რა მოხდა?
გასული კვირის განმავლობაში Triumph Group-მა მართლაც ტრიუმფალური წარმადობა დააფიქსირა. S&P Global Market Intelligence-ის მონაცემების მიხედვით, ბოლო ხუთი სავაჭრო დღის განმავლობაში, Triumph-ის აქციების ფასი თითქმის 18%-ით გაიზარდა. ეს იყო ბევრად უკეთესი შედეგი, ვიდრე S&P 500 ინდექსის 2%-ზე ნაკლები ზრდა დროის იმავე მონაკვეთში.
და რა?
Triumph-მა გასულ ოთხშაბათს კვარტალური ანგარიში წარადგინა. ფისკალური 2023 წლის მეოთხე კვარტალში კომპანიის გაყიდვები წლიდან წლამდე 14%-ით გაიზარდა და $393 მილიონს გადააჭარბა. კორექტირებულმა წმინდა მოგებამ $34.5 მილიონი შეადგინა, ანუ კორექტირებული EPS (მოგება თითო აქციაზე) $0.39-ს გაუტოლდა.
ორივე მაჩვენებელი ბევრად აღემატებოდა ანალიტიკოსების პროგნოზებს, რომლებიც, შესაბამისად, $346 მილიონსა და $0.14-ს შეადგენდა.
Triumph არის საინჟინრო კომპანია, რომელიც კონცენტრირებულია ორ სეგმენტზე — სამხედრო და კომერციულ აერონავტიკაზე. მეოთხე კვარტალში ის განსაკუთრებით წარმატებული იყო კომერციულ ბაზარზე, სადაც გაყიდვები თითქმის $96 მილიონამდე გაიზარდა. გასული წლის იმავე კვარტალში ეს მაჩვენებელი $66 მილიონზე ნაკლები იყო.
ასევე იმედისმომცემი იყო მომავლის პროგნოზები. Triumph-ის მენეჯმენტი მიიჩნევს, რომ ფისკალურ 2024 წელს წმინდა გაყიდვები $1.39-$1.43 მილიარდს მიაღწევს, რაც, 2023 წელთან შედარებით, მინიმუმ 7%-იანი ზრდა იქნება. ამ მხრივ ანალიტიკოსების პროგნოზი კი $1.33 მილიარდს შეადგენს.
ახლა რა?
ეს მაჩვენებლები საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ TD Cowen-ის ანალიტიკოსს Triumph-ის აქციების შეფასება გაეუმჯობესებინა. კაი ვონ რუმორმა საინჟინრო კომპანიის აქციების სამიზნე ფასი 20%-ით — $10-დან $12-მდე გაზარდა, თუმცა მას ნეიტრალური რეიტინგი ყიდვის რეკომენდაციით არ შეუცვლია.