გუშინ საფონდო ბირჟა საკმაოდ მნიშვნელოვანმა სიახლეებმა მოიცვა. დღეს კი ვისაუბრებთ ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის Netflix, UnitedHealth, Rivian Automotive, Pinterest და Charles Schwab.
Netflix
Netflix კვარტალურ ანგარიშს დღეს წარადგენს, გუშინ კი, ანალიტიკოსების დადებითი შეფასებების შემდეგ, კომპანიის აქციების ფასი 5.5%-ით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი 21%-ით არის მომატებული.
Jefferies-ის ანალიტიკოსმა — ენდრიუ უერკვიცმა Netflix-ის აქციებს ყიდვის რეკომენდაცია შეუნარჩუნა, ხოლო სამიზნე ფასი მკვეთრად — $440-დან $520-მდე გაზარდა. მეთიუ ჰარიგანმა იმავე საინვესტიციო ბანკიდან კომპანიის აქციებს გაყიდვის რეკომენდაცია შეუნარჩუნა და სამიზნე ფასი $250-დან $293-მდე გაზარდა.
გარდა ამისა, Wells Fargo-ს ანალიტიკოსმა — სტივენ კეჰოლმა Netflix-ის აქციებს ყიდვის რეკომენდაცია შეუნარჩუნა და ძველი სამიზნე ფასი — $500 გაიმეორა.
როგორც წესი, Netflix-ის კვარტალური ანგარიშებს ბაზარი ყურადღებით და დეტალურად აკვირდება. ეს იქიდან გამომდინარე ხდება, რომ კომპანია სტრიმინგის ან თუნდაც მთლიანად გართობის ინდუსტრიაში წამყვან მოთამაშედ განიხილება. დღევანდელი კვარტალური ანგარიში განსაკუთრებით საინტერესო იქნება მწერლებისა და მსახიობების გაფიცვების გათვალისწინებით, რაც ამჟამად ინდუსტრიას აფერხებს.
Netflix-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $475-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 28 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $448.22-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $535.00-ს, ხოლო მინიმალური — $293.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Netflix-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 5.6%-იან კლებას წარმოადგენს. კომპანიის აქციებს 28 ანალიტიკოსიდან 18-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 8-მ — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 2-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
UnitedHealth
გუშინ, ანალიტიკოსის დადებითი შეფასების შემდეგ, UnitedHealth-ის აქციების ფასი 3%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 4%-ით არის შემცირებული.
UnitedHealth არის ამერიკული საერთაშორისო მმართველობის ჯანდაცვისა და სადაზღვევო კომპანია, რომელიც მინესოტაშია დაფუძნებული. გუშინ, სავაჭრო დღის დაწყებამდე, Bernstein-ის ანალიტიკოსმა — ლენს უილკესმა UnitedHealth-ის აქციების ნეიტრალური რეიტინგი ყიდვის რეკომენდაციით შეცვალა, ხოლო სამიზნე ფასი $595-დან $603-მდე გაზარდა.
ლენსის წინა ნელთბილი შეხედულება წელს ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისების გამოყენების გაზრდის მოლოდინს და MA (ჯანდაცვის გეგმის ტიპი, რომელსაც კერძო კომპანია გვთავაზობს) განაკვეთების მოძრაობას ეფუძნებოდა. ანალიტიკოსის თქმით, დღეს ამ ფაქტორების უმეტესობა უკვე აქციების ფასშია ასახული.
ამავდროულად, ლენსმა თქვა, რომ UnitedHealth-ის აქციები ახლა უფრო მიმზიდველია დაბალი შეფასებების, „ფასების გაძლიერების პოტენციალის“ საფუძველზე.
UnitedHealth-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $500.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 18 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $569.59-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $650.00-ს, ხოლო მინიმალური — $510.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი UnitedHealth-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 14%-იან ზრდას წარმოადგენს. კომპანიის აქციებს 18 ანალიტიკოსიდან 16-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 2-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Rivian Automotive
გუშინ, პოზიტიური სიახლის შემდეგ,, ელექტრომობილების მწარმოებელი ამერიკული კომპანიის — Rivian Automotive-ის აქციების ფასი დაახლოებით 3%-ით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი 42%-ზე მეტით არის მომატებული.
ჯორჯიის შტატის უზენაესმა სასამართლომ გადაწყვიტა არ განეხილა საჩივარი ქონების გადასახადის შეღავათებთან დაკავშირებით Rivian-ის ახალი საწარმოო ქარხნისთვის, რომელიც მდებარეობს ატლანტას აღმოსავლეთით. ოპონენტები ამტკიცებდნენ, რომ $700 მილიონის ოდენობით საგადასახადო შეღავათები, რომლებიც Rivian-მა მიიღო, შტატის კონსტიტუციას არღვევდა.
კომპანიის მენეჯმენტმა ახალი საწარმოო ქარხნის გეგმების შესახებ ჯერ კიდევ 2021 წელს გამოაცხადა. სავარაუდო ღირებულება $5 მილიარდს შეადგენს და ქარხნის წლიური საწარმოო სიმძლავრე 400,000 ავტომობილს მიაღწევს.
თავდაპირველად Rivian-ში მოელოდნენ, რომ მშენებლობა 2022 წლის ზაფხულში დაიწყებოდა, ხოლო ავტომობილების წარმოება უკვე 2024 წლიდან იქნებოდა შესაძლებელი, თუმცა ეს პროცესი შეფერხდა.
იქიდან გამომდინარე, რომ ახლა Rivian-ისთვის, ახალი საწარმოო ობიექტის განსავითარებლად, გზა ხსნილია, ბაზრის რეაქცია სრულიად გასაგებია.
Rivian-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $25.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 16 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $24.19-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $40.00-ს, ხოლო მინიმალური — $12.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Rivian-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 2%-იან შემცირებას წარმოადგენს. კომპანიის აქციებს ამ 16 ანალიტიკოსიდან 10-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 5-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
გუშინ, ანალიტიკოსის დადებითი შეფასების შემდეგ, სოციალური მედიის კომპანიის — Pinterest-ის აქციების ფასი დაახლოებით 4%-ით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი 32%-ზე მეტით არის მომატებული.
გუშინ Evercore ISI-მ Pinterest-ის აქციების ნეიტრალური შეფასება ყიდვის რეკომენდაციით შეცვალა, ხოლო სამიზნე ფასი $41-მდე გაზარდა, რაც ამჟამად უოლ სტრიტზე ყველაზე მაღალი შეფასებაა. Evercore-ის ანალიტიკოსებმა ეს ნაბიჯი 4 მიზეზით ახსნეს.
პირველი არის ხარჯები ციფრული რეკლამების მიმართულებით. Evercore-ში მიიჩნევენ, რომ ამ მაჩვენებელმა ფსკერს გასული წლის ბოლოს მიაღწია და ის ზრდას 2023 წლის მეორე ნახევრიდან განაგრძობს.
ასევე, ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ Pinterest უფრო ეფექტური ხდება, აუმჯობესებს როგორც თავის მომხმარებელთა გამოცდილებას, ასევე საკუთარ უნარს, რეკლამის განმთავსებლებს გაყიდვების გაზრდაში დაეხმაროს.
გარდა ამისა, Evercore-ში თვლიან, რომ მომდევნო 6-12 თვის განმავლობაში Pinterest შემოსავლების „მნიშვნელოვანი“ ზრდით ისარგებლებს. მათ შორის EBITDA (მოგება ვალის მომსახურების ხარჯების, ცვეთისა და ამორტიზაციის გამოკლებამდე) 2023 წლის მეოთხე კვარტალში წლიდან წლამდე 50%-ით გაიზრდება, ხოლო წლიური მაჩვენებელი — 30%-ით.
Evercore-ის შეფასებით, ამ ტიპის ზრდის ტემპმა უნდა წაახალისოს ინვესტორები, Pinterest-ის აქციები „გადააფასონ“. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ, შესაძლოა, მომდევნო 12 თვის განმავლობაში კომპანიის აქციების ფასი დაახლოებით 37%-ით გაიზარდოს. მეოთხე მიზეზი ის არის, რომ Evercore-ის ანალიტიკოსების აზრით Pinterest-ის აქციები ბაზარზე სათანადოდ არ არის დაფასებული.
Pinterest-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $30.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 22 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $29.52-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $41.00-ს, ხოლო მინიმალური — $21.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Pinterest-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 2.60%-იან შემცირებას წარმოადგენს. კომპანიის აქციებს ამ 22 ანალიტიკოსიდან 10-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 12-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Charles Schwab
გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Charles Schwab-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა, სავაჭრო დღის განმავლობაში კი კომპანიის აქციების ფასი 12.5%-ით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი 19%-ზე მეტით არის შემცირებული.
ფინანსური გადაწყვეტების კომპანიის კვარტალური შემოსავალი წლიდან წლამდე 9%-ით — $4.66 მილიარდამდე შემცირდა, თუმცა ამ მაჩვენებელმა გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $4.63 მილიარდს. კორექტირებული EPS (მოგება თითო აქციაზე) 23%-ით — 0.75%-მდე შემცირდა (პროგნოზი — $0.72), ხოლო GAAP-ის (ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპები) მიხედვით გამოთვლილმა EPS-მა 26%-ით დაიკლო და $0.64 შეადგინა.
მენეჯმენტმა ხაზი გაუსვა ახალ ანგარიშებს და ახალ აქტივებს, რომლებსაც კომპანიას თავისი მომხმარებლები ანდობენ. მეორე კვარტალში Charles Schwab-მა ერთი მილიონი ახალი საბროკერო კლიენტი შეიძინა და მომხმარებლებმა თავიანთ ანგარიშებზე $52 მილიარდის ღირებულების ახალი აქტივები დაამატეს.
გარდა ამისა, Schwab-ის მიერ თავისი ანგარიშებიდან მიღებული წმინდა საპროცენტო შემოსავალი წლიდან წლამდე 10%-ით შემცირდა, ხოლო კომპანიის წმინდა საპროცენტო მარჟამ კვარტლიდან კვარტლამდე 32 საბაზისო პუნქტით — 1.87%-მდე დაიკლო.
Charles Schwab-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $66.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 16 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $67.90-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $92.00-ს, ხოლო მინიმალური — $53.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Charles Schwab-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 3%-იან ზრდას წარმოადგენს. კომპანიის აქციებს ამ 16 ანალიტიკოსიდან 12-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 2-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 2-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.