გუშინ საფონდო ბირჟაზე საინტერესო სიახლეები გავრცელდა, რამაც ცნობილი კომპანიების აქციების ფასებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის Sleep Number, Stagwell, Verizon და Intel.
Sleep Number
გუშინ, ანალიტიკოსების დადებითი შეფასების შემდეგ, Sleep Number-ის აქციების ფასი 10%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 27%-ით არის მომატებული.
Sleep Number არის ამერიკული კომპანია, რომელიც აწარმოებს მატრასებს, ბალიშებს და საწოლის სხვა აქსესუარებს. Wedbush-ის ანალიტიკოსმა — სეთ ბაშამმა Sleep Number-ის აქციებს ნეიტრალური რეიტინგი შეუნარჩუნა, თუმცა, MarketScreener-ის თანახმად, მან სამიზნე ფასი $27-დან $33-მდე გაზარდა. გავრცელებული ინფორმაციით, სეთმა ამ ნაბიჯის მიზეზად დაასახელა ის, რომ, მისი აზრით, კომპანიის გაყიდვები და მოგება პროგნოზებს გადააჭარბებს.
ბოლოს კვარტალური ანგარიში Sleep Number-მა 26 აპრილს წარადგინა. ამ დროს მენეჯმენტმა გამოავლინა პროგნოზებიც მთელი წლისთვის, რაც ბაზრის წინაღობებს და მნიშვნელოვან გაურკვევლობას ასახავდა. მენეჯმენტი მოელის, რომ 2023 წელს გაყიდვები, 2022 წელთან შედარებით, შემცირდება. კომპანიაში ასევე პროგნოზირებენ, რომ მთელი წლის EPS (მოგება თითო აქციაზე) $1.50-$2.00-ს შეადგენს. ინვესტორები ყველაფერს უკეთ გაიგებენ მაშინ, როცა Sleep Number 27 ივლისს მეორე კვარტლის ფინანსურ შედეგებს გამოაქვეყნებს.
Stagwell
გუშინ, ცნობილი საინვესტიციო ბანკის ანალიტიკოსისგან მნიშვნელოვანი სტიმულის მიღების შემდეგ, Stagwell-ის აქციების ფასი დაახლოებით 11%-ით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი 30%-ზე მეტით არის მომატებული. Stagwell, ადრე ცნობილი, როგორც The Stagwell Group, გლობალური მარკეტინგისა და კომუნიკაციების ფირმაა.
Goldman Sachs-ის ანალიტიკოსმა — ბრეტ ფელდმანმა Stagwell-ის აქციების შეფასება წამოიწყო — მათ ყიდვის რეკომენდაცია და $12-ის ტოლი სამიზნე ფასი მიანიჭა, რაც ფასის ამჟამინდელი ნიშნულიდან დაახლოებით 46%-იან ზრდას გულისხმობს.
ბრეტმა დაწერა, რომ კომპანია კარგად არის პოზიციონირებული, რათა გლობალური ციფრული რეკლამისა და მარკეტინგული ხარჯების გრძელვადიანი ზრდისგან სარგებელი მიიღოს.
ანალიტიკოსი ასევე ფიქრობს, რომ ტრადიციულ სარეკლამო სააგენტოებთან შედარებით, Stagwell-ის შემოსავალში ციფრული რეკლამების წილი უფრო მეტია. კომპანია ასევე სარგებლობს შემოსავლის უფრო სწრაფი ორგანული ზრდით, რაც ხშირად დაბალ საბაზრო წილს ახლავს თან.
გარდა ამისა, ბრეტი თვლის, რომ Stagwell-ს გააჩნია ძლიერი ბალანსი და ფულადი ნაკადები, რაც მას შესაძლებლობას აძლევს, გაიზარდოს სხვა კომპანიების შეძენის გზით, თუ ამას მენეჯმენტი გადაწყვეტს.
Stagwell-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $8.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 5 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $10.00-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $12.00-ს, ხოლო მინიმალური — $9.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Stagwell-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 22%-იან ზრდას წარმოადგენს. კომპანიის აქციებს 5 ანალიტიკოსიდან 4-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 1-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Verizon
გუშინ ამერიკული ტელეკომუნიკაციების გიგანტის — Verizon-ის აქციების ფასი 7%-ზე მეტით შემცირდა მას შემდეგ, რაც The Wall Street Journal-ში გამოქვეყნებული სტატიების სერიამ ხაზი გაუსვა ტყვიის შემცველობას საკაბელო გარსებში, რომლებსაც ტელეკომუნიკაციის კომპანიები ათწლეულების წინ იყენებდნენ.
მოხსენებაში ხაზგასმულია კაბელები, რომლებიც AT&T-ის მიერ გამოიყენება, მაგრამ ასევე ნახსენებია Verizon. თუმცა ამ უკანასკნელის ბიზნესი ორ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში უსადენო საშუალებებზეა ორიენტირებული.
ჯერჯერობით არ განსაზღვრულა ტყვიით დაბინძურების დონე ან რომელიმე კომპანიის პასუხისმგებლობა. Morningstar-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ, მათი აზრით, პასუხისმგებლობა ძალიან შეზღუდული იქნება, რადგან სატელეკომუნიკაციო ინდუსტრიამ მომუშავეების ტყვიით მოწამვლისგან დასაცავად საუკეთესო პრაქტიკა დანერგა.
Verizon-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $31.40-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 13 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $43.35-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $64.00-ს, ხოლო მინიმალური — $37.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Verizon-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 38%-იან ზრდას წარმოადგენს. კომპანიის აქციებს 13 ანალიტიკოსიდან 4-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 9-მ — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Intel
გუშინ ტექნოლოგიური კომპანიის — Intel-ის აქციების ფასი დაახლოებით 4%-ით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი 28%-ზე მეტით არის მომატებული.
როგორც ჩანს გუშინ Intel-ის აქციებზე დადებითად ორმა სიახლემ იმოქმედა. პირველ რიგში, აშშ-ში დაფუძნებული ნახევარგამტარული ინდუსტრიის ასოციაციის (SIA) სავაჭრო ჯგუფი ბაიდენის ადმინისტრაციას მოუწოდებს, შეარბილოს თავისი პოზიცია ჩინეთთან მიმართებაში და თავი შეიკავოს შემდგომი შეზღუდვების გავრცელებისგან ჩიპების კომპანიებზე, როგორიცაა Intel, რომლებიც იქ თავიანთ პროდუქტებს ყიდიან. თუმცა მხოლოდ SIA-ს მოწოდება გარანტია ვერ იქნება და თუ მას მთავრობა უარყოფს, არსებობს პოტენციალი, რომ ჩინეთმა საპასუხოდ ნახევარგამტარებისთვის საჭირო ნედლეულის (როგორიცაა გალიუმი და გერმანიუმი) ექსპორტი შეაფერხოს, რაც Intel-ზე და სხვა მსგავს კომპანიებზე ნეგატიურად იმოქმედებს.
რა თქმა უნდა, შესაძლებელია, რომ აშშ-ის მთავრობა SIA-ს წინადადებას დათანხმდეს და ამ შემთხვევაში Intel ჩინეთში მეტი ჩიპის გაყიდვით ისარგებლებს, მაგრამ თუ სცენარი სხვაგვარად განვითარდება, Intel არა მხოლოდ ვერ მიიღებს სარგებელს, არამედ, შესაძლოა, მისი ხარჯები გაიზარდოს.
გარდა ამისა, საინვესტიციო ბანკ Citigroup-ში მიიჩნევენ, რომ მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში პოზიტიური სიახლეები კომპანიის აქციების ფასს გაზრდის. Citigroup-ის წარმომადგენლები თავის ოპტიმიზმს იმით ხსნიან, რომ კომპიუტერების გაყიდვები აღდგენას იწყებს.
Intel-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $34-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 26 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $32.20-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $45.00-ს, ხოლო მინიმალური — $17.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Intel-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 6%-იან შემცირებას წარმოადგენს. კომპანიის აქციებს 26 ანალიტიკოსიდან 4-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 17-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 5-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.