რა მოხდა?
გუშინ დანიის ფარმაცევტული გიგანტის — Novo Nordisk-ის აქციების ფასი 4%-ზე მეტით შემცირდა. მედიკამენტების მწარმოებელი კომპანიის აქციების ღირებულება ეცემა Pfizer-ის დიაბეტისა და წონაში კლების პრეპარატის — danuglipron-ის შუა სტადიის ძლიერი მონაცემების საპასუხოდ, რომელიც ორშაბათს სამედიცინო ჟურნალში — JAMA Network-ში გამოქვეყნდა.
და რა?
გასული ორი წლის განმავლობაში Novo-ს აქციების ფასი გაორმაგდა კომპანიის მედიკამენტის — semaglutide-ის წყალობით. ეს პრეპარატი მეორე ტიპის დიაბეტის სამკურნალოდ და წონაში კლებისთვის გამოიყენება. შეერთებულ შტატებში semaglutide იყიდება შემდეგი დასახელებებით: Ozempic (ინექციური ვერსია) ან Rybelsus (აბი ფორმა) დიაბეტის სამკურნალოდ და Wegovy (ინექციური თერაპია) წონაში დასაკლებად.
უოლ სტრიტის ანალიტიკოსები ადრე ფიქრობდნენ, რომ 2031 წლისთვის semaglutide-ს შეეძლო კომპანიისთვის $47 მილიარდის მოცულობის წლიური გაყიდვები მოეტანა მიუხედავად Eli Lilly-ის Mounjaro-ს (ასევე მეორე ტიპის დიაბეტის სამკურნალოდ და წონაში კლებისთვის გამოიყენება) ძლიერი კონკურენციისა. ახლა კი, იმის ფონზე, რომ Pfizer კიდევ ერთ დიდ კონკურენტს ავითარებს, შესაძლოა, Novo-ს წამყვანმა მედიკამენტმა გაყიდვების უზარმაზარი პროგნოზები ვერ გაამართლოს.
ახლა რა?
საკმაოდ ნათელია, რომ ინვესტორები semaglutide-ის გაყიდვების ზრდის შესანიშნავ პერსპექტივებს ეყრდნობოდნენ. ახლა კი საინტერესოა, როგორ შეცვლის Pfizer-თან დაკავშირებული სიახლე მდგომარეობას და გამოჩნდებიან თუ არა ჰორიზონტზე სხვა ახალი კონკურენტებიც.