გუშინ საფონდო ბირჟა საკმაოდ მნიშვნელოვანმა სიახლეებმა მოიცვა. დღეს კი შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის Generac Holdings, Walgreens Boots Alliance, Meta Platforms, Stratasys და Lucid Group.
Generac Holdings
გუშინ ელექტროენერგიის გამომუშავების სპეციალისტის — Generac Holdings-ის აქციების ფასი დაახლოებით 9%-ით გაიზარდა. ზედმეტად ცხელი ამინდი შეერთებული შტატების სამხრეთ ნაწილში აშკარად ზრდის მოთხოვნას მის სარეზერვო ელექტრო გადაწყვეტებზე. ეს დინამიკა, შესაბამისად, კომპანიის საფუძვლებსაც უნდა დაეხმაროს.
ორშაბათს, სავაჭრო დღის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე გამოქვეყნებულ სტატიაში, Bloomberg ციტირებდა კომპანიის აღმასრულებელ დირექტორს — აარონ იაგდფელდს, რომელმაც განაცხადა: „ტეხასის რეგიონში ჩვენი გენერატორებისა და ბატარეის სარეზერვო სისტემების გაყიდვები დრამატულად გაიზარდა“. მან ასევე აღნიშნა, რომ უკვე დიდი ხანია, რაც ტეხასი კომპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ბაზარია.
Walgreens Boots Alliance
გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Walgreens Boots Alliance-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა, სავაჭრო დღის განმავლობაში კი ჯანდაცვის კომპანიის აქციების ფასი 9%-ზე მეტით შემცირდა.
მესამე კვარტალში Walgreens Boots Alliance-ის შემოსავალი წლიდან წლამდე 8.6%-ით — $35.4 მილიარდამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $34.24 მილიარდი), ხოლო EPS (მოგება თითო აქციაზე) 59%-ით შემცირდა და $0.14 შეადგინა (პროგნოზი —$1.08). ამის მიზეზად ჯანდაცვის კომპანიის მენეჯმენტმა COVID-19 ვაქცინებისა და ტესტირებების დაბალი მოცულობა დაასახელა.
კვარტალური ანგარიშის წარდგენისას Walgreens-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ, მათი პროგნოზით, წლიური კორექტირებული EPS $4-$4.05-ს შეადგენს მაშინ, როდესაც წინა პროგნოზი $4.45-$4.65 იყო. მიზეზად კვლავ COVID-19-თან დაკავშირებული გაყიდვების კლება და მომხმარებლების მეტი სიფრთხილე დასახელდა.
Meta Platforms
გუშინ, უოლ სტრიტის ანალიტიკოსის დადებითი შეფასების შემდეგ, Meta Platforms-ის აქციების ფასი 3%-ით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი 130%-ით არის მომატებული.
Citi-ს ანალიტიკოსმა — რონალდ ჯოსიმ, რომელსაც Meta-ს აქციებისთვის უკვე ყიდვის რეკომენდაცია ჰქონდა მინიჭებული, სამიზნე ფასი $315-დან $360-მდე გაზარდა. შედარებისთვის, Meta-ს აქციების ფასი ამჟამად $287-ს შეადგენს. რონალდის სამიზნე ფასი კი ნიშნავს ამ მაჩვენებლის გასამმაგებას წლის დასაწყისის ნიშნულთან შედარებით და გაოთხმაგებას ოქტომბრის მინიმალური მაჩვენებლიდან.
თავის ჩანაწერში ანალიტიკოსმა აღნიშნა შემდეგი: მიუხედავად იმისა, რომ Instagram ჯერ კიდევ მრავალმხრივ ჩამორჩება TikTok-ს ჩამოტვირთვებისა და პლატფორმაზე გატარებული დროის თვალსაზრისით, პირველი მათგანი აგრძელებს ბაზრის წილის მოპოვებას, ყოველთვიური აქტიური მომხმარებლების (MAU) და ჩართულობის უფრო მაღალი შედარებითი ზრდით.
რონალდი აღნიშნავს, რომ მაშინ, როდესაც Instagram-ის ჩამოტვირთვები ამ კვარტალში 12%-ით დაბალი იყო TikTok-ის იმავე მაჩვენებელზე, Instagram-ის MAU 6%-ით გაზარდა, განსხვავებით TikTok-ის 4%-იანი მატებისგან. გარდა ამისა, სანამ მომხმარებლები აგრძელებენ TikTok-ზე მეტი დროის დახარჯვას, Instagram-ის ერთი MAU-ს მიერ დახარჯული დროის ზრდა უკვე ზედიზედ მეშვიდე თვეა TikTok-ისას აჭარბებს.
დაბოლოს, ანალიტიკოსმა ასევე აღნიშნა გაზრდილი ჩართულობა და სარეკლამო დატვირთვა Reels-ის ახალ პროდუქტზე, რომელსაც Meta აგრესიულად უწევს პროპაგანდას TikTok-ის მოკლე ფორმის ვიდეოებისთვის კონკურენციის გასაწევად. რონალდი ასევე პროგნოზირებს სარეკლამო შემოსავლების აღდგენას 2024 წელს 14%-იანი ზრდის ტემპით.
Stratasys
გუშინ, პოზიტიური სიახლის შემდეგ, 3D პრინტერების მწარმოებლის — Stratasys-ის აქციების ფასი 6%-ზე მეტით გაიზარდა.
თითქმის ერთი თვის შემდეგ, რაც 3D პრინტერების კონკურენტმა მწარმოებელმა — 3D Systems-მა Stratasys-ის შეძენის სურვილი გამოავლინა, თუმცა Stratasys-ის მენეჯმენტმა თავი შეიკავა, გუშინ 3D Systems-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ კომპანია შეთავაზების ღირებულებას გაზრდის.
ჯერ კიდევ ივნისის დასაწყისში, 3D Systems-ის შეთავაზება ასეთი იყო: $7.50 ნაღდი ფული და საკუთარი 1.2507 აქცია Stratasys-ის თითო აქციის სანაცვლოდ. 3D-ის ახალი შეთავაზების ნაღდი ფულის კომპონენტი უცვლელი რჩება, მაგრამ კომპანიამ საკუთარი აქციების შეთავაზება 1.3223-მდე გაზარდა. 3D-ის აქციების ფასი ამჟამად 10.03-ს შეადგენს, რაც ნაღდ ფულთან ერთად, დამატებით $13.26-ის გადახდას გულისხმობს. მთლიანობაში კი გამოდის, რომ 3D Systems Stratasys-ის თითო აქციისთვის $20.76-ს გადაიხდის.
Stratasys-ის შეძენით ასევე დაინტერესებულია Nano Dimension, რომელმაც ასევე გაზარდა შეთავაზება $18-და $20.05-მდე თითო აქციაზე. ეს არა მხოლოდ უფრო დაბალი ფასია, ვიდრე ის, რასაც Stratasys-ს 3D სთავაზობს (თუმცა ეს სრულად ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდას გულისხმობს), არამედ Nano Dimension-ს კომპანიის არა სრულად შეძენის ნაცვლად მისი დაახლოებით 31.9%-36.9%-იანი წილის ყიდვა სურს. როგორც ვხედავთ, Nano Dimension-ის მიზანია, უბრალოდ Stratasys-ის უმეტესი წილის მფლობელი გახდეს მთელი კომპანიის ყიდვის გარეშე.
Stratasys-ის საბჭო აცხადებს, რომ განიხილავს 3D-ის ახალ შეთავაზებას (და, სავარაუდოდ, Nano Dimension-ის წინადადებასაც). მაგრამ, როგორც ბოლო მოხსენებიდან არის ცნობილი, Stratasys-ის მენეჯმენტს არა კომპანიის გაყიდვის, არამედ შესყიდვის თავად განხორციელების სურვილი აქვს. მათ ინტერესი Desktop Metal-ის მიმართ გამოთქვეს.
Lucid Group
გუშინ, პოზიტიური სიახლის შემდეგ, ძვირადღირებული ელექტრომობილების მწარმოებელი სტარტაპის — Lucid Group-ის აქციების ფასი თითქმის 10%-ით გაიზარდა.
ზრდა მას შემდეგ დაფიქსირდა, რაც ცნობილი გახდა, რომ საუდის არაბეთის საჯარო საინვესტიციო ფონდმა, რომელიც ცნობილია როგორც Ayar Third Investment Company, იყიდა Lucid-ის 265,693,703 აქცია კერძო განთავსებით (კერძო განთავსება არის აქციების ან ობლიგაციების გაყიდვა წინასწარ შერჩეულ ინვესტორებსა და ინსტიტუტებზე, საჯაროდ, ღია ბაზარზე გაყიდვის ნაცვლად). მთლიანი შესყიდვის ფასი დაახლოებით $1.8 მილიარდს შეადგენს — საშუალოდ $6.77-ს თითო აქციაზე, ან დაახლოებით $1-ით მეტს ვიდრე დღეს Lucid-ის თითო აქცია ღირს.
ამ ტრანზაქციის შედეგად, რომელიც 22 ივნისს განხორციელდა, Ayar Third Investment Company ახლა Lucid Group-ის აქციების დაახლოებით 65%-ს ფლობს. უკანასკნელ შესყიდვამდე ეს მაჩვენებელი 60%-ს შეადგენდა.