაიზრდება, ხოლო EPS 6%-9%-ით მოიმატებს და $6.25-$6.43-ს შეადგენს.
Procter & Gamble-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $156.40-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 10 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $167.33-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $177.00-ს, ხოლო მინიმალური — $155.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Procter & Gamble-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 7%-იან ზრდას წარმოადგენს. კომპანიის აქციებს 10 ანალიტიკოსიდან 6-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 4-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.