ზუსტად რამდენი ადამიანი განიცდის ფინანსებთან დაკავშირებულ სტრესს? პასუხი დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი გამოკითხვის შედეგებს ეცნობით და ზუსტად როგორ აყალიბებენ გამოკითხვის შემდგენები კითხვებს. თუმცა ერთი რამ უდავოა — რიცხვი მაღალია. რა თქმა უნდა, ამ შფოთვის უამრავი სტრუქტურული მიზეზი არსებობს. თუმცა ორი „ქცევითი სიმდიდრის სპეციალისტის“ — ვენდელ კლარკისა და კოენ ტეილორის აზრით, პრობლემის ნაწილი გამოწვეულია იმით, თუ როგორ განსაზღვრავს საზოგადოების უმეტესი ნაწილი ტერმინს — „სიმდიდრე“.
სიმდიდრე გაცილებით მეტია, ვიდრე თქვენი საბანკო ბალანსი
ჰკითხეთ ბევრ ადამიანს, რას ნიშნავს იყო მდიდარი და მათი დიდი ნაწილი ციფრების შესახებ დაიწყებს საუბარს. ზუსტი მაჩვენებელი შეიძლება დამოკიდებული იყოს იმაზე, თუ სად ცხოვრობთ, ცხოვრების რომელ ეტაპზე ხართ და ვის ადარებთ საკუთარ თავს, მაგრამ ბევრი ადამიანისთვის პირველი იმპულსს სიმდიდრის საკითხის ფულის კონკრეტული ოდენობით განსაზღვრა წარმოადგენს.
ეს გარკვეულწილად მართალიც არის. თუ ქირის გადასახდელად, შვილების სარჩენად და დროდადრო გასართობად საკმარისი შემოსავალი არ გაქვთ, მდიდარი ნამდვილად არ ხართ. არავინ ამბობს, რომ ფულს დიდი მნიშვნელობა არ აქვს. თუმცა კლარკი და ტეილორი ამტკიცებენ, რომ ეს საკითხი უფრო ღრმაა და მეტ ცვლადს მოიცავს. ისინი სიმდიდრის 6 ტიპს გამოყოფენ:
- დრო: მაქსიმალურად იყენებთ დროს?
- ტალანტები: რა გამოგდით კარგად? როგორ შეგიძლიათ ეს ნიჭი ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად გამოიყენოთ?
- სანაცნობო წრე: ატარებთ დროს ადამიანებთან? აკეთებთ საკმარისს იმისთვის, რომ მხარდაჭერის სისტემა ჩამოაყალიბოთ?
- სიბრძნე: რა წინაღობების გადალახვა შეძელით წარსულში? რა ისწავლეთ ამ გამოცდილებიდან?
- სხეული და გონება: საკმარისად ისვენებთ? სვამთ საკმარის წყალს? ვარჯიშობთ? მიირთმევთ თუ არა საკვებს, რომელიც საღად აზროვნებაში გეხმარებათ?
- ფული: გაქვთ საკმარისი ფინანსური რესურსი იმის მისაღებად, რაც გსურთ?
ამ ექვსი ტიპის სიმდიდრის გააზრება დაგეხმარებათ, ფინანსებთან დაკავშირებული შფოთვა გააკონტროლოთ, რადგან აღმოაჩენთ, რომ იმაზე მეტი რესურსი გაგაჩნიათ, ვიდრე აქამდე წარმოგედგინათ. თუმცა ნამდვილი სიმდიდრის კომპონენტების გაანალიზება ბევრად უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე მხოლოდ ფინანსებით გამოწვეული სტრესის წინააღმდეგ საბრძოლველ საშუალებას.
იმისთვის, რომ მდიდარი გახდეთ, ტერმინი „სიმდიდრე“ უნდა განსაზღვროთ
სანამ რაიმე ფინანსურ გადაწყვეტილებას მიიღებდეთ, უნდა გადაწყვიტოთ, თუ რას ნიშნავს თქვენთვის სიტყვა „სიმდიდრე“. ამით მიზნამდე მისასვლელი გეგმის ჩამოყალიბებას შეძლებთ ნაცვლად იმისა, რომ საბოლოო წერტილი მუდმივად წინ წაწიოთ და მისი უსასრულო დევნის პროცესში დაიტანჯოთ.
ნამდვილად მდიდარი ხართ თუ ყოველწლიურად წინასწარ განსაზღვრულ თანხას ზოგავთ, ცხოვრებით სიამოვნებისთვის კი დრო არ გრჩებათ? მდიდარი ხართ თუ სოლიდურ ხელფასს იღებთ, მაგრამ გრძნობთ, რომ ნიჭს ფლანგავთ? გაგაჩნიათ თუ არა ღირებული აქტივები, როგორებიც არის ფართო სანაცნობო წრე ან სირთულეების გადალახვის შედეგად მიღებული ცხოვრებისეული გაკვეთილები, რომლებსაც ვერ აფასებთ, როდესაც გონებაში საკუთარ სიმდიდრეს აფასებთ?
თუ ნამდვილი სიმდიდრის თითოეულ შემადგენელ ნაწილზე არ კონცენტრირდებით, მდიდარი ვერასოდეს გახდებით.